დღეს, 28 თებერვალს, იუსტიციის წინ გამართული აქციის დროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც განმარტა, რომ თამაზ ახობაძეს ტოლფას თანამდებობაზე აღადგენენ. ახობაძემ ეს განცხადება ჟურნალისტებისა და მხარდამჭერების წინ წაიკითხა.
ახობაძის თქმით, ის ფეისბუკ ე.წ. პოსტს არ ენდობა და სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებამდე ცენტრის ბრძანებას დაელოდება. თუმცა, ამავდროულად, დასძენს, რომ მართალია ეს განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო, ის სავსეა “არასწორი ინტერპრეტაციებით, რომლითაც ჩემზე უარყოფითი დამოკიდებულების შექმნის მცდელობა ჩანს”.
ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “თამაზ ახობაძე ჯიუტად ითხოვს მ.ბ-ს გათავისუფლებას განრიდება/მედიაციის მენეჯერის თანამდებობიდან”. ახობაძე ამბობს, რომ ეს სიცრუეა.
“ახლა ცოტათი მიჭირს ამ ყველაფრის ბოლომდე გააზრება და საუბარი, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ განცხადებაში ბევრი არასწორი და ცრუ ინფორმაციაა. ასე მაგალითად, თითქოს მე ვითხოვ ვინმეს გათავისუფლებას, თითქოს კონფლიქტური ვარ და ა.შ. ეს არასწორია, მსგავსი რამ არასდროს მითქვამს,” – ამბობს ახობაძე ნეტგაზეთთან.
რაც შეეხება დამატებით თანხას, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, ახობაძე ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ამაში ცენტრი კომპენსაციას გულისხმობს, რომელიც თანამდებობაზე არაღდგენის შემთხვევაში მოითხოვა. მისივე თქმით, ეს მოთხოვნაც ნეგატიურადაა ინტერპრეტირებული.
თამაზ ახობაძე ორი დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს წინ შიმშილობდა. სწორედ აქ გაიგო, რომ მის მიერ მოგებული თითქმის 5-წლიანი დავის შემდეგ ცენტრი აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას აღადგენს ტოლფას თანამდებობაზე, განაცდურის ანაზღაურებასთან ერთად.
დანაშაულის პრევენციის ცენტრის განცხადება შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ახობაძისა და სუბელიანის საქმე მოკლედ
ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს დაითხოვეს. მათ სასამართლოში დავა დაიწყეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მომჩივანთა მიმართ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მხოლოდ 4-თვიანი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. 2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა (დაახლოებით, 46 თვე).
იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.
როგორც მოსარჩლე მხარე განმარტავს, დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.
მათივე განცხადებით, ცენტრი ერთ შემთხვევაში იმ დასაბუთებით ამბობდა უარს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომ 2017 წელს სხვა პირი დაასაქმა შესაბამის პოზიციაზე, რომლის გათავისუფლებაც არ ხდებოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითებდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობდა აღსადგენი პოზიცია. თუმცა, საიას განცხადებით, ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ცენტრს არ წარუდგენია სასამართლოში საქმის განხილვისას.
“საია მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ამ დრომდე აღუსრულებლობა არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანანო, როგორც იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (მათ შორის თანხის განწილვადების ნაწილში), ასევე – შესაბამის პოზიციაზე/ტოლფას პოზიციაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული ქმედებით იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ სასამართლოსადმი მიმართვა არაეფექტური გზაა დარღვეული უფლებების აღსადგენად. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობა კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ზიანს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს ცენტრის მიერ მათ აღდგენამდე პერიოდისთვის,”- განაცხადა ბრიფინგზე საიამ.
4 აპრილს, თამაზ ახობაძის თქმით, სააპელაციო სასამართლომ მათი თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის მიღების გადაწყვეტილება ბათილად ცნო. თამაზ ახობაძის თქმით, სასამართლომ დააკმაყოფილა მორის ბარამიას შუამდგომლობა და დაადგინა, რომ ბარამია სასამართლო პროცესში უნდა იყოს ჩართული. მორის ბარამია სწორედ ის ადამიანია, რომელმაც დანაშაულის პრევენციის ცენტრში თამახ ახობაძის გათავისუფლების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა.
სარჩელის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება ახობაძემ უზენაესში გაასაჩივრა. როგორც ახობაძემ ნეტგაზეთს უთხრა, 23 ივლისის გადაყწვეტილებით, სასამართლომ თქვა, რომ მესამე მხარის ჩართულობა “არაფერ შუაშია და არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს,”.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევდა, რომ ახობაძე–სუბელიანის გათავისუფლება იყო კანონიერი და მომჩივნებს პოლიტიკურად ანგაჟირებულობაში ადანაშაულებდა.