ახალი ამბები

ახობაძე სამსახურიდან მიდის, მან შესაძლოა წულუკიანს უჩივლოს

25 მარტი, 2019 • 2420
ახობაძე სამსახურიდან მიდის, მან შესაძლოა წულუკიანს უჩივლოს

თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრს ტოვებს და შესაძლოა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს სასამართლოში ღირსების შელახვის ბრალდებით უჩივლოს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ახობაძე ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.

თამაზ ახობაძე, რომელიც  5-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, პირველ მარტს დანაშაულის პრევენციის ცენტრში აღადგინეს, ამბობს, რომ მისთვის ცენტრში მუშაობა არაკომფორტული იქნებოდა წულუკიანისა და ცენტრის განცხადებების გამო. ახობაძე დასძენს, რომ თუნდაც მისი აღდგენის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ცენტრი მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას.

“ბუნებრივია, ისიც გათვალისწინებული მქონდა, რომ ამ სამსახურში ჩემი მუშაობა არ იქნებოდა ჩემთვის კომფორტული. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ თეა წულუკიანის განცხადებებსა და საერთო გარემოს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრში. მარტივი მაგალითი: სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა, სამსახურში აღდგენის დღეს, ჩემი უშუალო უფროსის საშუალებით შემომითვალა, რომ “ამ ეტაპზე” არ მქონოდა უშუალო შეხება ბენეფიციარებთან (ახალგაზრდებთან). არადა, ჩემი თანამდებობა, ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი, სწორედ მათთან მუშაობას გულისხმობდა.

ამ დავის დაწყების დღიდან, ჩემი მიზანი იყო სამართლიანობის აღდგენა იმისათვის, რომ ჩემი ბრძოლა სამაგალითო იყოს სხვა საჯარო მოხელეებისთვის, იმისათვის, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს მოექცეს საჯარო მოხელეს ისე, როგორც მე მომექცა იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი”, – წერს ახობაძე.

ახობაძე ამბობს, რომ 14 მარტს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის შემსრულებელს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა და ხუთშაბათიდან ის აღარ არის ცენტრის თანამშრომელი.

რაც შეეხება თეა წულუკიანს, ახობაძე თეა წულუკიანის მიერ პარტლამენტში 20 მარტს გახმიანებულ განცხადებას ეხმაურება. წულუკიანმა მაშინ თქვა, რომ “ეს ადამიანი [ახობაძე] იძახდა, აღდგენა არ მინდა, განაცდურზე ერთი თეთრი მაინც დამიმატეთო და რეალურად, ვაჭრობდა თანხაზე,”

“ქალბატონმა თეა წულუკიანმა 20 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია (თითქოს მე ფულზე ვვაჭრობდი – ვიძახდი აღდგენა არ მინდა, განაცდურზე ერთი თეთრი მაინც დამიმატეთო და თითქოს მე ვარ ვინმეს პარტიული აქტივი). მე, თამაზ ახობაძე, ვიწყებ იურისტებთან კონსულტაციების გავლას, რის შემდეგაც არ გამოვრიცხავ, მოვამზადო სარჩელი ქალბატონ თეა წულუკიანის წინააღმდეგ ჩემს შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ჩემი პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის გამო”,- წერს ახობაძე.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=861029607571580&id=100009936469648

თამახ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრში (საიდანაც ის ანა სუბელიანთან ერთად გაათავისუფლეს) აღდგენას 2014 წლიდან ითხოვდა. მან დავა წამოიწყო იუსტიციის სამინისტროსთან და ორჯერ სამივე ინსტანციაში მოუგო. თუმცა თანამდებობაზე 2019 28 თებერვლამდე არ აღადგინეს.

ახობაძე თანამდებობაზე მას შემდეგ აღადგინეს, რაც იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო, შიმშილობამდე კი მინისტრის მოადგილეს შეხვდა, თუმცა შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ საუბარმა შედეგი ვერ გამოიღო.

სუბელიანისა და ახობაძის საქმე მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი