ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა დაინიშნა – თამაზ ახობაძე

27 თებერვალი, 2019 •
იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა დაინიშნა – თამაზ ახობაძე

თამაზ ახობაძის თქმით, დღეს, 27 თებერვალს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, მიხეილ სარჯველაძეს შეხვდება.

ახობაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა არ შედგება, ან მისი მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურებისა და თანამდებობის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდება, სავარაუდოდ, პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართავს.

“მე ვესაუბრე მინისტრის მოადგილის თანაშემწეს, რომელმაც მითხრა, რომ ახლა სარჯველაძე იმყოფება კახეთში, საიდანაც 7 საათზე ჩამოვა და ის აპირებს, რომ შემხვდეს. ამ ეტაპზე ეს ჩემთვის ძალიან მისაღები წინადადებაა. მე ველოდები 7 საათზე შეხვედრას და ამის შემდეგ მეცოდინება, თუ რას ვაპირებ მომავალში. მე ველოდები კონკრეტულ წინადადებას, თუ რას აპირებენ და როგორ მოიქცევიან ჩემი საკითხის მიმართ. თუ არ შემხვდა ან ჩემთვის მისაღები არ იქნა მათი შემოთავაზება, გავაგრძელებ აქციებს იუსტიციის სამინისტროს წინ, მათ შორის შეიძლება მივმართო შიმშილობასაც”, – ამბობს თამაზ ახობაძე.

მისივე თქმით,  7 საათამდე სარჯველაძეს სამინისტროსთან დაელოდება, სადაც მასთან ერთად მისი მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.

თამაზ ახობაძის და მისი მხარდამჭერების აქცია იუსტიციის სამინისტროსთან © ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

თამაზ ახობაძე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 4 წლის წინ ანა სუბელიანთან ერთად გაათავისუფლეს, ელოდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

თამაზ ახობაძის თქმით, განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა სასამართლოს სამივე ინსტანციაში ორჯერ მოიგო.

“მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ეს საქმე არის თაროზე შემოდებული. სსიპ-ი არც აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას და არც ოფიციალურად, წერილობით უარს ამბობს აღსრულებაზე, რომ მე კიდევ სადმე განვაგრძო დავა.

არგუმენტად მოაქვთ, რომ არაერთხელ შემომთავაზეს მორიგება, რაც სიმართლეა. თუმცა, მორიგების დროს, მაშინ როცა მე ვარ გამარჯვებული, მთავაზოვბენ მხოლოდ მათთვის მისაღებ პირობას – ავიღო განაცდურის თანხა და უარი ვთქვა აღდგენაზე. მორიგებაზე წასვლა ამ შემთხვევაში, მაშინ როცა ორჯერ მაქვს მოგებული აღდგენაც და განაცდურიც, არის ჩემი კეთილი ნება და არა ვალდებულება. მე მაქვს მორიგებისთვის ჩემი შეთავაზებები, თუ ვერ აღმადგენენ იმ კონკრეტულ პოზიციაზე:

  • მომცენ განაცდური და აღმადგინონ სხვა პოზიციაზე;
  • ან მომცენ განაცდური და გადამიხადონ ვერ აღდგენის კომპენსაცია;
  • ან მომცენ განაცდური და მომიხადონ ბოდიში ჩემი უფლებების დარღვევის გამო.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩემი სამსახურიდან გაშვება უკანონო რომ იყო, ამას ვეღარ აპროტესტებს იუსტიციის სამინისტრო. ეს ფაქტი არის უდავო”, – აცხადებს თამაზ ახობაძე. მან განცხადება თავისი მოთხოვნის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზე დღეს, 25 თებერვალს გამოაქვეყნა.

“სამწუხაროდ, ეს საქმე არ არის იმდენად აქტუალური და, როგორც ჩანს, არც იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გამოიწვიოს. არადა, საქმე ეხება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არ-აღსრულებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს არაფერი, ნული” , – აცხადებს თამაზ ახობაძე.

ის პარლამენტარებს მიმართავს, იუსტიციის სამინისტროსგან მოითხოვონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე, მეტ ყურადღებას ითხოვს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ისე ოპოზიციისგან და მედიისგან.

რაც შეეხება სახალხო დამცველს, ახობაძე მას მოუწოდებს, სრულად შეისწავლოს ეს საკითხი და დაიცვას მისი უფლებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი