ახალი ამბები

“თბილავიამშენის” თანამშრომლები ხელფასების ზრდის მოთხოვნით გაფიცვას იწყებენ

26 თებერვალი, 2019 •
“თბილავიამშენის” თანამშრომლები ხელფასების ზრდის მოთხოვნით გაფიცვას იწყებენ

27 თებერვალს, დილის 9 საათიდან, სააქციო საზოგადოება “თავ თბილავიამშენის” თანამშრომლები გაფიცვას იწყებენ ხელფასების მომატების მოთხოვნით.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთაინების (GTUC) თანახმად, 21-დღიანი სამედიაციო პროცესის მიუხედავად, თანამშრომლებმა დამსაქმებელთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, “სხვა გზა აღარ დარჩათ და პროტესტის მძიმე ფორმას მიმართავენ”.

როგორც ნეტგაზეთს პროფკავშირული გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანიამ უთხრა, დასაქმებულები ხელფასების მომატებას ითხოვენ.

ალანიას თანახმად, ახლა მათ დაახლოებით, 500, 600 და 800 ლარი აქვთ ხელფასი, თუმცა დიდ სამუშაოს ეწევიან და ხელფასების მომატებას ითხოვენ.

მისივე ინფორმაციით, მენეჯმენტმა დასაქმებულებს შესთავაზა ანგარიშსწორების ისეთი ვარიანტი, რომელიც კონკრეტული პროექტების შესრულების შემდეგ მოგების 2%-ის პრემიას ითვალისწინებდა, თუმცა დასაქმებულებმა დაიწუნეს ეს ვარიანტი არასტაბილურობის გამო. “მათ ურჩევნიათ [მოჭრილი] ხელფასები ჰქონდეთ”, ამბობს ალანია.

მისი თქმით, კომპანიაში დაახლოებით 120-მდე ადამიანია დასაქმებული და მათგან დაახლოებით 80-მდე იბრძოდა ბოლო სამი კვირის განმავლობაში.

კომპანია სს “თავ თბილავიამშენი”, რომელიც თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარეობს, თვითმფრინავებს აწყობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი