ახალი ამბები

მდინარაძე: თუ კაკულია ტყვეობაში იყო, ამაში ევროპული საქართველოს ლიდერები მონაწილეობდნენ

26 თებერვალი, 2019 • 1151
მდინარაძე: თუ კაკულია ტყვეობაში იყო, ამაში ევროპული საქართველოს ლიდერები მონაწილეობდნენ

მმართველი გუნდის წევრი, მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმცირესობას პოპულიზმში და ანტისახელმწიფოებრივ მიდგომაში ადანაშაულებს. მდინარაძე მიზანშეწონილად თვლიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოთხოვნაზე დათანხმებას, დახურულიყო კომიტეტის სხდომა, სადაც თიბისი ბანკის საკითხს განიხილავდნენ.

მამუკა მდინარაძე ოპონენტების ბრალდებას პასუხობს კომიტეტის თავმჯდომარის “პოლიტიკურ ტყვეობაში აყვანასთან” დაკავშირებით, რადგან სწორედ რომან კაკულიამ დახურა სხდომა.

“რომან კაკულია თუ იყო პოლიტიკურ ტყვეობაში, გამოდის, რომ ამაში მონაწილეობას იღებდნენ ევროპული საქართველოს ლიდერები: დავით ბაქრაძე, სერგი კაპანაძე და გიგა ბოკერია, რადგნა ერთი წამით არ მოგვშორებიან ეს ადამიანები. ამ ერთად ყოფნის და კამათის შემდეგ იგივე [რომან კაულიას ტყვეობაზე] განცხადების გაკეთება რამდენად პოპულისტურია, თქვენ განსაჯეთ.

მე ვიცი ერთი მთავარი რამ – როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოდის და გეუბნება მრავალ მყარ არგუმენტს, რომ ამ თემაზე ასე საჯაროდ მხარეების მონაწილეობით გამართული დისკუსია და მოსმენა დააზაიანებს საფინანსო ინსტუტიტებს, შენ კი მაინც ეუბნები, ეს არ გაინტერესებს და საკუთარი პოლიტიკურ/ვიწროპარტიულ მიზნებს აყენებ წინ, ეს არის აინტისახელმწიფოებრივი ლოგიკა და აზროვნება. ამიტომ, რაც არ უნდა დამაზიანებელი მესიჯები გამოუშვან და სლოგანები შექმნან კომიტეტის მიმდინარეობისას, უნდა ვიფიქროთ, პირველ რიგში, რამდენად მყარია ეს არგუმენტები და რამდენად დაზიანდება მართლაც საფინანსო ინსტიტუტები. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ ამ ყველაფერს.

აქ ობიექტი არ არის მხოლოდ ბანკი და ამ ბანკის 19 თუ 15-პროცენტიანი მოწილე [გულისხმობს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც თიბისი ბანკის დამფუძნებელია]. ბანკში არიან სხვა აქციონერები, რომლებიც წინა დღეებში დაეთანხმნენ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, კომიტეტის სხდომაზე საუბარი არ იყო მხოლოდ ერთ ფინანსურ სუბიექტზე, არამედ საუბარი იყო ფინანსურ სისტემაზე მთლიანად:

“აქედან გამომდინარე, ის არგუმენტი, რომ ერთი კონკრეტული ფინანსური სუბიექტის ერთი კონკრეტული მეწილე ეთანხმება ან არ ეთანხმება რაიმე მოსაზრებას, ვერ იქნება კომიტეტის და პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი.”

მამუკა მდინარაძის თქმით, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ორკესტრირებულ შეტევასთან დაკავშირებით სჭირდება შეფასება იმ ფორმატში, რომელიც არ დააზიანებს საერთო და ფინანსური ინსტიტუტების ინტერესებს.

“ბატონმა რომანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ შესაბამის რეალობასთან ადეკვატურ და არა პოპულისტურ ფორმატში განვიხილოთ ეს საკითხი. ასევე, იმ ფორმატში, რომელიც დააანონსა საფინანსო/საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ირკალი კოვზანაძემ. მან მიიწვია ბატონი მამუკა და ბატონი ბადრი კომიტეტზე; მათ შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე ისაუბრონ ამ კომიტეტზე, გასცენ კითხვებს პასუხები ან დასვან კითხვები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ჩვენი ოპონენტების დანარჩენი არგუმენტები იქნება დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმზე. რაც შეეხება ბატონ მამუკას, მის მზაობას კომიტეტების ფორმატში მონაწილეობის მიღებაზე და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. სხვა განცხადებები ვერ იქნება კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების საბაბი”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მდინარაძე ასევე საუბრობს გამოძიების ინტერესებზე და აცხადებს, რომ შეფასებებს თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით არსებულ ეჭვებზე მას შემდეგ გააკეთებს, რაც გამოძიების შედეგებს მიიღებს.

დღეს, 26 თებერვალს, ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ შეწყვიტა სხდომა, რომელზეც თიბისის ბანკის საკითხს განიხილავდნენ. მიზეზად მან ბანკისთვის “საფრთხის შემცველი ინფორმაციის” გავრცელება დაასახელა. კაკულიას თქმით, ეს გადაწყვეტილება გუნდთან თათბირის შედეგად მიიღო.

რომან კაკულიას თქმით, კომიტეტზე სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემოდათ თიბისის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ასევე, ოპოზიცია პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდა, ხოლო კითხვა-პასუხი ეროვნული ბანკის თავმჯდომარესთან აღარ შედგებოდა. საბოლოო ჯამში, კომიტეტის სხდომა ისე დასრულდა, რომ თიბისის დამფუძნებლებმა სიტყვით გამოსვლა ვერ მოახერხეს.

თიბისი ბანკის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე არ იზიარებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ თიბისი ბანკთან დაკავშირბული საკითხების საპარლამენტო ფორმატში განხილვა ზიანის მომტანია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ხაზარაძის თქმით, თიბისის საქმე საქართველოს იმიჯს აზიანებს.

კატეგორიულად არ ვეთანხმები გვენეტაძეს, რომ საჯარო განხილვა დამაზიანებელი იქნებოდა – ხაზარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი