საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველო” თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო მოწვევას მოითხოვს.
ამ მოთხოვნით ფრაქციამ წერილი უკვე გაუგზავნა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეს. პარტიის თანახმად, სავალდებულო მოწვევის უფლებას მათ პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი აძლევთ.
“ჩვენი ინტერესის საგანია თიბისი ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება”, – წერს “ევროპული საქართველო”. საუბარია ეროვნული ბანკის მოთხოვნაზე, თიბისის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გადაეყენებინათ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, თიბისის ბანკის დამფუძნებლებთან ერთად, 26 თებერვალს იმყოფებოდა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, თუმცა კომიტეტმა სხდომა შეწყვიტა.
ამ კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა, რომ თიბისი ბანკის საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ღიად საუბარი საფრთხის შემცვლელი იქნებოდა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მიიღო კომიტეტმა სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება.
კომიტეტის შეწყვეტის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ მისი კომიტეტი მზადაა, თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს მოუსმინოს. თუმცა, როგორც კოვზანაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ ფორმატში გაიმართება ეს შეხვედრა და იქნება თუ არა ის საჯარო.
14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა 2007-08 წლებში განხორციელებული ტრანზაქციის საფუძველზე. ამ ტრანზაქციას სადავოდ მიიჩნევს მთავარი პროკურატურა, თუმცა ბანკი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს; ბანკის თანახმად, ეს ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.
ეროვნული ბანკის პასუხად ხაზარაძემ თავდაპირველად განაცხადა, რომ არ აპირებდა სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებას, თუმცა საბოლოოდ, ეროვნული ბანკის მოთხოვნიდან ერთ კვირაში, 21 თებერვალს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რომლებიც ბანკის უმაღლეს მენეჯმენტს წარმოადგენდნენ, განაცხადეს, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებენ, თიბისი კი სამართლებრივ დავას წყვეტს.








