ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა: თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი კანონდარღვევით ინიშნება

19 აგვისტო, 2014 • • 1384
ნაციონალური მოძრაობა: თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი კანონდარღვევით ინიშნება

ამის შესახებ საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობა” სპეციალურ განცახდებას ავრცელებს: 

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად. ამავე კანონის მე-111 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგინილია, რომ ,,ამ კანონის 29-ე– 32-ე მუხლების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.“


კონკურსი წარმოადგენს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის შერჩევის პროცედურას. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 79-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.


ნათელია, რომ სსიპ ,,თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ უფროსის კანდიდატურა თბილისის მთავრობას უნდა შეერჩია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #412 დადგენილების შესაბამისად. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ასევე პირდაპირ დადგენილია, რომ კონკურსის მიზნებისთვის, ვაკანტური თანამდებობა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო და რელიგიური საქმიანობისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) შტატით გათვალისწინებული თანამდებობები.


თბილისის მთავრობისა და საკრებულოს ,,ქართული ოცნების“ უმრავლესობის არგუმენტი, როდესაც მათ ,,აღმოაჩინეს“, რომ კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის კანდიდატურა უნდა შეერჩიათ კონკურსით წესით, იყო თითქოს მხოლოდ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ არეგულირებს ამ პროცესს სრულად და თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიმართ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება. აღნიშნული ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და მისი მხოლოდ საკუთარ ზრახვებზე მორგების მცდელობაა.


კერძოდ, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამდებობაზე დანიშვნის პროცესს და საერთოდ არაფერს ამბობს დასანიშნი კანდიდატურის შერჩევის პროცედურაზე, რაც პირდაპირ მოწესრიგებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.


შესაბამისად, არანაირი წინააღმდეგობა, კოლიზია ამ ორ კანონს შორის არ არსებობს და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელად უნდა დაინიშნოს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.

 

ცალსახაა, რომ არსებული კანონების განუხრელი დაცვის ლოზუნგით ხელისუფლებაში მოსული ,,ქართული ოცნება“ არც კი ცდილობს დაიცვას ელემენტარული წესები და თანამდებობაზე კანონზე ძალადობით ცდილობს განამწესოს ისეთი მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელი, როგორიც ,,თბილისის არქიტექტურის სამსახურია“.


თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ნინო ღოღობერიძე წარადგინა.

თბილისის მერია
თბილისის მერია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი