ახალი ამბები

ბახტაძე ამბობს, რომ თიბისის საქმეზე ხაზარაძისგან “ოფიციალური წერილი” არ მიუღია

26 თებერვალი, 2019 •
ბახტაძე ამბობს, რომ თიბისის საქმეზე ხაზარაძისგან “ოფიციალური წერილი” არ მიუღია

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ არ მიუღია “ოფიციალური წერილი” თიბისი ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძისგან თიბისის საქმეზე და სიცრუეა, რომ მას არ უპასუხია

როდესაც ხაზარაძემ თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება გამოაცხადა, დაწერა: “არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა”.

ბახტაძემ 26 თებერვალს მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად თქვა: “მე ასეთი ოფიციალური წერილი ნამდვილად არ მიმიღია. რაც შეეხება იმას, ვთქვათ, ჩვენ და, ამ შემთხვევაში, მე არ გამოვეხმაურე, ესეც არ შეესაბამება რეალობას. მინდა გითხრათ, რომ მე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან, რომლის წევრის გახლავთ ბანკი, მქონდა შეხვედრა მათივე ინიციატივით”.

მანამდე ბახტაძემ თქვა, რომ “თიბისი ბანკი არის ძალიან ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი … ეროვნული ეკონომიკისთვის”.


14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა 2007-08 წლებში განხორციელებული ტრანზაქციის საფუძველზე. ამ ტრანზაქციას სადავოდ მიიჩნევსმთავარი პროკურატურა, თუმცა ბანკი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს; ბანკის თანახმად, ეს ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

ეროვნული ბანკის პასუხად ხაზარაძემ თავდაპირველად განაცხადა, რომ არ აპირებდა სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებას, თუმცა საბოლოოდ, ეროვნული ბანკის მოთხოვნიდან ერთ კვირაში, 21 თებერვალს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რომლებიც ბანკის უმაღლეს მენეჯმენტს წარმოადგენდნენ, განაცხადეს, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებენ, თიბისი კი სამართლებრივ დავას წყვეტს.

მათი გადაწყვეტილება, დატოვონ სამეთვალყურეო საბჭო, სავარაუდოდ, არ აისახება ხაზარაძის მხრიდან ბანკის აქციების ფლობაზე, რადგან ეროვნული ბანკს მისგან აქციების გაყიდვა არ მოუთხოვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი