ახალი ამბები

კობა გვენეტაძე კანონს არღვევს – დავით ბაქრაძე

25 თებერვალი, 2019 • 1410
კობა გვენეტაძე კანონს არღვევს – დავით ბაქრაძე

ეს არის ერთდროულად ძალიან თავხედური და ძალიან შეშინებული პასუხი პარლამენტს და ამ პასუხით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პირდაპირ არღვევს კანონს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უარს ხვალინდელ საკომიტეტო სხდომაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 26 თებერვალს არის ჩანიშნული, კობა გვენეტაძე სწორედ საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით არის დაბარებული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოხსენება უნდა გაეკეთებინა ორ საკითხზე:

  1. ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციების თობაზე;
  2. “თიბისი ბანკთან” დაკავშირებულ პროცესზე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველ საკითხზე განხილვის გადავადება ითხოვა, ხოლო “თიბისი ბანკის” საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით” საზედამხედველო ზომების პარლამენტში განხილვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვს, უზრუნველყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რეგლამენტის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კობა გვენეტაძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.

“ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პირდაპირ გამოხატავს უპატივცემულობას პარლამენტის და ჩვენი საზოგადოების მიმართ, რომელსაც აინტერესებს კითხვებზე პასუხის მიღება, თუ რა ხდება TBC ბანკთან დაკავშირებით და თუ რატომ შემოიღო ეროვნულმა ბანკმა მავნებლური რეგულაციები, რომლებიც ადამიანებს ბინის და ტექნიკის ყიდვას უკრძალავს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას არა აქვს პასუხები ამ კითხვებზე. ჩვენი, როგორც საპარლამენტო უმცირესობის კატეგორიული მოთხოვნაა პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის მიმართ, უზრუნველყონ კანონის დაცვა, რეგლამენტის აღსრულება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსვლა პარლამენტში. თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში არ მობრძანდება და ამით დაარღვევს კანონს, ბუნებრივია, ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა ფორმის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს საპარლამენტო უმცირესობა, მათ შორის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის პასუხისმგებლობის ჩათვლით”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს კომიტეტმა მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ რეგლამენტის დარღვევაზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ გვენეტაძის არგუმენტების მიზანშეწონილობაზე კომიტეტის წევრებმა უნდა იმსჯელონ.

“რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა, მე რომ არ ჩამეტარებინა სხდომა. მე მაინც ჩავატარებ სხდომას. მის მიერ რეგლამენტის დარღვევას ვერ ვუწოდებდი, მან თავისი არგუმენტები უნდა ახსნას. ამ არგუმენტებს ხვალ გავაცნობ კომიტეტის წევრებს. ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდებიან. მათ გარეშე ნუ შამაფასებინებთ [ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას]”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კაკულიამ.

ამავე თემაზე:

ეროვნული ბანკი: მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია პარლამენტში TBC-ზე საუბარი

ეროვნული ბანკი პარლამენტში სესხების ახალი რეგულაციების განხილვის გადავადებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი