ახალი ამბები

ვის და რისთვის გაჰყავს მოდელები საქართველოდან ჩინეთში

19 აგვისტო, 2014 • • 3528
ვის და რისთვის გაჰყავს მოდელები საქართველოდან ჩინეთში

მარიტა (სახელი შეცვლილია) ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტოში მუშაობდა მოდელად, როდესაც მათთან ანსამბლ “მეტეხის” ხელმძღვანელი გელოდი ფოცხიშვილი მივიდა და სააგენტოს მოდელების ჩინეთში დასაქმება შეთავაზა.

 

“გვითხრეს, რომ ეს იყო ექვსთვიანი კონტრაქტი, ჩინეთში ვიმუშავებდით მოდელებად, მივიღებდით მონაწილეობას ჩვენებებში, დეფილეებში. კონტრაქტის მიხედვით, დღეში უნდა გვემუშავა 5 საათის განმავლობაში და თვეში ანაზღაურების სახით მივიღებდით 400 აშშ დოლარს. ასევე, ყოველთვიურად უნდა აენაზღაურებინათ კვების ხარჯი 200 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საცხოვრებელი პირობები – ბინა ან სასტუმრო თავად მათ უნდა დაექირავებინათ ჩვენთვის. ასევე, მათ უნდა უზრუნველეყოთ თავიანთი ხარჯებით ჩვენი ადგილზე ჩასვლა და შემდეგ უკან გამომგზავრება,” – იხსენებს მარიტა.

 

ამის შემდეგ სამოდელო სააგენტოში ქასთინგი ჩატარდა, შეირჩა რამდენიმე მოდელი, რომლებიც ფოტოსტუდიაში წაიყვანეს, გადაუღეს ფოტოები, რომლებიც ჩინეთში გაგზავნეს, რის შემდეგაც, საბოლოოდ, 24 მოდელი გოგონა შეირჩა.

 

“2010 წლის დეკემბერში წავედით ჩინეთში,” – იხსენებს მარიტა, რომელიც იმ დროისთვის არასრულწლოვანი იყო და კანონის მიხედვით, ლეგალურად დასაქმების მიზნით ჩინეთში გამგზავრება არ შეეძლო. თუმცა ეს ხელშემშლელი პირობა არ გამხდარა: მან, ისევე როგორც დანარჩენმა გოგონებმა, ჩინეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებიდან “F” კატეგორიის ვიზა მიიღო, რაც გულისხმობს ჩინეთში გამგზავრებას იმ მიზნებისთვის, როგორიცაა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, ვიზიტები, სასწავლო ტურები ან სხვა მსგავსი აქტივობები.

 

საქართველოში ჩინეთის საელჩოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ლეგალურად დასაქმება  მხოლოდ სამუშაო ვიზის (“Z” კატეგორიის ვიზა) მიღების შემდეგ არის შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 

“როდესაც მოდიან და ითხოვენ სამუშაო ვიზას, იქ არ არის აღნიშნული, რა სახის სამუშაოს შესასრულებლად მიდიან. ეს არის სპეციალური ფორმა, რომელშიც მითითებულია, რომ მიდის სამუშაოდ და მოითხოვს მისთვის სამუშაო კატეგორიის ვიზის გაცემას და რა სახის სამუშაოს შესრულებისთვის მიდის, ეს ჩვენ არ გვეხება. ჩვენ არ ვაკონტროლებთ, იქ მოდელები მიდიან თუ სხვები”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” საქართველოში ჩინეთის საელჩოში.

 

“არის ხოლმე, როდესაც მიდიხარ ჩინეთში, თავიდან ტურისტულ ვიზას გიფორმებენ და მერე, რომ ჩადიხარ ადგილზე, გიგრძელებენ ვადას და მუშაობ ჩვეულებრივად”, – ამბობს გელოდი ფოცხიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში. როგორც იგი განმარტავს, მოდელს, რომელიც ჩინეთში მიჰყავს დასასაქმებლად, კონტრაქტს თვითონ უფორმებს, ხოლო მას, თავის მხრივ, ასეთივე კონტრაქტი ჩინურ კომპანიებთან აქვს გაფორმებული, რომლებსაც არ ასახელებს.

 

“როდესაც ჩინეთში ჩავედით, აღმოჩნდა, რომ უნდა გვემუშავა კლუბში, სადაც შოუები იმართება ხოლმე და მასში უნდა მიგვეღო მონაწილეობა და არა – დიზაინერების ჩვენებში და დეფილეებში,” – იხსენებს მარიტა.

 

“იყო, სხვათა შორის, მაგაზეც ლაპარაკი, რომ კონტრაქტში არ ეწერა კლუბიო, მაგრამ არაფერი ცუდი არ ყოფილა, არც არავის ცუდი რამე არ გაუკეთებია და არაფერი. ძალიან პრესტიჟული კლუბია და სამუშაოც,“ – ამბობს გელოდი ფოცხიშვილი.

 

სოფია უკვე სამი წელია, რაც ჩინეთში ცხოვრობს და მუშაობს:

 

“ვმუშაობთ ღამის კლუბებში, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდება საქართველოში არსებული კლუბებისგან, რადგან ძირითადი აქცენტი კეთდება შოუზე, მომღერლებსა და მოცეკვავეებზე, რომლის შემადგენელი ნაწილიც ვართ ჩვენ, ესაა თემატური დეფილე”.

 

როგორც სოფიამ გვითხრა, მის ჯგუფში 13 გოგონაა, დამსაქმებელ კომპანიას კი დაახლოებით კიდევ 5–6 ასეთი ჯგუფი ჰყავს. მისი თქმით, ძირითადად, მოდელებზე ან შესაბამისი ფიზიკური მონაცემების მქონე გოგონებზე არის მოთხოვნა: “აუცილებელი არაა, იყოს 180 სმ და 90/60/90, რომელიც უემოციო თოჯინასავით იმოძრავებს. თემატური და თეატრალიზებული შოუებია და, შესაბამისად, ტიპაჟებიც ამის მიხედვით ირჩევა”.

 

სოფიას თქმით, კონტრაქტის მინიმალური ხანგრძლივობა 6 თვეა, დღეში კი 5 საათის განმავლობაში მუშაობენ, რისთვისაც ანაზღაურება 700$–დან იწყება და ყოველ 6 თვეში იზრდება. მისივე თქმით, ჩინეთში ჩამსვლელი გოგონების 90% კონტრაქტს აგრძელებს, ან თუ მიდიან საქართველოში, მალევე ბრუნდებიან ჩინეთში.

 

ნათია უკვე 5 წელია ჩინეთშია და, როგორც გვითხრა, თითქმის 100 ქალაქში უმუშავია:

 

“ამ ხნის მანძილზე ისეთი სერიოზული პრობლემა არ მქონია, რომ ვერ მოვაგვარო. ანუ მე თუ რამე არ მომწონს, ვეუბნები უფროსს და ის აგვარებს. კონტრაქტში რაც არ შედის, თუ ასეთ რამეს შემომთავაზებენ და ჩემთვის მიუღებელი იქნება, უბრალოდ მოვითხოვ უკან დაბრუნებას”.

 

სოფია და ნათია Beauty for China-ში მუშაობენ. ეს ორგანიზაცია მოდელ გოგონებს საქართველოდან ჩინეთში დასაქმებას სთავაზობს, თუმცა Beauty for China–ში ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხეს. ქართველ გოგონებს ჩინეთში დასაქმებას სთავაზობს, ასევე, ლიზი კასაშვილი, რომელმაც “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მის კომპანიის ხელმძღვანელს ჩინეთში არ სურს ამ თემებზე მედიასთან საუბარი.

 

გოგონები, რომლებსაც ჩინეთში უმუშავიათ ან მუშაობენ, აცხადებენ, რომ ამ ტიპის დასაქმება, ძირითადად, სამოდელო სააგენტოებიდანაა შესაძლებელი.

 

“1–2 სააგენტოს გამოკლებით, ალბათ, ყველას ჰყავს გამოშვებული ჩინეთში ერთი ჯგუფი მაინც”, – ამბობს სოფია, თუმცა სამოდელო სააგენტოებში ამ ინფორმაციას უარყოფენ.

 

სააგენტო “ნატალიში” “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ჩინეთში მოდელებს  არ გზავნიან: “არ ვართ ორიენტირებული ასეთ დაბალჰონორარიან სამსახურზე, იმიტომ, რომ ორი სააგენტო ქვითავს, ასე გამოდის, ისედაც კაპიკებს სთავაზობენ და არ გვიღირს, რომ გავუშვათ”.

 

მსგავსი პოზიცია აქვს სააგენტო “ფეშენ შარმსაც”. აქ გვითხრეს, რომ ჩინეთიდან შემოთავაზებები აქვთ, მაგრამ მოდელები არ გაუშვიათ: “იყო შემოთავაზება, მაგრამ, სამწუხაროდ, ანაზღაურება იყო ძალიან დაბალი, ამიტომ უარი ვთქვით”.

 

სააგენტო “ლეონში” გვითხრეს, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული მოდელების ჩინეთში გაგზავნით. მათი თქმით, სააგენტოსთვის გოგონების ჩინეთში გაგზავნის წინადადებით არ მიუმართავთ, მაგრამ აქვთ ინფორმაცია, რომ მოდელებს კერძო პირები უკავშირდებიან ხოლმე: “არ ვიცი ზუსტად კონკრეტული შემთხვევები, მაგრამ ის, რომ მასობრივად მიდიან გოგონები ჩინეთში, ეს საკმაოდ ცხადია”, – გვითხრა სააგენტოს წარმომადგენელმა.

 

ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტოში აცხადებენ, რომ მოდელები ჩინეთში სამუშაოდ რამდენიმე წლის წინ გაუშვეს:

 

“გოგოები იყვნენ კმაყოფილები, 6 თვის შემდეგ ჩამოვიდნენ, კონტრაქტი რომ ამოიწურა და იყო აბსოლუტურად ყველა კმაყოფილი,” – თქვეს სააგენტოში. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება კიდევ განმეორდა, მოდელები ჩინეთში აღარ გაუშვიათ, რადგან ეს დიდ პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული.

 

გელოდი ფოცხიშვილის თქმით, გოგონების იმ ჯგუფებში, რომლებიც მას ამ დრომდე გაუყვანია საქართველოდან ჩინეთში დასასქმებლად, იყვნენ “ნატალის”, “ლეონის” და ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტოს მოდელები.

 

“ვთქვათ, შემოთავაზება მაქვს უცხოეთიდან და მე უნდა ვიპოვო მოდელი და წავიყვანო, ამისათვის ვუკავშირდები სამოდელო სააგენტოს და მასაც ვუხდი გასამრჯელოს, აბა, ახლა რატომ გამოგატანს ისე მოდელს?!” – ამბობს გელოდი ფოცხიშვილი, თუმცა კონკრეტულ თანხებს არ ასახელებს, თუ რამდენს იღებენ სააგენტოები ერთი მოდელის ჩინეთში დასაქმებაში. მისივე თქმით, ჩინეთში დასაქმებული მოდელებისგან ისიც იღებს საკომისიოს:

 

“საკომისიოს ვიღებ მოდელიდან, რამეთუ მე ის დავაკავე, ჩემს პროექტში ვაღებინებ მონაწილეობას და მე უნდა ავიღო მოდელიდან გარკვეული პროცენტი თანხის, ვთქვათ, 5% თუ რაღაც, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.”

 

მოდელები, რომლებიც ჩინეთში მუშაობდნენ ან ახლაც მუშაობენ, ამბობენ, რომ რაიმე სერიოზული პრობლემები იქ ყოფნის პერიოდში არ შექმნიათ:

 

“ვცხოვრობდით ერთოთახიან ბინებში 4-4 გოგო, კლუბთან ახლოს მდებარე კორპუსში. ანაზღაურების სახით გვაძლევდნენ ხელზე ფულს – ან აშშ დოლარს ან ჩინურ იუანს, ეს იყო თვეში 400 დოლარი და პლიუს კვებისთვის 200 დოლარი. კლუბში ვმუშაობდით 17:00-დან 22:00 საათამდე. იყო ორი ტიპის სამუშაო: გოგონების ერთი ჯგუფი შოუში მონაწილეობდა – კლუბში იყო მოწყობილი სცენა, სადაც იდგა როიალი და მის ირგვლივ კეთდებოდა შოუ. ხოლო მეორე ჯგუფი მუშაობდა კლუბის შესასვლელში, ფოიეში, სადაც ასეთი წესია, რომ კლუბში შემომსვლელს და გამსვლელს უნდა მიესალმონ და გამოემშვიდობონ თეატრალიზებულად. როდესაც არ ვმუშაობდით და გარეთ გვინდოდა გასვლა, უნდა გაგვეფრთხილებინა კლუბის ხელმძღვანელობა. ასევე, გამოყოფილი გყავდა დაცვა და ისინი დაგვყვებოდნენ ხოლმე სახლიდან სამსახურამდე და პირიქით,” – იხსენებს მარიტა.

 

მისივე თქმით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პასპორტები ჩამოართვეს, რომ თითქოს ისინი კომისარიატში უნდა წაეღოთ რაღაც შტამპებისთვის, მაგრამ დოკუმენტები ისე დაუბრუნეს, რომ არავითარი ბეჭედი არ ყოფილა მათში.

 

“ერთხელაც, როცა ისევ წაიღეს პასპორტები, გვითხრეს, რომ ისინი შეინახავდნენ მათ, რაზეც ჩვენ უკმაყოფილება გამოვთქვით და მერე დაგვიბრუნეს უკან,” – ყვება მარიტა.

 

“თუ რამე მოხდება, ჩვენი საელჩოს კოორდინატები ყველამ ვიცით,”- გვითხრა ნათიამ.

 

ჩინეთში საქართველოს საელჩოში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ აქვთ ინფორმაცია მოდელების დასაქმების თაობაზე, თუმცა იქვე დაამატეს, რომ მათთვის ამ საკითხზე რაიმე პრეტენზიით არავის მიუმართავს.

 

“საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებიან დასაქმების მიზნით, ხშირად უარს აცხადებენ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, რაც მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის საქართველოს საკონსულოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში  საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის ხშირად მიმართავენ საქართველოს მოქალაქეები, თუმცა ეს შეტყობინებები ხორციელდება ტელეფონით და ისინი უარს აცხადებენ ოფიციალური განცხადებით მიმართონ საკონსულოს. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს საქართველოს მოქალაქის უფლებების დარღვევას, საკონსულო აქტიურად ერევა მათი უფლებების აღდგენის საქმეში,” – უთხრეს “ნეტგაზეთს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

“მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის” საქართველოს ოფისში აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა ჰქონდათ, როდესაც მათ გოგონების ჯგუფი დაუკავშირდა ჩინეთში გასამგზავრებლად სავიზო პროცედურებზე კონსულტაციისთვის:

 

“როდესაც ჩვენ ასეთი შემთხვევა გვაქვს ხოლმე, აუცილებლად ვუყვებით, როგორი უნდა იყოს ლეგალური და კანონიერი დასაქმება, იგივე თუნდაც ჩინეთში, რა არის ამისთვის საჭირო, როგორ უნდა გამოარჩიონ სანდო შემოთავაზება. არ ვიცით, საბოლოოდ გაემგზავრნენ თუ არა ისინი ჩინეთში, რადგან მოვიწვიეთ ისინი ოფისში და არ მოვიდნენ”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” “მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში”.

არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი მოდელი გოგონა მუშაობს ამ დროისთვის საქართველოდან ჩინეთში, რადგან, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისინი არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო ჩინეთის საელჩოს განცხადებით, ისინი არ აწარმოებენ სტატისტიკას, თუ ვინ რა ადგილას სამუშაოდ მიდის საქართველოდან ჩინეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი