რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს ე.წ. ლორეს ნეიტრალურ ზონაში განლაგებულ ქართულ შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმით დაიწყო. ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ, 25 თებერვალს, წითელი არმიის შენაერთებმა თბილისის დაკავება შეძლეს.
1921 წლის ომში იუნკრების მონაწილეობასთან დაკავშირებით ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე წერს:
“იმ დროს, როდესაც საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია თბილისს მოადგა, იუნკერთა სამხედრო სკოლაში სიით მხოლოდ 183 იუნკერი ირიცხებოდა. მათგან 166 თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორში იბრძოდა, ხოლო ნაწილი ჰოსპიტალში იწვა, ნაწილი კი გამწვევ პუნქტებზე განაწილდნენ. მთლიანობაში კი თბილისს რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის 10 000-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი იცავდა და მათ შორის იუნკერთა სამხედრო სკოლის კურსანტი მხოლოდ 166 იყო”.
ისტორიკოსის თანახმად, ბრძოლის ველზე, სხვა მებრძოლებთან ერთად, 9 იუნკერი დაიღუპა: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, იოსებ და ილია ჯანდიერები. დაჭრილ იუნკერთა რიცხვი 43-ს შეადგენდა.
http://batumelebi.netgazeti.ge/news/118092/