ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ ამჯობინებენ სომხეთის მოქალაქეები საქართველოს შავიზღვისპირეთში დასვენებას

20 აგვისტო, 2014 • • 3070
რატომ ამჯობინებენ სომხეთის მოქალაქეები საქართველოს შავიზღვისპირეთში დასვენებას

სოციოლოგიური ცენტრის “სოციომეტრის” თავმჯდომარე აგარონ ადიბეკიანი აცხადებს, რომ სომხეთში ოჯახების მხოლოდ 15% ახერხებს ნორმალურ პირობებში დასვენების ორგანიზებას. მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთში, იქ არსებული მისაღები ფასების გამო, ყოველწლიურად 150 ათასი სომეხი მიემგზავრება დასასვენებლად; ამდენივე მიდის საზღვარგარეთის სხვა ქვეყანაში, სადაც მათი ნათესავები ცხოვრობენ ან მუშაობენ; მოსახლეობის დაახლოებით 3% კი ელიტარულ კურორტებზე ისვენებს.

სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სამმართველოს ხელმძღვანელი მეხაკ აპრესიანი აცხადებს, რომ სპეციალური სოციალური პაკეტის შემოღების შემდეგ 30%-ით გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სომხეთის კურორტზებზე ისვენებენ და მათმა რიცხვმა მიმდინარე წელს 630 ათასს მიაღწია.

შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის სომხეთის მთავრობამ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა სოციალურ პაკეტში თანხის ნაწილი სპეციალურად ქვეყნის შიგნით დასვენებისთვის მიმართა. აღნიშნული პაკეტით თითოეულ საჯარო მოსამსახურეს შეუძლია წელიწადში 5 დღე ძალიან იაფად, დაახლოებით 125 აშშ დოლარად დაისვენოს სომხეთის კურორტებზე, პანსიონატში სამჯერადი კვებით.

სად და რა ფასად შეიძლება სომხეთში დასვენება?

საშუალო შემოსავლების მქონე მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც სომხეთის შიგნით ისვენებენ, უფრო მეტად სევანის ტბის სანაპიროს ანიჭებენ უპირატესობას. ერევნიდან სევანის ტბაზე ტაქსით გამგზავრება 6 ათასი დრამი (დაახლოებით 15 დოლარი) ღირს, მიკროავტობუსით კი იქ მოხვედრა 1.5 დოლარადაა შესაძლებელი.

სევანის ტბის სანაპირო, ფოტო: visittoarmenia.blogspot.com
სევანის ტბის სანაპირო, ფოტო: visittoarmenia.blogspot.com

 

სევანის სანაპიროზე კოტეჯში ერთი ღამის გათევა ერთ ადამიანზე 10-12 დოლარი ღირს. პირობების მიხედვით, ფასები იზრდება, თუმცა ოთხწევრიან ოჯახს ხუთდღიანი დასვენება სევანის ტბის სანაპიროზე, კვების ჩათვლით, 150 დოლარად შეუძლია.

ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცა წახკაძორი, სადაც გარდა იმისა, რომ კეთილმოაწყვეს სამთო-სათხილამურო ტრასები და გაიყვანეს საბაგირო გზები, აშენდა თანამედროვე სასტუმროები, პანსიონატები, გასართობი ცენტრები. ყველაფერი ეს კერძო ინვესტიციებით განხორციელდა, თუმცა გზების კეთილმოწყობის კუთხით მთავრობამაც შეიტანა გარკვეული წვლილი ამ კურორტის განვითარებაში. ამას გარდა, ხელისუფლების ორგანიზებით პერიოდულად ეწყობა სახალხო დღესასწაულები და კინოს, ღვინის, მწვადის და სხვა მსგავსი ფესტივალები. წახკაძორში მდებარე საკმაოდ კეთილმოწყობილ სასტუმრო “იუპიტერში” ნომრის დაქირავება 49 დოლარადაა შესაძლებელი, რაც, მაგალითად, booking.com-ის მიხედვით, ბაკურიანის სასტუმრო “მგზავრებთან” შედარებით თითქმის 2-ჯერ იაფია.

წახკაძორი, ფოტო: armmed.am
წახკაძორი, ფოტო: armmed.am

 

სომხეთის კურორტ ჯერმუკში ერთკვირიანი დასვენების ფასი 2 ადამიანზე 200 ათასი დრამიდან (500 დოლარამდე) იწყება, არზნიში – 240 ათასი დრამიდან (590 დოლარზე მეტი), დილიჟანში – 245 ათასი დრამიდან (600 დოლარზე მეტი).

ეს არც ისე ხელმისაწვდომია საშუალო შემოსავლების მქონე მოქალაქეებისთვის: სომხეთში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 200 დოლარზე ოდნავ მეტია, უმაღლესი სასწავლებლის მეცნიერისა კი, ამაზე ცოტა ნაკლები.

ხელისუფლება ხშირად მოუწოდებს ადგილობრივ მოქალაქეებს ეწვიონ როგორც სომხეთის შიგნით არსებულ კურორტებს, ასევე – გაემგზავრონ დასასვენებლად მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში, თუმცა ყარაბაღში, ძირითადად, სომხური დიასპორის წარმომადგენლები მიემგზავრებიან აშშ-დან, კანადიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან.

კურორტების გარდა, სომხეთში უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილია, რაც უცხოელ ტურისტებს იზიდავს, ესენია თუნდაც ძველი და შუასაუკუნეების არქიტექტურის ძეგლები, რომლებიც ბოლო პერიოდში კეთილმოაწყვეს. მაგალითად, თათევის მონასტრის მიდამოებში კერძო ინვესტორმა 13 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა 5700 მეტრი სიგრძის მქონე საბაგირო გზის მშენებლობისთვის, რომლის ყველაზე მაღალი პუნქტის სიმაღლე ხეობის თავზე 330 მეტრს აღემატება. ისტორიული ძეგლების გარდა, სომხეთში ბევრი თანამედროვე ტურისტული ზონა მოაწყვეს, აშენდა ფეშენებელური სასტუმროები, რაც, როგორც ჩანს, სათანადოდ დააფასეს უცხოელმა ტურისტებმა.

სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სამმართველოს ხელმძღვანელის მეხაკ აპრესიანის თქმით, ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გასულ წელს სომხეთს მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია. უცხოელი ტურისტების სიაში ლიდერობენ რუსები, მეორე ადგილზე არიან საქართველოს მაცხოვრებლები, მესამეზე – ევროპის ქვეყნების მოქალაქეები, ხოლო მეოთხეზე – ირანელები.

მეხაკ აპრესიანის თქმით, მიმდინარე წლის 6 თვეში ქვეყანას ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია და წინასწარი გათვლებით, საერთო ციფრი წლის ბოლოს 1 მლნ 200 ათასი ვიზიტორი იქნება. ეს კი 20-ჯერ მეტია 2000 წლის მონაცემთან შედარებით.

სომხეთი უცხოელებისთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე მიზეზის გამო გახდა – აქ მსოფლიოს 40 ქვეყნიდან შეუძლიათ უვიზოდ შემოსვლა. ხოლო მათ, ვისაც ვიზა ჭირდებათ, მაგალითად, ირანელებს, შეუძლიათ ის პირდაპირ საზღვარზე მიიღონ 3 ათას დრამად (დაახლოებით 7 დოლარად).

ამას გარდა, ხელისუფლებამ გასულ წელს “ღია ცის” პოლიტიკა გამოაცხადა, რამაც მგზავრების რაოდენობა 20-25%-ით გაზარდა და ავიაბილეთების ფასი 10-დან 50%-მდე შეამცირა. ამასთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სომხეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა, სადაც ყველგან შეიძლება უსაფრთხოდ გასეირნება, თუნდაც ღამის საათებში.

სომხეთის მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილმა 10%-ს მიაღწია.

კასკადი - ჯერარდ გაფესჩიანის სკულპტურების პარკი ერევანში
კასკადი – ჯერარდ გაფესჩიანის სკულპტურების პარკი ერევანში

 

სომხეთის მოქალაქეებს საქართველოს შავიზღვისპირეთში დასვენება ურჩევნიათ

ხშირად ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც სამშობლოში დასვენებისკენ მოუწოდებენ ხალხს, თავად საზღვარგარეთ მიემგზავრებიან ხოლმე, რაც მათი სახელფასო ანაზღაურების ფონზე მათთვის სავსებით ხელმისაწვდომია. სომხეთის თანამდებობის პირების ხელფასები მიმდინარე წლის ივლისიდან გაიზარდა და შედეგად, ქვეყნის პირველი პირის, პრეზიდენტის თანამდებობრივი სარგოა 1 მლნ 322 ათასი დრამი (3 265 დოლარი) თვეში, ეროვნული კრების (პარლამენტის) თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის ხელფასი – 1 მილიონ 190 ათასი დრამი (2 940 დოლარი), მინისტრების – 793 ათასი დრამი (1 960 დოლარი).

ფინანსური კომპონენტის გარდა, სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში დასვენება სავიზო რეჟიმის გამოც მოუხერხებელია: მათ სულაც არ მოსწონთ შენგენის ვიზის მისაღებად საკონსულოებში დიდ რიგში დგომა და ახსნა-განმარტებების მიცემა, თუ რატომ სურთ, მაგალითად, ესპანეთში ან გერმანიაში გამგზავრება.

ამის გამო სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან დასასვენებლად, ძირითადად, ეგვიპტეს, თურქეთს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ირჩევენ. გარდა იმისა, რომ ამ ქვეყნებში წასასვლელად მათ ვიზები არ ჭირდებათ, ასევე შედარებით ხელმისაწვდომია ფასიც – მაგალითად, 2 ადამიანის ერთი კვირით ეგვიპტეში დასვენების ფასი 450 დოლარიდან იწყება, ანტალიასა და ემირატებში – 800 დოლარიდან.

თუმცა სომხეთის მოქალაქეებისთვის ყველაზე მისაღები მაინც საქართველოში დასვენებაა, სადაც ერთკვირიანი დასვენება 75-80 ათას დრამად (დაახლოებით 200 დოლარად) არის შესაძლებელი.

“ზღვას არაფერი შეედრება და აქ საქმე ის არ არის, რომ საქართველოს შავიზღვისპირეთში ფასები დაბალია, არამედ ხალხის უბრალოდ უყვარს ზღვა!” – ასე ხსნის მეხაკ აპრესიანი სომხეთის მოქალაქეების დიდი ნაწილის არჩევანს, დაისვენონ საქართველოში.

სომხეთიდან დამსვენებლები ბათუმსა და ქობულეთში ხშირად თავიანთი ავტომანქანებით ან ავტობუსებით მიემგზავრებიან, ასევე – მატარებლით. მხოლოდ ივნისსა და ივლისში ერევნიდან ბათუმის მიმართულებით სარგინიგზო ტრანსპორტით სომხეთის 21 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

საქართველოს შავიზღვისპირეთიდან სომხეთში დაბრუნებული დამსვენებლები ყვებიან, რომ იქ იაფად შეიძლება ბინის დაქირავება, მოქმედებს უამრავი სასტუმრო სახლი, სადაც ფასზე შევაჭრება შეიძლება. დაბოლოს, იქ ნამდვილი ხაჭაპურია!

სომხეთში, სადაც უმუშევრობის დონე მაღალია და ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარზე, საზაფხულო დასვენებისთვის ისეთივე გულმოდგინებით ემზადებიან, როგორც – ახალი წლისთვის. ოჯახებში, რომლებსაც მწირი შემოსავლები აქვთ, საახალწლო დღესასწაულისთვის ადრიანად იწყებენ მზადებას, რადგან საახალწლო სუფრაზე ყველაფერი უნდა იყოს, რომ მეზობლებს არ ჩამორჩნენ და როცა ახალ წელს სტუმრად მიდიან, მასპინძელს არავინ ეკითხება, საიდან არის სუფრაზე გოჭი, კარგი კონიაკი, ხიზილალა, ფახლავა და ყურძენი.


  სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი