საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი “რუსთავი 2”-თან საუბრისას ამბობს, რომ ზურაბ დათუნაშვილის გათავისუფლებას ხელს არ მოაწერს. ამასთან, ხაბელოვი განმარტავს, რომ მის შეკრებებზე ყოფნასა და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხს კომიტეტი აქტიურად გააკონტროლებს.
“ჩვენ მზად ვართ, გამოვყოთ ერთი ადამიანი, რომელიც კონტორლს გაუწევს მის სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას თუ შეკრებებზე სიარულს. რაღა გარანტიები უნდა მივცეთ?! თუ როგორც სპორტსმენს უნდა რაიმის დამტკიცება, ამის პრობლემა არ ექნება. მის გათავისუფლებას მე ხელს არ მოვაწერ,”-ამბობს ხაბელოვი.
ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი 23 თებერვალს ჭიდაობის ფედერაციაში გამართულ სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, სხდომაზე მისი მთავარი მოთხოვნა, ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი არც კი განუხილავთ, რაც მას უტოვებს ერთადერთ არჩევანს: წავიდეს ქვეყნიდან.
“პრეზიდიუმის სხდომაზე ცალსახად აღვნიშნე, რომ მე ასეთ პრეზიდენტთან მუშაობა არ შემიძლია, ხოლო თუ თქვენ გსურთ – გყავდეთ, მაშინ მე წავალ ქვეყნიდან მიუხედავად იმისა, მომეცემა თუ არა დისკვალიფიკაცია. ამაზე მათგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ აუწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ.
ანუ ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები მზად არიან იმსჯელონ თუნდაც ჩემს ქვეყნიდან წასვლაზე, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ვერსიის დონეზეც არ განიხილონ გეგასთვის [გეგეშიძე] უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.
მათ არ უნდათ, რომ გეგას უფლებამოსილება შეუჩერონ, ამაზე არც მსჯელობენ. შესაბამისად, მიტოვებენ მხოლოდ ერთ, ჩემთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას – წავიდე ქვეყნიდან. თუ საქართველოდან წავალ, შეუძლიათ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მომცენ და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობას ვერც ერთი ქვეყნის სახელით ვერ შევძლებ, თუმცა თუკი მეტ გზას არ დამიტოვებენ, ჩემი სიმართლისთვის ესეც მიღირს და ამისთვისაც მზად ვარ,”-წერს დათუნაშვილი.