ახალი ამბები

“კაზანტიპის” წარმომადგენელი: ფესტივალის ჩატარებას ანაკლიაში ხელს ვერავინ შეუშლის

14 აგვისტო, 2014 • 1145
“კაზანტიპის” წარმომადგენელი: ფესტივალის ჩატარებას ანაკლიაში ხელს ვერავინ შეუშლის

„ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების პროპაგანდა“, „ნუ გადავაქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად“, „კაზანტიპი გარყვნილებაა“ – ამ ტრანსპარენტებით დღეს ანაკლიაში სასულიერო პირებმა და რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ საპროტესტო მსვლელობა მოაწყო.

 

საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა სასულიერო პირებმა საპროტესტო მსვლელობის დაწყებამდე  ანაკლიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში პარაკლისი გადაიხადეს. პარაკლისს ესწრებოდნენ თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია.

 

აქცია კაზანტიპის წინააღმდეგ ანაკლიაში (C) livepress.ge
აქცია კაზანტიპის წინააღმდეგ ანაკლიაში (C) livepress.ge

„ზნეობრივი საკითხებისადმი სიფხიზლე არ გვაწყენდა ქართველებს. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ. პატარა ქვეყანა ვართ. ნებისმიერი კულტურული ხასიათის ინტერვენცია, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ჩვენი მოქალაქეების ახალგაზრდების ცნობიერება, რა თქმა უნდა, იყოს სიფხიზლის საგანი. ამ სიფხიზლისაკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები მოსახლეობას ანაკლიაში, მეც შევუერთდი და თავიდან ბოლომდე ვიზიარებ ამ  პათოსს, რა პათოსითაც მრევლი იყო ჩამოსული ანაკლიაში,“- განუცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „ნეტგაზეთს“.

 

პარაკლისის გადახდის შემდეგ სასულიერო პირები და მრევლი განმუხური-ანაკლიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდისკენ დაიძრნენ, საიდანაც კაზანტიპის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია.  თუმცა ხიდთან მსვლელობას პოლიციის კორდონი დახვდა და სასულიერო პირები არ გაატარა. ხიდთან აქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტებს.

 

„მონაწილეებს ვკითხე, თუ რა მიზნით მართავდნენ აქციას. პოლიციელები იდგნენ იქ და აქციის მონაწილეებმა განაცხადეს- „აი, ამ პოლიციელებს თამარ ჩერგოლეიშვილი მართავსო“. მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რაღაც გეშლებათ-მეთქი, იყო აგრესია ჩვენს მიმართ. „თქვენს  ტელევიზიაში არც ერთი ზნეობრივი ადამიანი არ მუშაობს და ამ ტელევიზიას არც ერთი არ დაველაპარაკებითო, მითხრეს,“ – ამბობს ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე.

 

აქციის მონაწილეები “კაზანტიპის ფესტივალის” პრეზიდენტთან, ნიკიტა მარშუნოკთანაც ითხოვდნენ შეხვედრას, თუმცა მარშუნოკი მათ არ შეხვედრია. “კაზანტიპის ფესტივალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნინო სტურუა ამბობს, რომ ფესტივალის გასამართ ადგილას ვერავინ შედის, რადგან იქ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს:

 

„შემოტანილია ძალიან ძვირადღირებული ტექნიკა, აპარატურა. მიმდინარეობს ამ აპარატურის მონტაჟი. ამიტომ არის ტერიტორია დაცული. ადგილობრივი მოსახლეობაც ვეღარ შედის და ისინი გაგებით ეკიდებიან ამ ამბავს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც აპროტესტებს ამ პროექტს, ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ, არ შეიძლება გააპროტესტო ის, რაც არ გვინახავს და რაც არ იცი საერთოდ რეალობაში რა არის.”

 

სტურუას განმარტებით, ვიდეოები, რომელზეც სასულიერო პირები საუბრობენ, “კაზანტიპის” ოფიციალური ვიდეოები არ არის და ფესტივალისადმი სკეპტიკურად განწყობილ პირებს ურჩევს, რომ შეფასებები 1 სექტემბერს გააკეთონ.

 

ნინო სტურუას განცხადებით, აქციების გამართვა ფესტივალის ჩატარებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში 20 აგვისტოს დაიწყება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი