სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ეგრეთ წოდებული დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.
უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობები; სხვადასხვა სახეობის ვადაგასული ხორცის, მათ შორის, ცხენის ხორცის, უკანონოდ განთავსების ფაქტები, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე და ა.შ. ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონით გათვალისწინებული სანქციები.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ამოღებულია ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.
გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლინდა არაორგანიზებული ვაჭრობის, ე.წ. გარე ვაჭრობის, პირობებში მალფუჭებადი სურსათის რეალიზაციის ფაქტები, რის შესახებაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აცნობა თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას”, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმებულია ბიზნესოპერატორები:
შპს «იბერია», შპს «ორიონი», ი.მ ვეფხვია სარიშვილი, შპს «დანტე», შპს «ლეგო 2011», ი.მ.ბაკურ ასიტაშვილი. საქმიანობის არეალი – დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ეგრეთ წოდებულ გვირაბში არსებული ხორცის სარეალიზაციო ობიექტები.