ახალი ამბები

გარკვეული შეშფოთებით ვაკვირდებით პროცესს, – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი TBC-ზე

21 თებერვალი, 2019 •
გარკვეული შეშფოთებით ვაკვირდებით პროცესს, – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი TBC-ზე

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი აცხადებს, რომ ის და სხვა დიპლომატები “გარკვეული შეშფოთებით” აკვირდებიან “თიბისი ბანკის” საქმეს, რადგან ამას გავლენა აქვს ქვეყნის რეპუტაციაზე ბიზნესის კეთების კუთხით.

“ჩვენ და სხვა დიპლომატები ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას გარკვეული შეშფოთებით, რადგანაც ამას აქვს გავლენა საქართველოს, როგორც ბიზნესისთვის კარგი ადგილის, რეპუტაციაზე. არ მინდა კონკრეტულ პიროვნებებზე ვისაუბრო, თუმცა ჩვენ ნათლად გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება და დავაფიქსირეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია, თუ როგორ გადაწყდება  და როგორ იქნება ახსნილი ეს მიმდინარე მოვლენები როგორც საბანკო საკითხების, ისე სამართლებრივი საკითხების თვალსაზრისით”, – განაცხადა როს უილსონმა.


14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა 2007-08 წლებში განხორციელებული ტრანზაქციის საფუძველზე. ამ ტრანზაქციას სადავოდ მიიჩნევს მთავარი პროკურატურა, თუმცა ბანკი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს; ბანკის თანახმად, ეს ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

ეროვნული ბანკის პასუხად თავდაპირველად ხაზარაძემ განაცხადა, რომ არ აპირებდა სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებას, თუმცა საბოლოოდ, ეროვნული ბანკის მოთხოვნიდან ერთ კვირაში, 21 თებერვალს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რომლებიც ბანკის უმაღლეს მენეჯმენტს წარმოადგენდნენ, განაცხადეს, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებენ, “თიბისი” კი სამართლებრივ დავას წყვეტს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი