ახალი ამბები

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციების ფასი 9.5%-ით გაიზარდა

21 თებერვალი, 2019 •
ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციების ფასი 9.5%-ით გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე 21 თებერვალს თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 9.46 პროცენტით გაიზარდა და საშუალო ფასმა 14.12 ფუნტი შეადგინა (თბილისის დროით 21:30 საათის მონაცემებით).

ფასმა მას შემდეგ დაიწყო მატება, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელმძღვანელები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებენ, თიბისი ბანკი ეროვნულ ბანკთან სამართლებრივ დავას წყვეტს და მზად არის სებ-ს 1 მლნ ლარი გადაუხადოს.

დღის განმავლობაში თიბისის აქციების ყველაზე მაღალი ღირებულება ლონდონის დროით დაახლოებით 5-ის ნახევარზე დაფიქსირდა — 14.15 ფუნტი; ყველა დაბალი ფასი დილას, დღის დასაწყისში იყო — 13.02.

წინა კვირას, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა “თიბისის” სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა, საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ფასი თითქმის 8 პროცენტით დაეცა და კლება განაგრძო.

14 თებერვალს, როდესაც ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება გამოაცხადა, “თიბისის” აქციების ფასი მკვეთრად დაეცა. ფოტო: ლონდონის საფონდო ბირჟის ბოლო თვის მონაცემები

მამუკა ხაზარაძის თქმით, 11 წლის წინადელ ტრანზაქციაზე დაწყებულმა გამოძიებამ თიბისი ბანკის აქციონერები ერთ თვეში 200 მლნ აშშ დოლარით აზარალა.

ხაზარაძე, რომელმაც დღეს, 21 თებერვალს განაცხადა, რომ კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს, ამბობს, რომ ფულის გათეთრებაზე დაწყებულმა გამოძიებამ მის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა.

“აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული,”-წერს მამუკა ხაზარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი