ახალი ამბები

დეპუტატების მოთხოვნის მიუხედავად, ირაკლი კობახიძე სხდომის წაყვანაზე უარს ამბობს

21 თებერვალი, 2019 •
დეპუტატების მოთხოვნის მიუხედავად, ირაკლი კობახიძე სხდომის წაყვანაზე უარს ამბობს

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც მოსამართლეთა უვადოდ არჩევის 2025 წლამდე გადავადების შესახებ 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ, ვიცესპიკერ ზვიად ძიძიგურის თავმჯდომარეობით განახლდა.

ირაკლი კობახიძე კი პარალელურად ხვდება დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებს განიხილავს.

დეპუტატებმა, როგორც ოპოზიციიდან, ისე საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, მოითხოვეს შესვენების გამოცხადება, ვიდრე ირაკლი კობახიძე დარბაზში არ დაბრუნდება.

“ჩემთვის პრინციპულია, რომ ირაკლი კობახიძე იყოს აქ იმის გათვალისწინებით, რა განცხადებებიც მან გააკეთა. მე ვერ მივიღებ იმას, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ მოსამართლეების თემაზე და კობახიძე მურუსიძეს და ჩინჩალაძეს ხვდებოდეს. თუ მაგათი თავმჯდომარე და მაგათი უფროსია, მაგიც გვითხრას, თუ ისინი არიან მაგის უფროსები…”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ნიშანდობლივია, რომ ირაკლი კობახიძე ამ წუთებში მოსამართლეებს ხვდება და “ეს არის ყველაფრის ხაზის გადასმა, თუ რამე წმინდა არსებობს პარლამენტში”.

“იმ განცხადებებიდან გამოდმინარე, რაც მოვისმინე, აუცილებელია, პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენთვის სერიოზულ და ვიღაცისთვის შეიძლება ფორმალური განხილვისას იმყოფებოდეს დარბაზში. მე მინდა მივმართო პერსონალურად ჩემი პარლამენტის თავმჯოდმარეს, ამიტომ მოვითხოვ, მობრძანდეს აქ და მერე გავაგრძელოთ სხდომა”, – განაცხადა, თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ.

საპარლამენტო უმცირესობამ რეგლამენტის 90-ე მუხლზე დაყრდნობით, საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის მიზნით, შესვენების გამოცხადება მოითხოვა.

საბოლოოდ, ზვიად ძიძიგურმა 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც დარბაზში ირაკლი კობახიძე დაბრუნდა. მან თქვა, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს დაიგეგმა. კობახიძის თქმით, ის პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას უნდა დაუბრუნდეს და დეპუტატებს მოუწოდა, მის გარეშე გააგრძელონ სხდომა.

დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, დიდი უპატივცემულობა იქნება, პარლამენტის თავმჯდომარე არ წარუძღვეს ისეთ მნიშვნელოვან სხდომას, როგორიც ახლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგებთან უნდა განიხილავდეს და სხდომის პარალელურად შეხვედრას არ უნდა ნიშნავდეს.

საბოლოოდ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარული სხდომა ისევ დატოვა.

“გთხოვთ, გააგრძელოთ მუშაობა ჩემს გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს”, – მიმართა კობახიძემ დეპუტატებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინა ბოკუჩავას თქმით, ირაკლი კობახიძე პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს და სწორედ ამიტომ დაამთხვია მოსამართლეების საკითხზე შეხვედრა პლენარულ სხდომას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი