საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა სიტყვით გამოსვლაში იმ კანონპროქტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა, რომელიც ეკა ბესელიასა და 7 სხვა დეპუტატთან ერთად მოამზადა.
დეპუტატის თქმით, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების საკითხი მისთვის წყალგამყოფია, რადგან, მისი თქმით, ესაა ერთადერთი გამოსავალი იმ ჩიხური სიტუაციიდან, რომელიც გოგიჩაიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ თავად შექმნა:
“ჩემთვის, რა თქმა უნდა, წყალგამყოფია დღევანდელი კანონპროექტის განხილვა იმიტომ, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია, რომელიც გამოგვიყვანს პირველ რიგში ჩვენ, ხელისუფლებას იმ ჩიხიდან, რომელიც საკუთარი ხელით შევქმენით.
აღარავინ ჩვენკენ აღარ არის, ამ მოცემულობაში მარტონი ვართ. პროფესიული და სამოქალაქო საზოგადოება ჩვენკენ არ არის, ჩვენი ამომრჩეველი ჩვენკენ არ არის, არავინ ჩვენკენ არ არის. ამ იდეას მხარს უჭერს მარტო იუსტიციის უმაღლესი საბჭო და რამდენიმე ჩვენი კოლეგა.
ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება არის მისაღები და ყველას მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო. რაც არ უნდა მოხდეს, ეს არ არის პირადული, აქ ჩვენ სახელმწიფოს მომავალზე ვსაუბრობთ. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელზეც არის საერთო სახალხო კონსენსუსი,” – ამბობს გოგიჩაიშვილი.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებას გულისხმობს. “ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ დარჩება თუ არა მმართველ პარტიაში, სწორედ აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ გუშინ, 20 თებერვალს გაავრცელა განცხადება და აღმნიშნა, რომ ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც I და II ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადადებას ითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.