ახალი ამბები

23 თებერვალს ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

21 თებერვალი, 2019 • 909
23 თებერვალს ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია!” გამართავს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის სოლიდარობის აქციას. შეკრება შაბათს, 23 თებერვალს, 14:00-ზე, ჭიდაობის ფედერაციასთანაა ჩანიშნული.

სწორედ 23 თებერვალს გაიმართება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი უნდა განიხილონ.

“მოძალადეები არ უნდა იკავებდნენ თანამდებობას. საჯარო სექტორში დასაქმებული პირები არ უნდა ძალადობდნენ მოქალაქეებზე. ერთად შევქმნათ დაუსჯელი ჩინოვნიკის დასჯის პრეცედენტი. ეს არ არის მხოლოდ ზურა დათუნაშვილის ბრძოლა, ეს ჩვენი ბრძოლაა!” – ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.


ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა და ორგზის ევროპის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე რკინის ბლაგვი საგნით თავის გატეხვასა და კორუფციაში დაადანაშაულა, თუმცა პოლიციას ჩვენება არ მისცა. მოჭიდავე ამბობს, რომ არავის დაჭერა სურს და მხოლოდ გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს მთელი თავისი გუნდით. ზურაბ დათუნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გამოკითხა.

2019 წლის 22 იანვარს თამაზ (გეგა) გეგეშიძე ინციდენტთან დაკავშირებით 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს. 24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ითხოვდა 5 000-ლარიან გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით და დროებითი ღონისძიების სახით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას, თუმცა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა და მას მხოლოდ 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი