ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის აზრით, თიბისიმ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავა შეწყვიტა იმისთვის, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასის ვარდნა შეჩერებულიყო.
კეპულაძე ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ ეს იყო პრაგმატული გადაწყვეტილება, რადგან რთულია ბანკი დავობდეს მის რეგულატორთან.
მისივე თქმით, საფონდო ბირჟაზე განთავსებულ აქციის ფასზე მოქმედებას ნებისმიერი ამბავი ახდენს, რაც კომპანიას უკავშირდება. როგორც ის ამბობს, სამართლებრივი დავის გაგრძელებას, შესაძლოა, ბანკისთვის აქციების კიდევ უფრო მეტად გაუფასურება მოეტანა.
“კომერციული ინსტიტუტები გადაწყვეტილებას იღებენ იმის მიხედვით, რა უფრო მეტ სარგებელს მოუტანთ. როგორც ჩანს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იმით, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი ეცემოდა. შესაბამისად, ეს პროცესი რომ გაგრძელებულიყო, ბანკი კიდევ უფრო მეტად დაზარალდებოდა და მიიღეს პრაგმატული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არის, ალბათ, ყველაზე სასარგებლო და ნაკლები ზიანის მომტანი კომერციული ბანკისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება, ჯარიმა, სანქციები არ მოქმედებს კარგად კომერციულ ბანკზე, სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით მიიღო მამუკა ხაზარაძემ ეს გადაწყვეტილება. მან არჩია, რომ კიდევ უფრო მეტი ფინანსური ზიანი არ მისდგომოდა თიბისი ბანკს. ეს მორალურად მისთვის მძიმე იქნებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ სამეთვალყურეო საბჭოში მისი ყოფნა ამ ეტაპზე აზიანებდა ბანკის ინტერესებს, ამიტომ დატოვა მან თიბისი ბანკი,”-აცხადებს გიორგი კეპულაძე.
14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას მოითხოვა. სებ-მა ბანკის აქციონერთა კრებას მათი გადაყენებისთვის 2-თვიანი ვადა მისცა. “საზოგადოება და ბანკების” წარმომადგენელი ამბობს, რომ 2 თვე საკმაოდ გონივრული ვადაა და ამ დროში ბანკს აქვს შესაძლებლობა სამეთვალყურეო საბჭოში მსგავსი ცვლილებები განახორციელოს.
“ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა,”-აცხადებენ სებ-ში.
დღეს, 21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ თიბისი ბანკმა ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავა შეწყვიტა და მზად არის რეგულატორს 1 მლნ ლარი გადაუხადოს. თიბისი ბანკის ინფორმაციით, დავის შეწყვეტის პარალელურად, მესამე პირების მხრიდან კითხვების გამორიცხვის მიზნით, საერთაშორისო კომპანიის მიერ მოხდება ინტერესთა კონფლიქტის ტრანზაქციების, პროცედურების და მართვის პრაქტიკის შესწავლა.
პარალელურად დღეს თიბისის აქციების ფასმა ზრდა დაიწყო.
თიბისი ბანკის გადაწყვეტილებას, რომ ეროვნულ ბანკთან დავა შეწყვიტოს, ეროვნული ბანკი მიესალმება. სებ-ში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან.
ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ სებ-თან სამართლებრივი დავის შეწყვეტით აქციონერებსა და მომხმარებლებს აჩვენეს, რომ მარეგულერიბელთა კონფრანტაციის პროცესი დასრულდა.
“მიმაჩნია, რომ ბანკის გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან ერთობლივი განცხადების გაკეთების შესახებ იყო აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორთა უზარმაზარი ჯგუფისთვის, ბანკის 2 მილიონ მომხმარებელზე მეტისთვის და ჩვენი ერთგული პარტნიორებისთვის გვეთქვა, რომ ბანკსა და მის რეგულატორს შორის კონფრონტაცია შეწყდა და ამით ბანკი უბრუნდება თავის ჩვეულ ტემპს და გააგრძელებს განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებას,”-წერს ჯაფარიძე.
ამავე თემაზე
ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების ფასი გაიზარდა