ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა. ამ დროისთვის ჯგუფის ერთი აქცია 13.5 ფუნტი ღირს. დღეს, 21 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ თიბისი ბანკი ეროვნულ ბანკთან სამართლებრივ დავას წყვეტს და მზად არის სებ-ს 1 მლნ ლარი გადაუხადოს.
ამის საპასუხოდ ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან.
მამუკა ხაზარაძის თქმით, 11 წლის წინადელ ტრანზაქციაზე დაწყებულმა გამოძიებამ თიბისი ბანკის აქციონერები ერთ თვეში 200 მლნ აშშ დოლარით აზარალა.
ხაზარაძე, რომელმაც დღეს, 21 თებერვალს განაცხადა, რომ კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს, ამბობს, რომ ფულის გათეთრებაზე დაწყებულმა გამოძიებამ მის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა.
“აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული,”-წერს მამუკა ხაზარაძე.
14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას მოითხოვა. 14 თებერვალსვე ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომერციული ბანკის აქციების ფასი შემცირდა.