საქართველოს ყოფილი პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაარსებული თანაინვესტირების ფონდის შვილობილი კომპანია წლების განმავლობაში თიბისი ბანკის მილიონობით აქციას ფლობდა. აქვს თუ არა ივანიშვილს ან მასთან აფილირებულ ფონდს ახლაც რაიმე ინტერესი თიბისიში, რომლის ქართული მენეჯმენტიც ეროვნული ბანკის ზეწოლით გადადგა?
რას ფლობდა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია TBC-ში?
ინფორმაცია აღნიშნულ საქმეზე თავდაპირველად რუსთავი2-მა გაავრცელა. თანაინვესტირების ფონდის (GCF-ის) შვილობილი კომპანია მალონი (Malone Finance Limited) ლონდონში დაფუძნებული თიბისი ბანკის ჯგუფის (TBC Bank Group PLC) 3 136 596 აქციას ფლობდა. თიბისი ბანკის ჯგუფი საქართველოში დაფუძნებული თიბისი ბანკის 100%-იანი აქციონერია ლონდონში.
თანაინვესტირების ფონდმა დაგვიდასტურა, რომ მათი შვილობილი კომპანია ნამდვილად ფლობდა თიბისის აქციებს 2015-17 წლებში, თუმცა მოგვწერეს, რომ ამჟამად არც თავად ივანიშვილი, არც GCF და არც მასთან აფილირებული კომპანიები თიბისიში არანაირ წილს არ ფლობენ.
თანაინვესტირების ფონდის მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, “მალონმა” 2015 წლის 25 მარტს შეისყიდა 60 000 აქცია და დაუგროვდა 3 136 596 აქცია, რომელიც 3.5 წლის განმავლობაში გაყიდა.
ბაზრების ზედამხედველი ვებსაიტის, Market Screener-ის თანახმად, 2016 წლის 11 ოქტომბერს მალონმა 2 მილიონი აქცია გაყიდა 12.4 ფუნტად, ანუ მოგების სახით მიიღო 24 800 000 ფუნტი.
ამის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟის მონაცემებით, 2017 წლის 29 მარტს მალონმა თიბისის 100 000 აქცია გაყიდა. ამ დღეს ერთი აქციის ფასი საშუალოდ 14.86 ფუნტი იყო. ანუ აიღო დაახლოებით მილიონ-ნახევარი ფუნტი (ზუსტი თანხა უცნობია, რადგან არ ვიცით, თუ ზუსტად რამდენად გაყიდა მალონმა აქციები, დღის განმავლობაში კი აღნიშნული ფასი მცირედით მერყეობს. საშუალო ფასი რომ ავიღოთ, შემოსავალი 1 486 000 ფუნტი იქნებოდა).
ამ ტრანზაქციის შემდეგ მას საკუთრებაში დარჩა კომპანიის 1 036 596 აქცია. 2017 წელს აქციების ყველაზე დაბალი ფასი 6 მარტს დაფიქსირდა — 13.9 ფუნტი. Malone-ს რომ ამ, ანუ ყველაზე დაბალ ფასად გაეყიდა თავისი აქციები, შემოსავლის სახით ექნებოდა 14 408 684 ფუნტი.
დაუზუსტებელია, თავდაპირველად რა თანხა გადაიხადა მალონმა აქციების შესაძენად, შესაბამისად, ვაჭრობით შემოსულ მოგებას ვერ დავითვლით. თუმცა ის შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, ჯამში, Malone-მა, ყველაზე ცოტა, 40.5 მილიონ ფუნტზე მეტად გაყიდა თიბისის 3 მილიონზე მეტი აქცია.
დაუზუსტებელია, თავდაპირველად თიბისის აქციების რამდენ პროცენტს ფლობდა მალონი; ასევე ისიც, თუ როდის იყიდა 2015 წლის მარტამდე მის მფლობელობაში არსებული აქციები და, შესაბამისად, რა ფასად. ნეტგაზეთი 21 თებერვალს ამ კითხვებით დაუკავშირდა თიბისი ბანკ ჯგუფის საინვესტიციო ურთიერთობების ხელმძღვანელსა და თანაინვესტირების ფონდის პრესსამსახურს. ფონდიდან მოგვწერეს, რომ დამატებით ამ თემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად მამუკა ხაზარაძეს დავუკავშირდეთ, თიბისისგან კი პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.
“გარიგება”
როდესაც ფონდმა დაგვიდასტურა, რომ თიბისიში მათთან აფილირებული კომპანია აქციებს ფლობდა, განგვიმარტეს, რომ მალონმა თიბისის აქციების ნაწილი შეისყიდა “გარიგების ნაწილში”, რადგან “ბატონი მამუკა ხაზარაძის თხოვნით, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა მას დახმარებოდა”; ნეტგაზეთი დაუკავშირდა თიბისის ამ ინფორმაციის დასადასტურებლად და დამატებითი დეტალების გასაგებად. მათ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ნეტგაზეთის კითხვაზე, რას ითვალისწინებდა აღნიშნული გარიგება, რა გახდა მისი დადების საფუძველი და რატომ და რა შედეგით დასრულდა, ფონდმა თიბისი ბანკთან გადაგვამისამართა. “აღნიშნულ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ თავად დაუკავშირდეთ ბატონ მამუკა ხაზარაძეს”, — მოგვწერეს GCF-დან.
ნეტგაზეთმა ამ თემაზე კითხვით მიმართა “ქართული ოცნების” პრესსამსახურს ბიძინა ივანიშვილთან დასაკავშირებლად, თუმცა ჯერჯერობით არც მათგან მიგვიღია პასუხი. თიბისის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ მამუკა ხაზარაძე ამჟამად ლონდონში იმყოფება და ამ საკითხს დააზუსტებენ, როდესაც იგი საქართველოში დაბრუნდება.
14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა 2007-08 წლებში განხორციელებული ტრანზაქციის საფუძველზე. ამ ტრანზაქციას სადავოდ მიიჩნევს მთავარი პროკურატურა, თუმცა ბანკი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს; ბანკის თანახმად, ეს ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.
ეროვნული ბანკის პასუხად თავდაპირველად ხაზარაძემ განაცხადა, რომ არ აპირებდა სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებას, თუმცა საბოლოოდ, ეროვნული ბანკის მოთხოვნიდან ერთ კვირაში, 21 თებერვალს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რომლებიც ბანკის უმაღლეს მენეჯმენტს წარმოადგენდნენ, განაცხადეს, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებენ, თიბისი კი სამართლებრივ დავა წყვეტს.
მათი გადაწყვეტილება, დატოვონ სამეთვალყურეო საბჭო, სავარაუდოდ, არ აისახება ხაზარაძის მხრიდან ბანკის აქციების ფლობაზე, რადგან ეროვნული ბანკს მისგან აქციების გაყიდვა არ მოუთხოვია.
ოპოზიციაში პროკურატურისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. განვითარებული მოვლენების ფონზე, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხაზარაძემ უნდა თქვას, “რისი გულისთვის და სად გადაიკვეთა” ივანიშვილისა და მისი ინტერესები.