ახალი ამბები

ლიეტუვაში მაღალი რანგის 8 მოსამართლე დააკავეს ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში

21 თებერვალი, 2019 •
ლიეტუვაში მაღალი რანგის 8 მოსამართლე დააკავეს ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში

სააგენტო “როიტერსი” იუწყება, რომ ლიეტუვაში სამართალდამცავებმა ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში 26 ადამიანი, მათ შორის რვა მოსამართლე დააკავეს. გენერალური პროკურორი აპირებს, მათ მიერ გამოტანილი განაჩენების გადახედვა მოითხოვოს.

დაკავებულ მოსამართლეებს მაღალი რანგის სასამართლოებში ეკავათ პოზიციები, მათ შორის უზენაეს სასამართლოში, რომელიც ქვეყნის უმაღლესი ინსტანციაა. დაკავებულთა შორის, მოსამართლეებთან ერთად, ხუთი ადვოკატიცაა.

ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის თანახმად, სააგენტოს აქვს მტკიცებულებები, რომ სხვადასხვა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეში, ასევე სამოქალაქო დავების განხილვის პროცესში, ქრთამად აღებულია 1 000-დან 100 000 ევრომდე თანხა.

“ეს იყო [დანაშაულებრივი] სისტემა… აღმოვაჩინეთ, რომ საადვოკატო ოფისში სასამართლოში ვაჭრობას ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ევრობარომეტრის 2017 წლის გამოკითხვით, ლიეტუველების 93% ფიქრობს, რომ ქვეყანაში კორუფციაა გავრცელებული, რაც ევროკავშირში მე-5, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საბერძნეთის, ესპანეთის, კვიპროსისა და ხორვატიის შემდეგ.

“ხელშეუხებელთა დრო დასრულდა. ყველამ უნდა ისწავლოს გაკვეთილი”, – დაწერა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა.

გარეკანის ფოტოზე: ლიეტუვის უზენაესი სასამართლო. ფოტო: www.lvat.lt

მასალების გადაბეჭდვის წესი