მთაწმინდის გამგეობამ ამავე რაიონში მცხოვრებ “ავტოსპორტის მოყვარულ მრავალშვილიან დედათა შორის, მოძრაობის უსაფრთხოების და უნარების ამაღლების მიზნით, ავტორბოლის ღონისძიების” სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა. თუმცა გამგებლის მოადგილე ავტომოყვარული ქალებისთვის სხვა ღონისძიების გამართვას არ გამორიცხავს.
ტენდერის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ მიიღო. კომისიის სხდომის ოქმშიც აღნიშნულია, რომ მომზადდეს შესაბამისად კორექტირებული სატენდერო დოკუმენტაცია, რომელშიც გაითვალისწინებენ ყველა იმ გარემოებას, რაც ტენდერის გამოცხადების შემდეგ წარმოიშვა.
გამგებლის მოადგილის, სატენდერო კომისიის წევრის, მიხეილ გოგოლიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ტენდერის შესახებ მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, გამგეობას სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველი ძალიან ბევრი ქალბატონი დაუკავშირდა, მათ შორის, ქალბატონები, რომლებიც არ არიან მრავალშვილიანები.
ვინაიდან ღონისძიება არ მოიაზრებოდა, როგორც კლასიკური ავტორბოლა, მის ფარგლებში დაგეგმილი იყო სხვადასხვა საინტერსეო აქტივობა, რაც მიზნად ისახავდა საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ქალთა ჩართულობას, მათი როლის გაზრდასა და ზოგადად, უსაფრთხო მოძრაობისთვის ცნობიერების ამაღლებას, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გამგეობამ მიზანშეწონილად მიიჩნია გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტა და დოკუმენტის კორექტირება, რის საფუძველზეც ღონისძიებაში მონაწილეობის საშუალება უფრო მეტ ქალბატონს მიეცემა”, – აღნიშნა გოგოლიძემ.
მისივე განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით, შემუშავებულ სატენდერო დოკუმენტაციაში ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო ცვლილებების შეტანა, ხოლო გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში არ ხერხდებოდა მსურველთა უმრავლესობის მოთხოვნის იმ ხარისხით დაკმაყოფილება, რომელიც მისაღები იქნებოდა შესყიდვის მიზნებიდან გამომდინარე.
დედის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის რაიონში მცხოვრები ავტოსპორტის მოყვარული მრავალშვილიანი დედებისთვის რბოლის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ 14 ათასი ლარის ღირებულების ტენდერზე სტატია “რადიო თავისუფლებამ” 13 თებერვლას გამოაქვეყნა. აღნიშნული ტენდერი 20 თებერვალს შეწყდა, მანამდე კი მთაწმინდის გამგეობამ განმარტება გააკეთა:
მთაწმინდის გამგეობის განმარტება “მრავალშვილიანი დედების რბოლაზე”