დედის დღეს, 3 მარტს, მთაწმინდის რაიონში დაგეგმილ მრავალშვილიანი ქალების რბოლასთან დაკავშირებით ნეტგაზეთმა გამგეობიდან წერილობითი განმარტება მიიღო.
მთაწმინდის რაიონის გამგეობა აცხადებს, რომ “დაგეგმილი ღონისძიება ითვალისწინებს არა მხოლოდ მრავალშვილიანი დედების მონაწილეობას, არამედ საუბარია, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ზოგადად ქალთა ჩართულობის აუცილებლობასა და მათ როლზე, ასევე, მოძრაობის წესების ათვისებასა და ამ მხრივ ცნობიერების გაზრდაზე.”
დედის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის რაიონში მცხოვრები ავტოსპორტის მოყვარული, მრავალშვილიანი დედებისთვის რბოლის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ 14 ათასი ლარის ღირებულების ტენდერზე სტატია “რადიო თავისუფლებამ” 13 თებერვლას გამოაქვეყნა.
ტენდერის მიხედვით, მთაწმინდის რაიონში უნდა მოძებნონ 15 მრავალშვილიანი დედა, რომელსაც მართვის მოწმობაც ექნება და რბოლაში მონაწილეობის სურვილიც. ღონისძიების დღეს მრავალშვილიანი დედები პროფესიონალ პილოტებთან ერთად მიიღებენ სიმბოლურ შეჯიბრებაში მონაწილეობას, საიდანაც 3 გამარჯვებული დაჯილდოვდება.
სატენდერო კომისიის წევრებს შორის არის როგორც მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე, ასევე დედაქალაქის მერი კახა კალაძე. სატენდერო პირობებს გამგებელთან ერთად თბილისის მერიც აწერს ხელს. ტენდერი 14 თებერვალს დასრულდა, რომელსაც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ჰყავს – ააიპ საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია.