გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც მალე „მწვანე ხაზების“ სახელწოდებით გახდება ცნობილი. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატებმა კახა კუჭავამ და მამუკა მდინარაძემ განაცხადეს.
აღნიშნული ინიციატივა კანონპრექტის ავტორებმა – პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯომარემ, კახა კუჭავამ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს და საზოგადოებას დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნეს.
„ტერმინი „მწვანე ხაზები“ ძალიან მალე გახდება პოპულარული და დაიმკვიდრებს სახელს საკანონმდებლო სივრცეში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.
მისი თქმით, ახალი ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორია კანონით იქნება დაცული.
„კოორდინატები პირდაპირ იქნება მითითებული კანონში. ეს იქნება დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მსგავსი, სადაც საზღვრებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებასთან. ეს არის ასეთი ტერიტორიების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხი“, – განმარტა კახა კუჭავამ.
კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე იმუშავებს. მისივე თქმით, ნებისმიერ მუნიციპალიტეტს, საკრებულოს საშუალება ექნება მიმართოს სამუშაო ჯგუფს, რომელიც ასეთი ტერიტორიების გაზრდის, დამატების თუ დემარკაციის საკითხებს განიხილავს.
„ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ჩვენ ვითანამშრომლებთ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან, რომლის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ მზადყოფნა და სურვილი გამოთქვა, ამ პროექტში ჩაერთოს. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური კანონი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ პერიოდულად ამ კანონში ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომლის ერთადერთი მიზანი იქნება, გაზარდოს ასეთი ტერიტორიების საზღვრები და კიდევ უფრო დაემატოს გამწვანებული ადგილები ქალაქის სივრცეებს. ამ საკითხზე ვიმუშავებთ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტ დემოკრატიული მმართველობის ინიციატივასთან ერთად, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში აბსოლუტურად ყველა ადამიანს ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს, ჩაერთოს, შემოგვთავაზოს იდეები და მოსაზრებები. როდესაც კანონპროექტის პირველივე ვერსია დასრულდება, ნებისმიერი მოქალაქისგან მივიღებთ შენიშვნებს. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად კეთილშობილურ მიზნებს ატარებს ეს კანონპროექტი, დარწმუნებული ვარ, ფართო მხარდაჭერა ექნება“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია გარემოს დაცვის თემა.
„ძალიან ხშირად ვხვდებით, როცა პარკებსა თუ სკვერებში ადამიანები მშენებლობას აპროტესტებენ და სავსებით სამართლიანად. ახალი ინიციატივით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება ამ პროცესს. როდესაც შემოვა ერთ-ერთი პოზიტიური ტერმინი კანონმდებლობაში „მწვანე ხაზები“, ეს ტერმინი დაიცავს პარკებს, ბაღებს, სკვერებს აღნიშნულ ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობისგან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისი მოსაზრებით, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება და მხარდაჭერის შემთხვევაში, მეცხრე მოწვევის პარლამენტის საამაყო ნაბიჯი იქნება.
„დარწმუნებული ვარ, მას ექნება საზოგადოების მხარდაჭერა და მხარდაჭერა ჩვენი კოლეგების მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს. მე და კახა კუჭავა თანაავტორები ვართ ამ იდეისა და ინიციატივის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო USAID-ს, რომელიც ჩართული იქნება ამ საკანონმდებლო პროცესში თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ავტორებს ჰქონდათ კონსულტაციები თბილისის მერთან და მის მოადგილეებთან, რომლებიც აღნიშნულ მიმართულებას კურირებენ. მან ყურადღება გაამახვილა ამ უწყების მხარდაჭერაზე.
„ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა ამ კანონპროექტზე მუშაობის დროს. მათი მხრიდან არის აბსოლუტური მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა, ვიდრე ამ ინიციატივას გავახმოვანებდით, კარგად და ნათლად ჩანდა მათ გადაწყვეტილებებში, მაგალითად, როცა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არანაირი შენობა არ უნდა განთავსებულიყო, ეს იყო წინასწარი თანხმობა ასეთ ინიციატივაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.