ახალი ამბები

თბილისის მერია შესყიდვების კონტრაქტების გადახედვას აპირებს

7 აგვისტო, 2014 • • 1081
თბილისის მერია შესყიდვების კონტრაქტების გადახედვას აპირებს

დავით გორალიშვილის თქმით,  იმ კონტრაქტების დოკუმენტაციიდან გამომდინარე, რასაც მან გადახედა, არსებობს შესყიდვების მიზანშეწონილობის პრობლემა.:

 

“ელემენტალურად, სკვერებში და ბაღებში ბალახის თესვაზე ტენდერი ცალკე არის გამოცხადებული, ხოლო ამავე სკვერების და ბაღების მოვლაზე-ცალკე. კონტრაქტორი, რომელიც განახორციელებს თესვას, გარკვეული პერიოდის შემდეგგ ეს ტერიტორია უნდა გადასცეს მოვლა–პატრონობაზე, ხოლო შემნახველ კომპანიას შეიძლება ეს ბალახი გაუფუჭდეს და ამ საკითხის ერთმანეთისთვის გადაბრალება მოხდეს. ანალოგიური ხასიათის რამდენიმე კონტრაქტია. ამიტომ ჩვენ გადავხედავთ მიმდინარე კონტრაქტებს და გარდა ამისა, კომპლექსურად განვიხილავთ საკითხს, რათა რაღაც თემები გაერთიანდეს უკეთესი შედეგის მისაღებად. ასეთი კონტრაქტები შედეგზე ორიენტირებული არ არის.”

 

მისივე თქმით, პრობლემა არის ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიაც:

 

“მე გადავხედე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ კონტრაქტებს და ფაქტობრივად, არც ერთ მათგანშია ჩადებული ხარისხის უზრუნველყოფა. უბრალოდ წერია, რომ კონტრაქტორს აქვს ვალდებულება 1 წლის განმავლობაში გამოასწოროს ის, რაც გაფუჭდება პროექტის დამთავრების შემდეგ და არანაირი ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია არ აქვს. ეს იმ ფონზე, როდესაც გზების დეპარტამენტში ორ წლამდეა ხარისხი უზრუნველყოფის გარანტია, თანხით 5 პროცენტია, რაც დაზიანებების, შეფერხებების აღმოფხვრის საშუალებას იძლევა ამ ორი წლის მანძილზე. თუ გვინდა ორიენტირებული ვიყოთ ხარისხზე, პროდუქტის გრძელვადიანობაზე, მნიშვნელოვნად არის შესაცვლელი კონტრაქტები.”

 

მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა მიმდიანრეობს. სხდომაზე იხილავენ თბილისის მთავრობის საორგანიზაციო საკითხებს, მოისმენენ გამგებელების ანგარიშებს ბიუჯეტში არსებული მდგომარეობისა და პროგრამების მიმდინარეობაზე. ასევე მოისმენენ მერიის სამსახურების ინფორმაციას სამსახურებში არსებული მდგომარეობის შესახებ და თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციის განხორციელების  თაობაზე.

 

თბილისის მთავრობის სხდომა, 7/08/2014
თბილისის მთავრობის სხდომა, 7/08/2014

 

 
 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი