ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა რაია ალ–ჰასანმა ჩაიბარა. ის არამხოლოდ სამშობლოში, არამედ მთელ არაბულ სამყაროში პირველი ქალია აღნიშნულ პოსტზე.
“ევრონიუსთან” ინტერვიუში მინისტრი აღნიშნავს, რომ “ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელიც, საჭიროა, რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს”. ალ–ჰასანი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლიბანში ქალებს მნიშვნელოვანი თანამდებობების დაკავების პრობლემა არ აქვთ.
ამავე ინტერვიუში რაია ალ–ჰასანი დასძენს, რომ მისი, როგორც მინისტრის პრიორიტეტები უსაფრთხოებაზე, ოჯახში ძალადობასა და ნაწილობრივ, 1.5 მილიონ სირიელ ლტოლვილთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სირთულეებზე მუშაობას მოიცავს.
ოჯახში ძალადობაზე საუბრისას, მინისტრი დაზარალებულთა მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და ამბობს:
“პოლიციამ ლიბანის თითოეულ სოფელსა თუ ქალაქში უნდა მოუსმინოს შეურაცხყოფილ ქალებს და ყურადღებით მოეკიდოს მათ საჩივრებს. მკაცრი ვიქნები ამ საკითხზე”.
თანასწორობის საკითხებზე საუბრისას, შინაგან საქმეთა მინისტრი კიდევ ერთ პრიორიტეტად ასახელებს ქალების უფლებას, მიანიჭონ მოქალაქეობა თავიანთ ქმრებსა და შვილებს. ამ უფლებით სარგებლობა, დღეს არსებული კანონმდებლობით, მხოლოდ კაცებს აქვთ.
რაია ალ–ჰასანი 2009–2011 წლებში ფინანსთა მინისტრი იყო. ის პოლიტიკური კოალიცია “14 მარტის ალიანსის” წევრია, რომელსაც ლიბანის პრემიერ–მინისტრი საად ჰარირი ხელმძღვანელობს.