ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა ხდება ყარაბაღში აზერბაიჯანთან გამყოფ ხაზზე უკიდურესი დაძაბულობის ფონზე

7 აგვისტო, 2014 • • 1377
რა ხდება ყარაბაღში აზერბაიჯანთან გამყოფ ხაზზე უკიდურესი დაძაბულობის ფონზე

ოფიციალური ქრონიკა


უკიდურესი დაძაბულობა შეინიშნებოდა 28 ივლისიდან 3 აგვისტომდე პერიოდში. ამ დღეებში, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღ-აზერბაიჯანის გამყოფი ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე 5-ზე მეტი დივერსიულ-სადაზვერვო შემოჭრის მცდელობა განახორციელეს, თუმცა, როდესაც შესაბამისი პასუხი მიიღეს თითოეულ მცდელობაზე და მრავალრიცხოვანი მსხვერპლი განიცადეს, იძულებული გახდნენ საწყის პოზიციებზე დაბრუნებულიყვნენ. მთლიანობაში, ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 28 ივლისიდან 3 აგვისტომდე პერიოდში გამყოფი ხაზის სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის ჯარმა 25 ადამიანი დაკარგა, 30-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე კი დაიჭრა. ამავე პერიოდში არწახის არმიიდან 7 სამხედრო დაიღუპა და 7 დაიჭრა.

ყარაბაღში დაძაბულობის გაჩენისთანავე დაიწყო მოხალისეების ნაწილების ფორმირება, ახალგაზრდები წავიდნენ წინა ხაზზე, რომ, როგორც თავად განაცხადეს, დამდგარიყვნენ ჯარისკაცების გვერდით.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გამყოფ ხაზზე
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გამყოფ ხაზზე

 

ადგილზე ჩავიდნენ თანამდებობის პირებიც. მაგალითად, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა საზღვარზე. 5 აგვისტოს საომარ პოზიციებზე გაემგზავრნენ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი აშოტ გულიანი და უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის საკითხებში ეროვნული კრების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე ჟანა გალსტიანი.

შედარებით მშვიდობიანი პერიოდი დადგა 3 აგვისტოდან. ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 3 აგვისტოს ღამეს აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე არ დაფიქსირებულა დივერსიული შემოჭრის მცდელობები, თუმცა დაძაბულობა საზღვარზე ისევ შენარჩუნდა, რადგან მოწინააღმდეგე დაუღალავად არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ინტენსიური სროლებით, მათ შორის მსხვილკალიბრიანი  ცეცხლსასროლი იარაღიდან. ოპერატიული ინფორმაციით, 3-4 აგვისტოს მოწინააღმდეგემ ზავის რეჟიმი თითქმის 500-ჯერ დაარღვია, რომლის შედეგად სომხური ბლოკპოსტების მიმართულებით 8500 გასროლა განხორციელდა. 4-5 აგვისტოს პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოწინააღმდეგემ თითქმის 400-ჯერ დაარღვია და 6500-ზე მეტი გასროლა განახორციელა.

ისე ჩანდა, რომ სიტუაცია ნორმალურ ვითარებას უბრუნდებოდა, თუმცა 5 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ყარაბაღი-აზერბაიჯანის გამყოფი ხაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მართუნის (იუსიფჯანლუ) მიმართულებით აზერბაიჯანის განსაკუთრებულ საქმეთა დანაყოფებმა დივერსიულ-სადაზვერვო შემოჭრის მორიგი მცდელობა განახორციელეს.

“თავდაცვითი ჯარის საპოსტო დანაყოფების მიერ ორგანიზებული მოქმედებების შედეგად მოწინააღმდეგე, რომელმაც დაკარგა ერთი სამხედრო მოსამსახურე (საგირ იაშარ ოღლუ თარლანლი) და დაეჭრა რამდენიმე, უკუაგდეს საწყის პოზიციაზე. დივერსიული შემოჭრის აღნიშნული შემთხვევის გარდა, 5-6 აგვისტოს პერიოდში წინა ხაზის მთელ გაყოლებაზე მოწინააღმდეგემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაახლოებით 370-ჯერ, რის შედეგადაც სომხური ბლოკპოსტების მიმართულებით განხორციელდა 7000-ზე მეტი გასროლა”, – ნათქვამია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

გამოხმაურებები

 

ქვეყნის შიგნით, მაღალი თანამდებობის პირების, პოლიტოლოგების და ექსპერტების გარდა, გამწვავებულმა ვითარებამ მეზობელი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შუამავლების წარმომადგენლებიც აალაპარაკა.

როგორც წესი, თავისი აქტიურობით გამოირჩეოდა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ჯეიმს უორლიკი, რომელმაც აზერბაიჯანულ სააგენტო АРА-სთან საუბარში განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი ომის გზით ვერ გადაიჭრება.

უორლიკმა მხარეებს მოუწოდა, დაიცვან ზავის პირობები და აღნიშნა, რომ შუამავლები აქტიურად თანამშრომლობენ მხარეებთან მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების მოსაძიებლად. უორლიკის თქმით, მინსკის ჯგუფი რჩება შუამავლობის ერთადერთ ფორმატად:

“ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონში ხშირ ვიზიტებს. ვიმედოვნებ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები დათანხმდებიან შეხვედრას და წამოჭრილი საკითხების უახლოეს დროში განხილვას. მოლაპარაკებების დაწყების დრო დადგა, რაც მოიტანს მშვიდობიანი შეთანხმების გაფორმებას. თუკი მხარეებს მართლაც სურთ კონფლიქტის გადაჭრა, მაშინ მათ უნდა მიიღონ შვეიცარიის წინადადება მოლაპარაკების დაწყების შესახებ თანათავმჯდომარეების მონაწილეობით,” – თქვა უორლიკმა.

როგორც ირკვევა, საზღვარზე დაძაბულობით ნატოც შეშფოთებულია. ამის თაობაზე განაცხადა ნატოს კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიაში უილიამ ლაიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ ის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მომხრეა. ლაიმ დასძინა, რომ სიტუაციის გამწვავება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ აზერბაიჯანსა და სომხეთს, არამედ მთელ რეგიონს და ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის ლიკვიდაციისთვის.

დაძაბულობის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოთქვა, ასევე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოუწოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები დაძაბულობის შესამცირებლად და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა გაიხსენა ევროპის საკითხებში მინისტრის, დევიდ ლიდინგსტონის განცხადება ზავიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით: “მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, იმუშაონ ეუთოს მინსკის ჯგუფთან”.

“აშშ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დაძაბულობის ესკალაციის გამო გამყოფ ხაზზე, რომელმაც 31 ივლისიდან მოყოლებული, მოიტანა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი და გამოხატავს მწუხარებას დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახის წევრების მიმართ, ასევე, მოუწოდებს მხარეებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები დაძაბულობის შესამცირებლად და პატივი სცენ ზავის რეჟიმს,” – განაცხადა ბრიფინგის დროს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეინ ფსაკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ კონფლიქტი არ შეიძლება დარეგულირებული იყოს სამხედრო გზით.

“ჩვენ, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომრეები, უწინდებურად მზად ვართ დავეხმაროთ მხარეებს მიაღწიონ კონფლიქტის გრძელვადიან დარეგულირებას,” – განაცხადა ფსაკიმ.

როგორც ჩანს, სწორედ საზღვარზე გამწვავებული ვითარება და ამასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მსხვერპლი იქნება განხილვის ცენტრალური თემა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის დროს, რომელიც სოჭში 8-9 აგვისტოს უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, რომ სერჟ სარგსიანისა და ილჰამ ალიევის ბოლო შეხვედრა 2013 წლის 19 ნოემბერს შედგა ვენაში.

ყარაბაღელი მოხალისეების რაზმები წინა ხაზზე გაემგზავრნენ
ყარაბაღელი მოხალისეების რაზმები წინა ხაზზე გაემგზავრნენ

 

რა მდგომარეობაა უშუალოდ ყარაბაღში?

არც ისე დიდი ხნის წინ ომგამოვლილი ყარაბაღის მოსახლეობა ჩვეულებრივი რიტმით ცხოვრობს. დაძაბულობის ესკალაციის და ათასობით მოხალისის სურვილის მიუხედავად, რომ წინა ხაზზე შეუერთდნენ სამხედროებს, დანარჩენი მოსახლეობა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას. ამ დაძაბულ დღეებშიც კი ყარაბაღში პანიკა არ ყოფილა. თუმცა პანიკაში იყვნენ ყარაბაღელების ნათესავები და ახლობლები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ და გამუდმებით რეკავდნენ, რომ გაეგოთ, თუ რა ხდება სინამდვილეში ყარაბაღში.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი