NGO-ების და აქტივისტების პეტიცია მართლმსაჯულების გადასარჩენად

ინტერნეტში სასამართლოს გადასარჩენად პეტიცია გამოქვეყნდა, რომლის შემუშავებაც 4 თებერვალს საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პროფესიული წრეების, პარტიების და აქტიური მოქალაქეების ფართო შეკრების შედეგად გადაწყდა. პეტიციის ტექსტს ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ.

  • პეტიციასთან შეერთება ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ ბმულზე.

საქართველოს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის საკითხი მუდმივად დგას დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. როგორც პეტიციის ავტორები აცხადებენ, წლების განმავლობაში მიმდინარე რეფორმებმა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია და შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოხატეს მყარი პოლიტიკური ნება, უარი ეთქვათ სასამართლოს კონტროლზე, რაც მძიმედ აისახა საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებებზე, ქვეყნის რეპუტაციასა და დემოკრატიულ განვითარებაზე.

 

სასამართლო ხელისუფლება დღეს - ციტატა

● დისკრედიტირებულ და რეპუტაციაშელახულ მოსამართლეთა დიდი ნაწილი უვადოდ არის დანიშნული და კლანური პრინციპებით მართავს სასამართლო სისტემას;

● სასამართლოში გაბატონებული და პოლიტიკური ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი მოსამართლეთა კლანი, რომელიც  წინა ხელისუფლების დროსაც მართავდა და აკონტროლებდა სასამართლოს, ეწინააღმდეგება რეალურ და სიღრმისეულ რეფორმებს;

● სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობა დღითიდღე იკლებს;

● სასამართლო ხელისუფლების სადავეებთან მყოფი კლანი ალიანსში შევიდა მმართველ პარტიასთან და საკუთარ ინტერესებს მოარგო ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა;

● სასამართლოში გაჩნდა ნეპოტიზმის  და კორუფციის ნიშნები;

● სასამართლოში გაბატონებული კლანის მიერ იდევნება განსხვავებული აზრი;

● კლანის წევრი მოსამართლეები აკეთებენ პოლიტიკურ და სამოსამართლო ეთიკისათვის შეუთავსებელ განცხადებებს და მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში.

 

პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ შექმნილი კრიზისული ვითარება ანგრევს ნდობას სასამართლოს მიუკერძოებლობისა/დამოუკიდებლობისადმი და არყევს საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტს:

სწორედ ამიტომ, დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის იდეის გადარჩენა სახელმწიფოებრივი საკითხი გახდა. შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა მხოლოდ მკვეთრი გადაწყვეტილებების და პრინციპული რეფორმების შემთხვევაშია შესაძლებელი, რომელთა მიზანი ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა,  საზოგადოების ინტერესებსა და სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება.”

რას ითხოვენ პეტიციის ავტორები - დააკლიკეთ

● ​დატოვონ თანამდებობები უსამართლობის სიმბოლოდ ქცეულმა მოსამართლეებმა- მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ  წევრებმა, რომელთაც მხარი დაუჭირეს კლანური პრინციპით გადაწყვეტილებების მიღებას. კლანის წევრებმა სხვა მოსამართლეებს მისცენ უფლებამოსილებების ღირსეულად შესრულების შესაძლებლობა;

● ​ხელისუფლებამ შეწყვიტოს მოსამართლეთა გაბატონებული კლანის მხარდაჭერა;

●​ შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები, ვიდრე ძირეული რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან;

●​ საზოგადოებრივი ჯგუფების ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლო სისტემის სიღრმისეული რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მკაფიო მიზანიც სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლება იქნება.

 

პეტიციის ხელმომწერების სია

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კავშირი ,,საფარი”

საქართველოს პენ-ცენტრი

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის

საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

საზოგადოება და ბანკები

მედიის განვითარების ფონდი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

ცენტრი “ემპათია”

 გია ხუხაშვილი

მაია მწარიაშვილი

კახა წიქარიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

ირაკლი კორძახია

ლაშა ტუღუში

კახა კოჟორიძე

ზაზა ხატიაშვილი

გიორგი ხვედელიანი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.