საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით, თიბისი ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიება შერჩევითი მართლმსაჯულების შთაბეჭდილებას ტოვებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ 10 წლის წინანდელ საქმეზე დაწყებულმა გამოძიებამ და სოციალურ ქსელებში, სავარაუდოდ, მმართველ პარტიაზე მომუშავე გვერდების მხრიდან მათზე თავდასხმამ გააჩინა ეჭვი, რომ გამოძიების დაწყებას სხვა მოტივი აქვს.
“ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა 14 თებერვალს ეროვნული ბანკის მიერ „თიბისი ბანკისადმი” გაგზავნილმა წერილმა, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა (მამუკა ხაზარაძის) და თავმჯდომარის მოადგილის (ბადრი ჯაფარიძის) მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში. ეს ხდება მაშინ, როდესაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ გამოძიება არ დასრულებულა და მათი ბრალეულობა არ დამტკიცებულა. ეროვნული ბანკის წერილმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების მყისიერად, 6.6%-ით გაუფასურება გამოიწვია,”-აცხადებენ TI-ში.
TI-ის შეფასებით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე სებ-ის მიერ ბანკისთვის წაყენებული მსგავსი მოთხოვნის მოტივი, შესაძლოა, პოლიტიკური ან ბიზნესინტერესით იყოს განპირობებული. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტრანზაქციაზე დაწყებულ გამოძიების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია.
“ანაკლია ოკუპირებული აფხაზეთიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრშია, რაც პროექტს დამატებით მნიშვნელობას სძენს ადმინისტრაციული საზღვრის პირას მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის და ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გზით საქართველოსადმი მიზიდულობის ზრდის კუთხით.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პორტის აშენების ტენდერში 2016 წელს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის დროს გაიმარჯვა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაც (ჩართულობა) მის დროს მიიღო. გასული წლის ზაფხულში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა, მან პრემიერ-მინისტრი გადაყენების შემდეგ მწვავედ გააკრიტიკა, ასევე „თიბისი ბანკი“ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია, მამუკა ხაზარაძეს კი უმადურობაში დასდო ბრალი.
როდესაც ამ ფონზე ხდება პროკურატურის გააქტიურება 10 წლის წინანდელ საქმეზე და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი ლიდერი კომპანიის მენეჯმენტზე გამოძიების დაწყება, ეს უკვე საფრთხეს უქმნის კონსორციუმს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ცალკე ზარალდება ქართული საბაკო სექტორისადმი ნდობა. ამ დროს ხელისუფლება ვერ აყალიბებს არგუმენტირებულად, თუ რატომ გახდა ეს საქმე ახლა აქტუალური და რატომ არ გამოიძიეს აქამდე. ეს კი ლოგიკურ კითხვას აჩენს, ეს საკითხი ხომ არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, პროკურატურა კი – ხელისუფლების ხელში არსებული სადამსჯელო იარაღი?
ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია პროცესი წარიმართოს ისე, რომ „თიბისი ბანკის“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საქმიანობა არ შეფერხდეს, ასევე, უნდა შეწყდეს ორკესტრირებული შეტევა მთავრობისა და სოციალური ქსელებში მთავრობასთან აფილირებული პროპაგანდისტული გვერდების მხრიდან და საგამოძიებო სტრუქტურებისგან კითხვებზე პასუხი მივიღოთ, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესი, არ შეფერხდეს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე პორტის მშენებლობა და პრობლემა არ შეექმნას ქვეყნის წამყვანი ბანკის მუშაობას. ცალსახაა, რომ ამდენი პასუხგაუცემელი კითხვის არსებობის პირობებში პროცესი შერჩევითი მართლმსაჯულების შთაბეჭდილებას ტოვებს,”-წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში,”-წერია განცხადებაში.