ნეტგაზეთი | კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტად II ვადით აირჩიეს კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტად II ვადით აირჩიეს – Netgazeti
RU | GE  

კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტად II ვადით აირჩიეს

15 თებერვალს სასტუმრო ჰუალინგში გამართულ სფფ-ის რიგით 29-ე საარჩევნო ყრილობაზე დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით ლევან კობიაშვილი აირჩიეს, რომელიც არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში 29 დელეგეტიდან 28-მ მიიღო მონაწილეობა და მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთადერთ წარდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ლევან კობიაშვილი ქართულ საფეხბურთო სამყაროს მომავალი 4 წლის განმავლობაშიც უხელმძღვანელებს.

უზომოდ ბედნიერი ვარ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, კიდევ ერთი ვადით ვუხელმძღვანელო ქართულ ფეხბურთს. ვხვდები, თუ რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია და აბსოლიტურად ვიაზრებ ამ ყველაფერს. მზად ვარ, თქვენთან ერთად, ჩვენს ძალიან მაგარ და დიდ გუნდთან ერთად, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის კიდევ უფრო ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელო, რათა სპორტის ეს სახეობა უფრო წარმატებული გახდეს ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი ნდობისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც კიდევ ერთხელ გიცხადებენ ნდობას, გაფასაბენ და გაძლევენ შანსს, უხელმძღვანელო სპორტის იმ სახეობას, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,” – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

სფფ-ის პრეზიდენტთან ერთად რიგით 29-ე ყრილობაზე დელეგატებმა აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგ შემადგნელობა აირჩიეს: აკაკი ალადაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ილია ინჯია, ნინო სორდია, თენგიზ სულქველიძე, რომან ფიფია, ბესიკ ჩიხრაძე, კახა ჭუმბურიძე, გოჩა ჯამარაული, ნიკოლოზ ჯღარკავა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.