ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თიბისი ბანკთან დაკავშირებულ მოვნელებს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მეშვეობით მამუკა ხაზარაძეს თავს ივანიშვილი ესხმის.
“მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დევნა განახორციელა ოპოზიციაზე, თავისუფალ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, რომ ის შეტევას მიიტანდა ბიზნესსექტორზე. განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც მისი დიქტატის ქვეშ არ მოქმედებენ. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს უკმაყოფილება საფინანსო სექტორის მიმართ, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს საშუალებას მივცემთ მოაშთოს თავისუფლების ყველა გამოვლინება ამ ქვეყანაში, ჩვენ მივიღებთ ჩვეულებრივ პუტინის სექტორს,”-აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილის მტკიცებით, კომერციული ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებში ყველაზე საინტერესო ანაკლიის პორტია. მისი თქმით, საინტერესოა, ანაკლიის პორტის გამო გადაეკიდა ივანიშვილი ხაზარაძეს, თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ ჯდება მის ინტერესებში და ამიტომ ებრძვის ხაზარაძეს.
“ივანიშვილს ანაკლია, შესაძლოა, იმის გამო არ მოსწონს, რომ ის არის თავისუფალი და მსხვილი ბიზნესის მიერ განხორციელებული პროექტი. ვფიქრობ, ხაზარაძეს რაიმე სხვა პროექტი რომ ჰქონოდა, იმასაც გადაეკიდებოდა. მას არ უნდა თავისუფლება, არ სურს არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც აქვთ რესურსი და მისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. ისიც ცხადია, რომ რუსეთი დაინტერესებულია, ანაკლია არ აშენდეს. რადგან დღევანდელი ფოთის პორტი არის საცობი ევროპა-შუა აზიის დამაკავშირებელ კორიდორში. ბაქოში უკვე გაკეთდა ღრმაწყლოვანი პორტი, რუმინეთს აქვს კონსტანცაში პორტი, შესაბამისად, ერთადერთი ადგილი ამ დერეფანში ტვირთბრუნვის გასაზრდელად არის ანაკლია. ამ შემთხვევაში რუსეთისა და ივანიშვილის ინტერესები, რომ ანაკლია არ აშენდეს, ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ანაკლიის პორტზე ივანიშვილი რუსეთიდან დირექტივებს იღებს, ეს ასე არ არის,” – აცხადებს ჭიაბერაშვილი.
14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს. ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისთვის 2-თვიანი ვადა აქვს.
თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ, სამართლებრივ დავას აგრძელებენ.