ახალი ამბებისაზოგადოება

“სიდას” შესაძლო ფინანსურ და შრომით დარღვევებს ედავებიან

15 თებერვალი, 2019 •
“სიდას” შესაძლო ფინანსურ და შრომით დარღვევებს ედავებიან

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ყოფილი თანამშრომლები დამსაქმებლის მიერ სავარაუდო ფინანსურ კანონდარღვევაზე მიუთითებენ. ერთ-ერთი მათგანი ორგანიზაციას შრომითი უფლების დარღვევასაც ედავება. პროტესტის ნიშნად “სიდა” რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა.

ორგანიზაციის ამჟამინდელი დირექტორი აცხადებს, რომ შესაძლო დარღვევები მის დირექტორად დანიშვნამდე ხდებოდა და თვითონ მიმართა პროკურატურას ამ საკითხზე. თუმცა ერთ-ერთი სადავო ხელშეკრულება მისი დირექტორობის დროსაცაა დადებული. დირექტორი ამბობს, ის არ ფლობდა ინფორმაციას ამ კონტრაქტზე. პროკურატურაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საკითხის შესწავლა დაწყებულია. “სიდას” სულ ცოტა ორმა დონორმა შეაჩერა ორგანიზაციასთან ხელშეკრულებები.

შესაძლო ფინანსური დარღვევები

ლიკა კასრაძე, რომელიც სიდაში 2015 წლის დეკემბრიდან მუშაობდა, ამბობს, რომ ორგანიზაციაში მისთვის აქამდე უცნობი, სავარაუდო ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა. მისი თქმით:

  • “სიდას” საქაღალდეში ინახებოდა ხუთი შრომითი ხელშეკრულება მისი სახელით, თუმცა სინამდვილეში მას მხოლოდ ერთზე ჰქონდა ხელი მოწერილი;
  • შემოსავლების სამსახურის მონაცემებში ჩანს, თითქოს მისთვის 35 000 ლარით მეტი აქვთ გადახდილი, როდესაც მან რეალური სახით ნაკლები თანხა მიიღო წლების განმავლობაში;

ეს ინფორმაცია ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა. 15 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში მან დაწერა, რომ  “2019 წლის იანვრის ბოლოს თანამშრომლის მომართვის საფუძველზე დაფიქსირდა ფინანსური გადაცდომის რამდენიმე ფაქტი, რაც მიუთითებს ფინანსური რესურსების შესაძლო არასწორ ან არამიზნობრივ განკარგვაზე”.

ზურაბიშვილმა დაწერა, რომ შესაძლო ფინანსური დარღვევები მის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნამდე ფიქსირდება, — 2015 წლის ბოლოდან 2018 წლის დასაწყისამდე პერიოდში.

“ლიკა კასრაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის 2015-დან 2017 წლის ჩათვლით. ამასთან დაკავშირებით პირველი, რაც გავაკეთე ლიკა კასრაძის მომართვის შემდეგ, იყო ის, რომ გამოვითხოვე ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან ამ თანამშრომლის სახელზე ჩვენი ორგანიზაციისგან დარიცხული შემოსავლების შესახებ. შევადარეთ ეს ინფორმაცია მის კონკრეტულ ანგარიშზე გადარიცხულ თანხებს და იყო განსხვავება ამ ორს შორის. შესაბამისად, მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს და ისინი გამოიკვლევენ, რაში იყო მაგ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე”, — უთხრა ზურაბიშვილმა ნეტგაზეთს.

თუმცა ერთ-ერთი ხელშეკრულება “სიდას” სხვა, ახლა უკვე ყოფილი თანამშრომლის, ნაზი ბურდულაძის, სახელით 2018 წლის ივნისშია დადებული, არადა ბურდულაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ამ დოკუმენტზე მას ხელი არ მოუწერია; ამ დროს ორგანიზაციას უკვე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობდა;

“სიდას” დირექტორი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ნაზი ბურდულაძის ხელშეკრულების დადების დროს სწორედ ის იყო აღმასრულებელი დირექტორი, თუმცა “იმის შესახებ, რომ თვითონ ნაზის ხელი არ მოუწერია ამ კონტრაქტზე, ინფორმაცია” არ ჰქონდა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ვის შეიძლებოდა ეს ინფორმაცია ჰქონოდა, ვინ აფორმებს ორგანიზაციაში თანამშრომლებთან ხელშეკრულებებს, ზურაბიშვილმა გვიპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით პროკურატურას მიაწოდეს ინფორმაცია.

ნეტგაზეთის განმეორებით კითხვაზე, რა პოზიციაზე მყოფი ადამიანი იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ გაეფორმებინა თანამშრომელთან ხელშეკრულება, მან გვიპასუხა: “ჩვენს ორგანიზაციაში არის როგორც ფინანსური მენეჯერი, ასევე იურისტი, რომელიც ამ მიმართულებით არის პასუხისმგებელი”, შემდეგ კი გაიმეორა, რომ “ამასთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მივაწოდეთ ინფორმაცია და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება”.

პროკურატურაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დაიწყება.


იმ პერიოდში, რაზეც ზურაბიშვილი მიუთითებს, “სიდას” აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი იყო. მან 2018 წელს დატოვა ორგანიზაცია — მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. “ნეტგაზეთს” სურდა, დევდარიანისთვის ეკითხა, არის თუ არა საქმის კურსში, იცის თუ არა, რომ მისი დირექტორობისას მსგავს შესაძლო დარღვევებს ჰქონდა ადგილი და იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

დევდარიანის მობილური ტელეფონი მიუწვდომელია. 15 თებერვალს მან on.ge-ს უთხრა, რომ “სხვა პერიოდს ემთხვევა და კომენტარს ვერ გააკეთებს”. თუმცა, როგორც ახლანდელი დირექტორი ამბობს, საუბარია სწორედ დევდარიანის დირექტორობის დროზე.

ფინანსური მენეჯერის პასუხი

ზურაბიშვილის თანახმად, 14 თებერვლის დილას ორგანიზაციის ბუღალტერმა და ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღმოაჩინეს, რომ ოფისიდან ერთ-ერთი პროექტის ორიგინალი დოკუმენტები “არის გამქრალი”, ზოგიერთი დოკუმენტი ჩანაცვლებულია და, ასევე, “ფინანსური მენეჯერის კომპიუტერში არის წინა წლების ფაილები წაშლილი.”

“როდესაც ფინანსურ მენეჯერს ვკითხეთ, სად არის ეს დოკუმენტები, განაცხადა, მანდ უნდა იდოსო. რომ ვუთხარით, რომ არ არის აქ დოკუმენტები და ვკითხეთ, სად არის, მაგაზე აღარ მოუწერია პასუხი. ამის შესახებაც ვაცნობეთ პროკურატურას”, – უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ნეტგაზეთს.

ნეტგაზეთს “სიდას” ფინანსურმა მენეჯერმა, ნუგზარ არველაძე თანხებს შორის აცდენასთან დაკავშირებით უთხრა: “უბრალოდ დეკლარირების დროს მოხდა ტექნიკური შეცდომა, რომელიც გასწორებადია, მაგრამ ველოდებით, რომ სხვა აუდიტმა გადაამოწმოს ინფორმაცია, რომ დაზუსტდეს”.

“ეს არის 5 წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომა. ზოგგან წერია ამონაწერში, რომ საერთოდ არ იყო ის თანხა დეკლარირებული, ზოგგან ბევრი იყო”. ნეტგაზეთის კითხვაზე, რა იყო ამის მიზეზი, მან გვიპასუხა, რომ გამოძიება დაადგენს, შემდეგ კი დასძინა: “ტექნიკური შეცდომა იყო, ჩემი აზრით”.

რაც შეეხება ხელშეკრულებებზე ხელმოწერებს, არველაძე ამბობს: “ხელშეკრულება არ არის აუცილებლობა, თვითონ ორგანიზაციაში იყო შეთანხმება თანხაზე, რომელი თანხაც ეწერა იმ ხელშეკრულებაში და რომელი თანხაც ერიცხებოდა მას. ანუ აქ გაყალბებაზე ან მითვისებაზე ლაპარაკი არ არის. ის ხელშეკრულება იყო როგორც შაბლონი, რომელიც საჭიროებისთვის იყო და არა, ვთქვათ, გაყალბებულიყო. რაზეც იყო შეთანხმება, რა თანხაც ერიცხებოდა, ის ეწერა იმ ხელშეკრულებაში”.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ თანამშრომლებს ხელი არ ჰქონდათ მოწერილი, ამბობს: “ამას უკვე არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გაყალბებაზე და მითვისებაზე საუბარი არაა”. მისი თქმით, ის უბრალოდ იღებდა ხელმოწერილ ხელშეკრულებებს და ის არ აფორმებდა.

“ხელშეკრულება იურისტს უნდა გაეფორმებინა, მაგრამ ხშირად არ გვყავდა ჩვენ იურისტი. ხან დირექტორი აფორმებდა, ხან, არ ვიცი, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა. ჩვენ მარტო გრანტებზე ვმუშაობდით და არ გვქონდა ის სხვა თანხები, რომლითაც შევძლებდით იურისტის დაქირავებას. თუ პროექტში იყო იურისტი, მხოლოდ მაშინ”.


სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ჩატარებული ფინანსური აუდიტებითა და 2018 წელს საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტით რაიმე სახის ხარვეზი ორგანიზაციაში არ ფიქსირდებოდა. თუმცა, აღნიშნული მოვლენების გათვალისწინებით, ასევე დავიწყეთ საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიის შერჩევის პროცესი, რომელიც გამოიკვლევს კონკრეტულად ზემოთ აღნიშნულ შესაძლო ფინანსურ გადაცდომებს”.

შრომითი დავა

ლიკა კასრაძე, რომელიც “სიდაში” (“სამოქალაქო განვითარების სააგენტოში”) ვებ-რედაქტორად 2015 წლის დეკემბრიდან მუშაობდა, ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორ სალომე ზურაბიშვილს შრომითი უფლების დარღვევასაც ედავება. კასრაძე ამბობს, რომ 2019 წლის დასაწყისში ზურაბიშვილმა უთხრა, რომ ორგანიზაცია მასთან თანამშრომლობას მარტის დასაწყისში დაასრულებდა.

კასრაძე, რომელიც ამ დროს ფეხმძიმობის მესამე თვეში იყო, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სცადა, აეხსნა დირექტორისთვის ოჯახური მდგომარეობა და უთხრა, რომ “ამ მდგომარეობაში სხვა სამსახურს ვერ იპოვიდა, თუმცა უშედეგოდ”. კასრაძეს საბოლოოდ 6 თებერვალს აცნობეს, რომ 6 მარტს ასრულებდა მუშაობას.

ნეტგაზეთთან საუბარში კასრაძემ თქვა, რომ თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზად დაუსახელეს ერთ-ერთი პროექტის დასრულება და მეორე პროექტში ფინანსური რესურსის არარსებობა, თუმცა მას ეს განმარტებები არ აკმაყოფილებს. “პარადოქსი ის არის, რომ ორგანიზაცია აქტიურად საქმიანობს ქალთა გაძლიერების კუთხით და მის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებში გენდერული თანასწორობა, ქალთა გაძლიერება და ადამიანის უფლებები შედის”, — წერს იგი.

მისი თქმით, ის ცდილობდა, გაეგო “სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზები” და ეცადა ორგანიზაციასთან შეთანხმებისთვის მიეღწია. თუმცა მას შემდეგ, რაც “ამოწურა დავის რესურსები ორგანიზაციის შიგნით”, ახლა უკვე აპირებს, სახალხო დამცველს მიმართოს და სასამართლოში დაიწყოს შრომითი დავა.

რას ამბობს დირექტორი?

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი, ნეტგაზეთთან საუბარში ადასტურებს, რომ ლიკა კასრაძე ორ პროექტში იყო ჩართული; მისივე თქმით, ერთ-ერთ მათგანს 6 მარტს ეწურება ვადა. მეორე პროექტზე ზურაბიშვილი ასეთ განმარტებას აკეთებს:

ეს “აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის” (EWMI-ის) ACCESS-ის დაფინანსებული პროექტი იყო, “რომელშიც ძირითადად იყო ჩართული ლიკა 2015 წლიდან… ამ პროექტის ფარგლებში ბიუჯეტი მთლიანად აღარ არსებობს, იმიტომ, რომ ამოიწურა თანხა. ეს პროექტი სრულდება, სამუშაოს დასრულების ეტაპზე ვართ და ვხურავთ პროექტს. შესაბამისად, მისი სამუშაო ამოიწურა ამ პროექტის ფარგლებში”, – ამბობს ზურაბიშვილი.

დირექტორის თქმით, მას შემდეგ, რაც კასრაძემ უთხრა, რომ ფეხმძიმედ იყო, იგი შემდეგნაირად მოიქცა: “მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში გავაფრთხილეთ ლიკა, რომ [პროექტი] სრულდებოდა და მას იანვრის შემდეგ ანაზღაურება ვერ ექნებოდა ამ პროექტის ფარგლებში, რადგან მისი სამუშაო ამ პროექტის ფარგლებში დასრულდა, მას შემდეგ, რაც იანვარში მითხრა, რომ ფეხმძიმედ იყო, პირველი, რაც გავაკეთე, იყო ის, რომ მივაწოდე ინფორმაცია დონორს. დაველაპარაკე, რამდენად შესაძლებელი იყო დამატებითი რესურსების გამოყოფა იმისთვის, რომ თანამშრომელი შეგვენარჩუნებინა”.

დონორმა, ზურაბიშვილის თანახმად, ორგანიზაციას უპასუხა, რომ “სამწუხაროდ ეს პროექტი სრულდება, 5-წლიანი პროექტი იყო და ეს არის დასრულების ფაზა, შესაბამისად, ამ პროექტის ფარგლებში აღარ არსებობს ბიუჯეტი და ვერ შევინარჩუნებდით ამ თანამშრომელს”.

“ამის მიუხედავად, მაინც გავაგრძელეთ კონსულტაცია,  დღეს 6 მარტამდე არის ეს ადამიანი ამ ორგანიზაციაში, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ კონსულტაციას, რომ იქნებ როგორმე შევინარჩუნოთ”, – ამბობს ზურაბიშვილი.

რას ამბობს დონორი?

ნეტგაზეთი დაუკავშირდა EWMI ACCESS-ის ხელმძღვანელს, თამუნა ქაროსანიძეს ინფორმაციის გადასამოწმებლად. მან გვითხრა:

“ჩვენ სალომე დაგვიკავშირდა და გაგვაგებინა, რომ ასეთი შემთხვევა იყო ორგანიზაციაში, რომ ამოიწურა ფეხმძიმედ მყოფი თანამშრომლის კონტრაქტის ვადა და ის ითხოვდა დარჩენას. არ უთხოვია სალომეს, რომ სახსრები გამოგვეძებნა მის დასატოვებლად, ასეთი მოთხოვნა პირდაპირ არ ყოფილა. თუ ასეთი მოთხოვნა იქნებოდა, ჩვენი ვალდებულება იქნებოდა, რომ გვენახა, როგორია ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა”.

თამუნა ქაროსანიძის თანახმად, მათ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღეს ზურაბიშვილისგან წერილობითი შეტყობინება, სადაც იგი კითხულობდა, შესაძლებელი იყო თუ არა პროექტში დარჩენილი თანხის ნაწილის გამოყენება თანამშრომლის, ლიკა კასრაძის ანაზღაურების დასაფარად. “მაგრამ იმ დროისთვის  ორგანიზაციის ფინანსური პრობლემების შესახებ უკვე იყო ჩვენთვის ცნობილი და მაშინ უკვე შევაჩერეთ გრანტი და შეჩერებული პროექტიდან ხელფასს ვეღარ დავფარავდით”, გვუებნება იგი. მისი თქმით, EWMI ACCESS-ი განიხილავს სიდას ფინანსურ აუდიტში თანამონაწილეობასაც.


“სიდაში” შესაძლო ფინანსური დარღვევების გამო ხელშეკრულება შეუჩერა გაეროს ქალთა ორგანიზაციამაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი