ახალი ამბები

საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა

5 აგვისტო, 2014 • • 1344
საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა

“თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელსაც მე თქვენ დღეს წარმოგიდგენთ, არის პროფესიონალი გუნდი. ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მიმართულებით მუშაობის საკმაოდ დიდხნიანი გამოცდილება.  ეს ადამიანები კარგად იცნობენ იმ წინასაარჩევნო პროგრამას, რომლითაც ჩვენ წარვსდექით ამომრჩევლის წინაშე და რომლითაც მაღალი ნდობა გამოგვიცხადეს თბილისელებმა,” – განაცხადა ნარმანიამ.

 

კანდიდატების წარდგენის შემდეგ დავით ნარმანიამ საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც წინასაარჩევნო პროგრამასა და თბილისის განვითარებასთან დაკაშირებით მის ხედვებს ეხებოდა.

 

საკრებულომ მერის მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი ფარული კენჭისყრით დაამტკიცა.

 

დამოუკიუდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, მისთვის კანდიდატების დამტკიცების ეს ფორმატი მიუღებელი იყო:

 

“ჯერ დავამტკიცეთ მთავრობა და მერე მათ უნდა მოვუსმინოთ, სამსახურების უფროსების ხედვები გავიგოთ, მათზე წარმოდგენა შეგვექმნას. თუ არ აქვთ ხედვები და ცუდი წარმოდგენა აღმოგვაჩნდა, მაშინ რა უნდა ვქნათ, გავაუქმოთ კენჭისყრის შედეგები? ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან იჩქარა დღეს საკრებულომ, ერთი კვირის განმავლობში ყოველდღიურად, სამუშაო რეჟიმში უნდა გვემუშავა და თითოეული მათგანისთვის მოგვესმინა,” – თქვა ელისაშვილმა.

 

მისი თქმით, კანდიდატების ნაწილი მისაღები იყო, ნაწილი მიუღებელი და დიდ ნაწილს საერთოდ არ იცნობდა:

 

“ალექსანდრე მარგიშვილს არ დავუჭირე მხარი, ზაზა გაბუნიას არ დავუჭირე მხარი, ვინაიდან ვერ მივხვდი, რა ნიშნით არიან ისინი შერჩეულები. ძირითადად, თავს ვიკავებდი, რადგან წარმოდგენა არ მაქვს, ეს ადამიანები როგორ გაართმევენ თავს საკუთარ მოვალეობას. ვისაც ვიცნობდი და  ვარ დარწმუნებული, რომ თავს გაართმევენ მოვალეობას, მათ დავუჭირე მხარი,” – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

 

საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, მან მთავრობის ამ შემადგენლობას მხარი დაუჭირა, რადგანაც ნარმანიას პროგრამას ენდობა: “ფრაქცია რესპუბლიკელებმა, ისევე როგორც მთელმა უმრავლესობამ,  ყველა კანდიდატს დავუჭირეთ მხარი. ბუნებრივია, როდესაც მხარდაჭერას უცხადებ მერს და მის გუნდს, – უცხადებ ყველა კანდიდატს.”

 

საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან, ირაკლი აბესაძემ მერის მიერ წარმოდგენილი პროგრამა და კანდიდატები გააკრიტიკა.

“ჩვენ გაგვიმყარდა რწმენა, რომ წარმოდგენილი პროგრამა იყო ძალიან სუსტი, ხარვეზიანი და, სამწუხაროდ, მთავრობის წევრობის კანდიდატები ამ პროგრამასაც კი არ იცნობენ, მათ არა აქვთ კონკრეტული ხედვა, როგორ შეუსრულონ თბილისელებს დანაპირები,” – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი