ახალი ამბები

სინაურიძე: “ახალი სიცოცხლის” მენეჯმენტის და ექიმების კონფლიქტში ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ჩაერიოს

5 აგვისტო, 2014 • • 2793
სინაურიძე:  “ახალი სიცოცხლის” მენეჯმენტის და ექიმების კონფლიქტში ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ჩაერიოს

“ინვესტორის წინააღმდეგი არ არის, უბრალოდ, ზოგ შემთხვევებში მხოლოდ მოგებაზე ორიენტირება ხდება, რაც ყოვლად მიუღებელია. ამ საკითხში ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ჩაერიოს და მდგომარეობა დაარეგულიროს და კომპეტენციები განსაზღვროს. კერძო სექტორსა და სახელმწიფოს ურთიერთობის კლასიკური მაგალითია აშშ-ი და ისრაელი. ამ ქვეყნებში პრაქტიკულად ყველა საავადმყოფო კერძოა, მაგრამ სახლემწიფოს აქვს ისეთი  რეგულაციები, რომ წამყვანი როლი სამედიცინო პროცესებში  სამედიცინო პერსონალს უკავია და არა ინვესტორს, რომელიც წყვეტს,  ექიმმა რამდენი წამალი უნდა დაალევინოს და რამდენი ექთანი უნდა ყავდეს კლინიკას” – აცხადებს სინაურიძე.


სინაურიძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა, როცა ჯანდაცვას სოლიდური დაფინანსება მისცა:


“ეს ფული სცდება პაციენტს და სამედიცინო პერსონალს და ვიღაცის ჯიბეში ილექება. ასეთ კერძო ინტერესებს ეწირება  ზოგჯერ პაციენტი. გაზრდილია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა.” 

 

კლინიკა “ახალი სიცოცხლის” მედპერსონალის წარმომადგენლები 2014 წლის 8 აგვისტოდან პაციენტებს აღარ მოემსახურებიან, ხოლო სამედიცინო დაწესებულებას პირადი განცხადების საფუძველზე 11 აგვისტოს დატოვებენ. ამის შეასხებ სინაურიძემ 28 ივნისს განაცხადა:  

 

“ისეთი მმართველობის სისტემაა შემოღებული, რომ ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ პაციენტების უსაფრთხოებას. ეს კლინიკა ცნობილია იმით, რომ ძალიან მაღალი სტანდარტები ჰქონდა მომსახურების ხარისხის. სავალალო შედეგი რომ დადგეს, არავინ იკითხავს ვინ ფლობს და ვინ მართავს, არამედ იკითხავს ვინ არის კლინიკის ექიმი. დადგება ჩენი პირადი პასუხისმგებლობა და არც ერთ ექიმს არ უნდა მენეჯერის გამო პასუხი აგოს პაციენტის წინაშე.”

 

“ახალ სიცოცხლეს” “ავანტე ჯგუფი” ფლობს, რომელიც კომპანია „ევექსის” მენეჯმენტს ექვემდებარება. “ევექსი” სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” მფლობელობაშია.

 

კლინიკა “ახალი სიცოცხლეში” მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ აცხადებენ სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 

“რაც შეეხება 28 ივნისს მომხდარ ფაქტს, იგი დაკავშირებული იყო კონკრეტული პიროვნებების კერძო ინტერესებთან, რომლებმაც თანამშრომლების გარკვეული ნააწილი შეიყვანეს შეცდომაში, რაც მიზნად ისახავდა კლინიკის რეპუტაციის შელახვას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა მოკვლევა და დასრულების შემდეგ, დაინტერესების შემთხვევაში, დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას”, – აცხადებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 

მათივე ინფორმაციით, კლინიკიდან წასვლის შესახებ განცხადება თანამშრომელთა არა 80 %-ს, არამედ ბევრად ნაკლებს აქვს დაწერილი. “კლინიკაში 170-მდე პირი მუშაობს და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებაზე მხოლოდ 45 ადამიანს აქვს ხელი მოწერილი”, – აცხადებენ კომპანიაში.

 

კლინიკა “ახალი სიცოცხლის” მედპერსონალსა და მენეჯმენტს შორის არსებულ კონფლიქტს გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა. 

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ დამატებითი კომენტარი ამ საკითხზე აღარ გაკეთდება. 

 

“ეს არის კერძო დაწესებულება და ეს არის დამქირევებელსა და დაქირავებულს შორის, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების საგანი. ეს არის ფორმალური მხარე. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის სამედიცინო აქტივობა, ნებისმიერი ურთიერთობა პაციენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მე ნამდვილად ვერ ვიქნები ბედნიერი, როდესაც ასეთი კლასის დაწესებულებაში თანამშრომელთა პრაქტიკულად 100% აცხადებს, რომ უნდა წავიდეს სხვაგან. მე რამდენადაც ვიცი, ისინი უაღრესად კვალიფიციური ხალხია და არ გაუჭირდებათ სამუშაოს მოძებნა, მაგრამ მე ალბათ კითხვები გამიჩნდა, ლეგიტიმური კითხვები გამიჩნდა ზოგადად ამ ქსელური დაწესებულებების მმართველ კომპანიასთან” – განაცხადა დავით სერგეენკომ. 

 

ზაზა სინაურიძის განცხადებით, კლინიკის მედპერსონალის წერილი “ახალი სიცოცხლის” მენეჯმენტთან კონფლიქტის მიზეზებზე სამინისტროში უკვე შესულია. მედპერსონალი სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი