საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 8.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 9.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
2018 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.8 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.4%-ით არის გაზრდილი. მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი 7.2 მილიონი შეადგინა.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 4.8 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 16.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 66.7% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების (ვინც ღამეს არ ათევენ საქართველოს ტერიტორიაზე) წილმა 27.4% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.9%- როგორც ტურისტი, ასევე, ექსკურსანტი.
2018 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1 204 300 ვიზიტორი დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.9%-ს შეადგენს (25.9%-იანი ზრდა 2017 წელთან შედარებით).
ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (19.8%) აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 46.3% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 39.7 პროცენტს შეადგენდა.
ვიზიტის ტიპის მიხედვით, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- დასვენება, გართობა და რეკრეაცია – 42.7%
- ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად – 20.3%
- მეგობრების/ნათესავების მონახულება – 16.5%
- პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა – 8,7%
- შოპინგი, საქონლის შეძენა პირადი მოხმარებისთვის – 6,9%
- მკურნალობა, გაჯანსაღება – 2,7%
- სხვა – 2,2%
ამასთან, ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში განხორციელდა.
2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.2 ღამე შეადგინა, რაც 2017 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.3 ღამე) 2%-ით ნაკლებია.
განხორციელებული ვიზიტების 72.9% განმეორებითი ხასიათს ატარებდა.
საქსტატის ცნობით, გამოკითხვის შედეგად მათ დაადგინეს, რომ ვიზიტორების უმრავლესობა (54%) აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტით ძალიან კმაყოფილია,. 34% კმაყოფილია, 9% არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო, ხოლო 2% უკმაყოფილოა.
2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 7.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 37.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი, წინა წელთან შედარებით, 21.8%-ით გაიზარდა და 1 082 ლარი შეადგინა.