ნეტგაზეთი | არჩევნები აფხაზეთში ფავორიტის გარეშე არჩევნები აფხაზეთში ფავორიტის გარეშე – Netgazeti
RU | GE  

არჩევნები აფხაზეთში ფავორიტის გარეშე

პროგნოზების კეთება უმადური საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა აფხაზურ არჩევნებზეა საუბარი. მას შემდეგ, როცა 10 წლის წინ ხელისუფლებლებაში ბაღაფშ-ანქვაბის ჯგუფი მოვიდა მოულოდნელად, ერთადერთი არჩევნები, რომლის შედეგებიც წინასწარ იყო უკვე გასაგები, გახლდათ ის, როდესაც სერგეი ბაღაფში მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. ამჟამინდელ მარათონში, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის რიგით მეოთხე პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, ასეთი აშკარა ფავორიტი გამოვლენილი არ არის.

Who is Mr. ბჟანია?

 

ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის მთელი ძალები და შესაძლებლობები ერთი კანდიდატის – სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მეთაურის, ასლან ბჟანიას წარმოსაჩენადაა გადასროლილი. ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს გამიზნულად კეთდება: ბჟანიას საარჩევნო შტაბს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია ხელმძღვანელობს, ხოლო მისი წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო მიმართულებას – კრისტიან ბჟანია, სამთავრობო საინფორმაციო სამმართველოს ყოფილი უფროსი. შეუძლებელი იქნებოდა ამაზე უკეთესი ფორმის მოძებნა ანქვაბის კანდიდატის ამოსაცნობად, რომ ეგრევე გეთქვა – ის არის, ის არის!

 

არანკლებ მიზანმიმართულად ჩანს ასლან ბჟანიას პოზიციები მთელ რიგ საკითხებში, რაზეც მან უკვე გაამახვილა ყურადღება საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის დროს. ასე მაგალითად, ანქვაბის გადაყენებას მაისში ის სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებს, ე.ი. ფაქტობრივად ოპოზიციას ბრალს სდებს სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. სხვა საკითხებშიც ბჟანია არაფრით უხვევს ალექსანდრ ანქვაბის პარტიის ძირითადი ხაზიდან.

 

ამასთან, რესპუბლიკის ყოფილ მეთაურზე სრულად დამოკიდებული და აფხაზური საზოგადოებისთვის ყველაზე უცნობი პრეტენდენტი ოპოზიციის კანდიდატის – რაულ ხაჯიმბას მთავარ კონკურენტად მიიჩნევა პრეზიდენტის სავარძლის დაკავებისთვის ბრძოლაში. სწორედ ბჟანიას პერსონაზეა მიმართული დღეს ოპოზიციონერების ყურადღება და სწორედ მის წინააღმდეგ გამოდიან საზოგადოებისა და ვეტერანების წარმომადგენლები; ისინი პუნქტობრივად განიხილავენ მის მონაწილეობა-არმონაწილეობას ქართულ-აფხაზურ ომში და ითვლიან იმ წლებსა და თვეებს, რაც მან აფხაზეთში გაატარა (იმისათვის, რომ დაადგინონ, აკმაყოფილებს თუ არა ქვეყანაში ცხოვრების კუთხით კანონით დაწესებულ ცენზს).

 

ცხადია, ასლან ბჟანიას პრეტენზიებს მის საქმიანობასთან დაკავშირებითაც უყენებენ. მაგალითად, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განცხადების საპასუხოდ, მისი მისამართით საკმაოდ დასაბუთებული შეკითხვა გაისმა: როგორ მოხდა ისე, რომ თქვენ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა, არ უზრუნველყავით პრეზიდენტის დაცვა, რომელიც იძულებული გახდა რამდენიმე ხნის განმავლობაში დამალულიყო რუსეთი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე?

 

ქიშმარია ოპოზიციაში?

 

თავდაცვის მინისტრ მერაბ ქიშმარიას იმთავითვე უწოდეს პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილი პრეზიდენტის გუნდიდან. მართლაც, მებრძოლი გენერალი ქიშმარია მრავალი წლის განმავლობაში იყო ალექსანდრ ანქვაბის მომხრე და თანამებრძოლი. ამიტომ საინტერესო იყო იმაზე დაკვირვება, თუ როგორ ერთხმად უჭერდა მხარს პარტია “ამცახარის” (წარსულში ვეტერანული მოძრაობის) ყრილობა ასლან ბჟანიას და არა ამ მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ქართულ-აფახური ომის დროს დასავლური ფრონტის ხელმძღვანელს.

 

არანაკლებ უცნაური იყო ის ეპიზოდიც, რაც ამ კვირაში მოხდა: მერაბ ქიშმარია აფხაზური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გამოსვლის დროს აშკარად დაესხა თავს ასლან ბჟანიას, როცა მისი შტაბი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა. ქიშმარიამ თქვა: “თუკი ასე დაჟინებით ითხოვენ, მე შემიძლია დავასახელო ოჩამჩირის მიმართულებით გვარები. ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ინვალიდების ორგანიზაციას – ნუგზარ ჯინჯოლია სოფელ მერკულადან დაკავებულია მოსყიდვით. პირდაპირ ვასახელებ გვარს და ვისი მომხრეა ის, ძალიან კარგად ვიცით… როცა ამბობენ, რომ ხელისუფლება ჩაიგდო საკოორდინაციო საბჭომ, რაღაც მე ვერ ვხედავ, რომ მათ ჩაიგდეს ხელისუფლება. ის ძველი გუნდი დღესაც მოქმედებს და ვინ ხელმძღვანელობს მათ, ესეც მშვენივრად ვიცით; საიდან მოდის ეს ფული, რა მიზნით”.

 

ამ განცხადების შემდეგ აშკარად ეჭვგარეშეა, რომ მერაბ ქიშმარია ალექსანდრ ანქვაბისგან გამიჯვნას ცდილობს.

 

შეთქმულების თეორია

 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ ცდილობს სახელისუფლებო პარტიის ერთი კანდიდატი აჩვენოს მისი დამოუკიდებლობა. აქ დამკვირვებლების მოსაზრებები იყოფა. ერთი ჩემი აფხაზი კოლეგა, “ნუჟნაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი იზიდა ჭანია მიიჩნევს, რომ მერაბ ქიშმარიას როლი ამ არჩევნებში მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ხმები წაართვას რაულ ხაჯიმბას და არჩევნების ერთ ტურში დამთავრების საშუალება არ მისცეს. მისი აზრით, რაც ძალიან გავრცელებულია აფხაზეთში, ხაჯიმბას მთავარი მოწინააღმდეგე ასლან ბჟანია იქნება და არავინ სხვა. ამდენად, არ ღირს სიტუაციის გართულება.

 

თუმცა მე ჩემს აზრზე ვრჩები, რომ ჩვენ მაკიაველის მიმდევრის – ალექსანდრ ანქვაბის გაცილებით უფრო რთულ თამაშს ვადევნებთ თვალს. ასლან ბჟანიას კანდიდატურა კრიტიკისთვის ძალიან მოწყვლადია. ის სინამდვილეში ნაკლებად ცნობილია აფხაზური აუდიტორიისთვის, ეს კი დიდი მინუსია, განსაკუთრებით როცა საუბარია ომში მონაწილეობაზე. ომის დროს ბჟანია თითქოს რაღაც საიდუმლო დავალებას ასრულებდა რუსეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო უშიშროების სამსახურისგან, რაზეც რატომღაც არაფერი იციან სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ვეტერანებმა. სამსახურის ყოფილი 13 თანამშრომელი შესაბამისი განცხადებით გამოვიდა, რამაც საკმაო ხმაური გამოიწვია.

 

ამ ფონზე მერაბ ქიშმარია სინამდვილეში “კეთილ პოლიციელად” გამოიყურება. გენერალს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე რეპუტაცია აქვს აფხაზეთში, თუმცა კომპრომატების ომში, რომელიც ახლა იწყება, ყველაზე მოგებული შეიძლება დარჩეს, რადგან მთავარ ორთაბრძოლაში მონაწილე ხაჯიმბასა და ბჟანიასგან შედარებით განზე დგას.

 

აფხაზეთში არც ისე ცოტა ადამიანი ხედავს, რომ მათ პირად კეთილდღეობას საფრთხე შეიძლება დაემუქროს, თუკი ხელისუფლებაში ხაჯიმბა მოვა. ამასთან, არც “კოჭლ ცხენზე” სურთ ფსონის დადება, ანუ თანამდებობიდან გადაყენებული ალექსანდრ ანქვაბისგან აშკარად ხელდასმულ კანდიდატზე. აი, ამ აუდიტორიისთვის (დღეს მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, თუ რამდენად დიდია ეს აუდიტორია) არის წამოყენებული მებრძოლი გენერლის, ქიშმარიას კანდიდატურა, რომელიც ჯერ “თეთრ სამოსელშია”, მაშინ, როცა ოპოზიციის მთელი ძალა ასლან ბჟანიას დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

 

ძიაპშპა სიურპრიზების გარეშე

 

ყოფილ შს მინისტრ ლეონიდ ძიაპშპასგან, ოპოზიციის კიდევ ერთი კანდიდატისგან არავითარ სიურპრიზს არ უნდა ველოდოთ. ის ასევე რჩება ძირითადი ბრძოლისგან განზე, თუმცა, მერაბ ქიშმარიასგან განსხვავებით, არავითარი მკვეთრი გამოსვლებისა და განცხადებების გაკეთების უფლებას არ აძლევს თავს. ანალიტიკოსები აგრძელებენ მკითხაობას, რატომ დაჭირდა მას საერთოდ თავისი კანდიდატურის წამოყენება? იყო თუ არა ეს რაულ ხაჯიმბას გუნდთან კოორდინირებულად გაკეთებული? უფრო, ალბათ, ასეც იყო, თუმცა ჯერ ამ კომბინაციის ღრმა აზრი დაფარული რჩება.

მეხუთე კანდიდატმა – ყოფილმა ვიცეპრემიერმა ბესლან ეშბამ – როგორც მე წინა სტატიაში აღვნიშნე, ვერ გაიარა გასაუბრება ლინგვისტურ კომისიასთან, რომელიც აფხაზური ენის ცოდნას ამოწმებს. თუმცა გადაწყვიტეს, რომ ამ ამბავზე სკანდალის ატეხვა არ ღირდა, ეშბა მშვიდობიანად გადგა განზე და გამოეთიშა საარჩევნო კამპანიას.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დემის პოლანდოვი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი