ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა თავის საკვირაო ქადაგებაში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, მედიაში, სოციალურ ქსელებში და ზოგადად, ინტენსიურად არის საუბარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რაც სწორია.
“ჩვენ, ერთი მხრივ, ისიც მოვისმინეთ, რომ ჩვენ სხვა საკითხებიც გვაქვს უკრაინის გარდა და სხვა რამეზეც უნდა ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას აბსოლუტურად ვიზირებთ, მაგრამ უკრაინის თემა, როგორც სულიერად, ისე პოლიტიკური კუთხით, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ვფიქრობთ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სწორედ რომ უნდა ვისაუბროთ ამაზე, კარგად ჩამოვყალიბდეთ, რადგან ამაზე ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე”, – თქვა მეუფე გრიგოლმა.
ამიტომ, მისი თქმით, ამ თემის გამო ურთიერთდაპირისპირება, დევნა-შევიწროება, შეურაცხყოფა, ლანძღვა და ჩხუბი კი არ არის საჭირო, არამედ სერიოზული დისკუსია და ფიქრი.
“შეცდომის უფლება არ გვაქვს, რათა არ აღმოვჩნდეთ გარიყული იმ სამართლებრივი სივრციდან, რომელიც ჩამოყალიბდა პირველივე საუკუნეებიდან და შემდგომ პერიოდებში, და რომელიც ერთობლიობაში შეადგენს შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრებისა და ადგილობრივი კრებების მიერ მიღებულ კანონთა კრებულს და მას ჰქვია სჯულის კანონი. ვფიქრობთ, აუცილებლად მივალთ იმ მიჯნამდე, როდესაც დადგება გადაწყვეტილების მიღების დრო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში თითოეული თქვენგანი აცნობიერებდეს მოცემული საკითხის სულიერ და კანონიკურ ასპექტებს. ეს არ არის იმ ტიპის ინტიმური (პირადული ხასიათის), სულიერი საკითხი, რომელზედაც იტყვი – „როგორც მამაო გვეტყვის, ისე იქნება”, – თქვა მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას.
მისი თქმით, საქართველოს სამღვდელოება მარტო რომ ყოფილიყო და ერის ხალხი მის გვერდით არ მდგარიყო 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენა წარმოუდგენელი იქნებოდა.
“ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს რომ საქართველოს სულიერი ცხოვრების განმგებელი იყოს სხვა ქვეყნის ეკლესია, როგორი იქნებოდა ჩვენი რეალობა?!”, – აღნიშნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარების მთავარი ვექტორი და მიმართულება უნდა განვსაზღვროთ ისე, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს დაცული.
“ასეთივე ეროვნული ინტერესები აქვს ნებისმიერ ქვეყანას და ჩვენ ვერ წავართმევთ ვერავის ამ უფლებას. მეტი სიფხიზლე, სოლიდარობა, მეტი მხარდაჭერა და თანადგომა გვმართებს (უკრაინის მიმართ), მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს წმიდად სულიერ მიდგომებს და არავითარ შემთხვევაში კონიუნქტურას. გჯეროდეთ, წმიდა სინოდის წევრები ვიხელმძღვანელებთ იმ პრინციპებით, რასაც ეფუძნება ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია”, – აღნიშნა მან ფოთის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.