ახალი ამბები

კორძაია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დაცვამ ჟურნალისტების თავისუფლება შეზღუდა

1 აგვისტო, 2014 • • 898
კორძაია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დაცვამ ჟურნალისტების თავისუფლება შეზღუდა

თამარ კორძაიას თქმით, უსაფრთხოების სამსახური წინა ხელისუფელბის დროს სწორედ ასე ზღუდავდა მედიის თავისუფლებას:

 

“უსაფრთხოების სამსახურს ვეტყოდი, რომ მედია საფრთხეს არ წარმოადგენს. უსაფრთხოების სამსახურის მიერ წინა ხელისუფლების პირობებში სწორედ ასეთი საქციელით იზღუდებოდა მედიის თავისუფლება. პრეზიდენტის დაცვის სამსახური სწორედ იმას ამბობდა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჟურნალისტების თავისუფალი გადაადგილება უნდა შეზღუდულიყო, არ უშვებდნენ შეხვედრებზე და ა.შ. ახალმა ხელისუფელბამ ეს პრაქტიკა გარვეულწილად შეცვალა, მაგრამ მსგავსი ტენდეციები თუ გამოიკვეთა, ამას მკაცრი რეაგირება უდნა მოჰყვეს. “

 

მისივე მოსაზრებით, უსაფრთხოების სამსახურის ქმედება პროპორციული შეზღუდვა არ არის:

 

“უსაფრთხოების სამსახური იმისთვის არსებობს, რომ მან უსაფრთხოება უზრუნველყოს ისეთი ფორმით, რომ ყველა ადამიანმა გააკეთოს თავისი საქმე ისე, რომ არ შეეზღუდოს საქმიანობის შესაძლებლობა. თუ მედიას ეს ეზღუდება უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის პროპორციული შეზღუდვა და ამაზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს მთავრობამ და პრემიერ–მინისტრმა.”

 

გუშინდელ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრებთან ერთად ესწრებოდა. 

 

მას შემდეგ, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ნიკა ანთიძემ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, “შეგვიძლია უფრო უშუალო გარემოში გადავინაცვლოთ გამოფენაზე”, სტუმრებმა საკონფერენციო დარბაზი დატოვეს, მათ შორის პრემიერ-მინისტრმაც.

 

მას შემდეგ, რაც სტუმრებმა დარბაზი დატოვეს ოთახში ჟურნალისტები დარჩნენ, რომლებსაც ჰოლში, სადაც გამოფენა და ფურშეტი იყო მოწყობლი, არ უშვებდნენ.

 

საკონფერენციო დარბაზის კარი დაცვის წევრმა ჩაკეტა, რომელიც კონფერენციის მიმდინარეობისას სტუმრების ნაკადს აკონტროლებდა, ხოლო მიზეზს არ ასახელებდა. ჟურნალისტებს საკონფერენციო დარბაზის დატოვების შესაძლებლობა 10 წუთის შემდეგ მიეცათ, როცა სასტუმრო პრემიერ-მინისტრმა დატოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი