ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩქიმ ლავრენტიდან” “ჩქიმ ნანამდე” – დავით ჯიშკარიანი

8 თებერვალი, 2019 • 4857
“ჩქიმ ლავრენტიდან” “ჩქიმ ნანამდე” – დავით ჯიშკარიანი

დავით ჯიშკარიანი


საბჭოეთში ბელადებს ხშირად უმღეროდნენ. ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც ლავრენტი ბერია იყო, რომელსაც ლექსებსა და სიმღერებს უხვად უძღვნიდნენ. ერთ-ერთი იყო მეგრულ ენაზე ნამღერი, რომლის შინაარსიც ასეთია: იხაროს ჩვენმა კაცმა, ბერიამ, რომელიც ახლა მოსკოვშია (ჩქიმ ლავრენტი ბერია, ეიშახ ქართის მილახედ დო ასე მოსკოვს რენია ჩქინი გური გაახარი, სიხოლ ხოლო გეეხარი, ჩქინი კოჩი რექია დაააააა ოდელია დელია).

ლავრენტი ბერიამ თვისებრივად შეცვალა თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობები. ამისათვის უხეშ, რეპრესიულ პოლიტიკას სრულებით არ ერიდებოდა. 1937 წელს აფხაზური დამწერლობაც ქართულით შეცვალეს. ლაკობას კლანი ბერიას თანამოაზრეებმა ჩაანაცვლეს. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თბილისის, როგორც პოლიტიკური ცენტრის ხედვები ბევრად უფრო რადიკალური იყო და მეორე მსოფლიო ომის ბოლოსთვის დღის წესრიგში აფხაზური სკოლების საკითხიც დადგა.

1945 წლის 13 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტმა განიხილა საკითხი „სასწავლო-აღმზრდელობითი სამუშაოების გაუმჯობესება აფხაზეთის ასსრ-ის სკოლებში“ და მიიღო დადგენილება, აფხაზურ სკოლებში სწავლება ქართულ ენაზე შემოეღოთ.

ამ პერიოდში თბილისს სოხუმის ადგილობრივ ხელისუფლებასთან სრული ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, სკოლის რეფორმას უშიშროების სამსახური ყურადღებით აკვირდებოდა.

1945 წლის ნოემბერში სახელმწიფო უშიშროების ორგანოები კანდიდ ჩარკვიანს აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ატყობინებდა. მოსახლეობაში საპროტესტო განწყობა იყო. სკოლის რეფორმის წინააღმდეგ პროტესტმა ნაციონალური შეურაცხყოფის სახე მიიღო.

მუსურატ სეიტის ძე ავიძბა ნაცნობთა წრეში ამბობდა: „ქართველებს უნდათ, რომ ჩვენი ნაცია არ არსებობდეს და იყოს საქართველო. ჩვენს ენას არ გვასწავლიან და სხვისი ენა ჩვენ არ გვჭირდება”. მან ქართულ ენაზე სწავლების შემოღება იმით გააპროტესტა, რომ შვილს არ უშვებდა სკოლაში.

გულრიფშის სკოლის დირექტორი ვერა ტარბა ქართულ ენაზე სწავლების პროტესტის გამო კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მიეღო ქართველი პედაგოგები, მიუხედავად მათი უმაღლესი განათლებასა, მაშინ როდესაც აფხაზ პედაგოგებს საშუალო ტექნიკური განათლება ჰქონდათ.

აფხაზ პედაგოგებში შიში გაჩნდა, რომ დაკარგავდნენ სამსახურს. ისინი წინააღმდეგნი იყვნენ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი კადრების მეშვეობით მასწავლებელთა კონტიგენტი გაზრდილიყო.

პროტესტი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობოდა აფხაზებით კომპაქტურად დასახლებულ გუდაუთის რაიონში. სკოლის რეფორმასთან ერთად აფხაზები აპროტესტებდნენ აფხაზი ერის პრივილეგიების დაკარგვას. ასევე, იმ ფაქტს, რომ აფხაზეთში ყველა თანამდებობა დაკავებული იყო ქართველების მიერ.

გამოსავალს კი ხედავენ კოლექტიურ წერილში, რომელსაც ყველა აფხაზი დაწერდა და გაგზავნიდა ცენტრში, რომ ქართველები ავიწროებენ აფხაზებს. მოსახლეობაში გაიზარდა განცდა, რომ ცენტრი დაეხმარებოდა აფხაზებს.

ლიხნის სკოლის დირექტორი გრიგოლი ზვანბაია ამბობდა, რომ „თავის დროზე, ადრე თუ გვიან, ვინმე ცენტრიდან – მოსკოვიდან, შენიშნავს და ჩაუკაკუნებს ქართველებს“.

მოსახლეობაში არსებული პროტესტი დემონსტრაციებში არ გადაზრდილა.  ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც აფხაზეთის ცკ-ა  დუმდა და ამ პროტესტისგან გამიჯნული ჩანდა. ის მხარს უჭერდა სკოლებში სწავლების ქართულ ენაზე შემოღებას.

აფხაზური საზოგადოება და ცენტრალურ აპარატში მომუშავე ადამიანები ერთნაირად არ რეაგირებდნენ აღნიშნულ პოლიტიკაზე. უფრო მეტიც, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, მიხეილ დელბამ ღია წერილით მხარი დაუჭირა აფხაზური სკოლების გაქართულებას. ის ამ აქტს მიიჩნევდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად აფხაზეთის განვითარებისათვის, რომელიც იყო „საბჭოთა საქართველოს ორგანული ნაწილი.” ის ასევე თვლიდა, რომ აფხაზურ სკოლებში არსებული განათლების სისტემა ხელს უშლიდა „აფხაზი ხალხის კულტურულ განვითარებას“.

მიხეილ დელბასა და აფხაზური ინტელიგენციის დიდი ნაწილის ინერტულობამ შექმნა გარკვეული მოლოდინი, რომ სკოლის რეორგანიზაციას პრობლემების გარეშე უნდა ჩაევლო. საქართველოს ცკ-ის არქივის დოკუმენტები ერთგვარად დუმს ამის შესახებ. პრესაშიც სიწყნარე იყო. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავდა, რომ აფხაზური საზოგადოებისათვის ეს ცვლილებები მისაღები იყო.

აფხაზური ნაციონალური მეხსიერებისათვის დღესაც ძალიან მტკივნეულია ისტორიის ეს ფურცელი, რომელიც შემდგომში სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი საფუძველი გახდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ისტორიას განმეორება ძალიან უყვარს. ოღონდ ამჟამად ისტორია საპირისპირო მხარეს განმეორდა. 1992-1993 წლების საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ აფხაზეთი მასობრივად დატოვა ეთნიკურად ქართველმა მოსახლეობამ. მრავალი მცდელობის და დევნის მიუხედავად, გალის რაიონის მოსახლეობა ნელ-ნელა საკუთარ სახლებს დაუბრუნდა და ცხოვრება დამწვარი სახლების კედლების გასუფთავებით დაიწყო. ფუნქციონირება დაიწყო სკოლებმაც.

აფხაზური ადმინისტრაცია გალის რაიონში ყველანაირად ცდილობდა, სკოლებში ქართული ენის სწავლება შეეზღუდა. ეს პროცესი 1995 წელს დაიწყო. 2008 წელს აფხაზეთში ჩატარდა ადმინისტრაციული რეფორმა, რის შედეგადაც გალის რაიონი ზედა და ქვედა ზონებად დაყვეს.
სკოლების სწავლებაზე სრული კონტროლი პირველად ზედა ზონაზე დამყარდა და ცხრავე სკოლა სწავლების რუსულ ენაზე გადავიდა. ქართული ენა და ლიტერატურა კი არასავალდებულო, რიგითი საგნის სტატუსით დარჩა. მას კვირაში 1 საათი დაეთმო. იგივე ბედი გაიზიარა ქალაქ გალის სკოლებმაც.

2014-15 სასწავლო წლებში კი „საქმე ბოლომდე“  მიიყვანეს და რეფორმა გალის ქვედა ზონასაც შეეხო: დაწყებით კლასებში ქართული ენა-ლიტერატურის სწავლება კვირაში ოთხ საათამდე შემცირდა. ქართულისთვის წართმეული საათები კი რუსულ ენას დაემატა.

აგრესიულად იცვლება გალის რაიონის სოფლების ტოპონიმიკაც. ქართულ დასახელებას აფხაზურით ცვლიან. იქ, სადაც დასახლებული პუნქტი ახალია და ხანგრძლივი ისტორია არ გააჩნია, ტოპონიმი უბრალოდ ითარგმნება.

2018 წელს,  1992-1993 წლების ომში გამარჯვების აღსანიშნავად, გალის სკოლებში სპექტაკლი დადგეს, სადაც აფხაზი მებრძოლი ეთნიკურ ქართველს კლავს. სპეკტაკლში მთავარ როლს ეთნიკურად ქართველი მოზარდები ასრულებდნენ. ოფიციალური პოლიტიკა ცდილობს გალის რაიონში მცხოვრები მეგრელები ცალკე ეთნიკურ ჯგუფად წარმოაჩნოს. მათ არ აძლევენ პასპორტებს და არ აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი აფხაზეთისთვის საფრთხის შემცველ ადამიანებად მიიჩნევიან.

დაახლოებით 80 წლის მერე აფხაზეთის მთავრობა ატარებს იმ ნაციონალურ პოლიტიკას, რომელიც 1937 წლიდან ტარდებოდა სსრკ-ში. ლავრენტი ბერიას და მისი თანამოაზრეების პოლიტიკამ თავის დროზე აფხაზეთში სრული მარცხი განიცადა. ეთნიკური აფხაზები თბილისს არათუ დაემორჩილნენ, პირიქით, ძალიან დასცილდნენ და სრულიად სხვა იდენტობა ჩამოუყალიბდათ.

იგივე ელის აფხაზურ პოლიტიკასაც. ერთი მხრივ, „ჩქიმ ლავრენტის” კონცეფციის კრიტიკა, მეორე მხრივ კი, მსგავსი  პოლიტიკის გატარება, ახალი დედაენის წიგნის „ჩქიმი ნანას“ გამოშვება კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ქართულ ნაციონალურ იდენტობას გალის რაიონში და უფრო მეტად აახლოებს მას თბილისთან, რომელიც 80 წლის მერეც ბოლომდე ვერ ხვდება, რასთან აქვს საქმე გალის რაიონში.

აფხაზეთი, ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი