ახალი ამბები

გული მწყდება, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტისადმი ამდენი სამდურავია – ბესელია

8 თებერვალი, 2019 •
გული მწყდება, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტისადმი ამდენი სამდურავია – ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი სცილდება მის უმთავრეს პოზიციას – იყოს ყველასთვის პლაცდარმი .

“ეს კომიტეტი ჩემთვის არის ყველაზე  ემოციური და ახლო კომიტეტი. ჩემი შინაგანი მდგომაროება სულ ადამიანის უფლებების სივრცეშია. ამ კომიტეტს ძალიან ბევრი ენერგია და  შრომა შევალიე, ბევრი რამ გავუკეთე, რომ ის ყოფილიყო ყველასთვის პლაცდარმი, სივრცე, სადაც ყველა ტიპის ადამიანს შეეძლო, პრობლემებზე ესაუბრა. გული მწყდება, რომ [კომიტეტი]  ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციას სცილდება”, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობისადმი კითხვის ნიშნები არავის არ უნდა ჰქონდეს.

“ეს ჩვენ მოვახერხეთ წინა პარლამენტში. გული მწყდება, რომ დღეს ამ კომიტეტის მიმართ ამდენი სამდურავია უფლებადამცველების მხრიდან”, – განაცხადა ბესელიამ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა წინა, მერვე მოწვევის პარლამენტში.

ეკა ბესელიას თქმით, ვინც ადამიანის უფლებათაკომიტეტს ხელმძღვანელობს, ზოგადად, ადამიანის უფლებების მიმართ მაღალი მგრძნობელობის უნდა იყოს, რაც ხელოვნურად ვერ მიიღწევა.

ეს განცხადება ბესელიამ დღეს, პარლამენტთან სოფო კილაძის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილი აქციის კომენტირებისას გააკეთა. აქციის ორგანიზატორები არიან “ქალთა მოძრაობა”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და “თანასწორობის მოძრაობა”. სოფო კილაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ “კოალიციაში თანასწორობისთვის” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ისინი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა თუ ცალკეული აქტივისტების მიმართ დაუსაბუთებელი თავდასხმები შეწყვიტოს.

კოალიციის ინფორმაციით, ბოლო მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა 4 თებერვალს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით “ბავშვის უფლებათა კოდექსის” კანონპროექტის განხილვის მიზნით გამართულ შეხვედრაზე, როცა შეხვედრის მიმდინარეობისას სოფიო კილაძემ ,,კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციის – ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელს, ანა აბაშიძეს მიმართა შემდეგი ფრაზებით:

“ჩემამდე მოვიდა შესაბამისი ხმები, რომ თქვენ პირდაპირ გქონდათ, თქვენ და ანა არგანაშვილს, დავალებული, რომ ამ ბავშვის კოდექსთან დაკავშირებით დესტრუქციული როლი გეთამაშათ, გამოსულიყავით მედიასაშუალებებში, გეყვირათ, რომ ქვეყანა იქცევა…”

 “კარგი იქნება, თუ პარლამენტარების პიროვნულ შეურაცხყოფებს ფეისბუქზე თავს დაანებებთ, თქვენ და ანა არგანაშვილი…”

“ანგაჟირებული, დავალებული ადამიანისგან არაფერს არ ვიღებ. თქვენ ხართ ანგაჟირებული ადამიანი და თქვენგან არაფერს არ ვიღებ და არც მოგისმენთ, რა”.

ამავე თემაზე:

სოფო კილაძის გადადგომის მოთხოვნით, 8 თებერვალს აქცია გაიმართება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი