8 თებერვალს პარლამენტთან სოფო კილაძის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება.
აქცია Facebook-ზე დაიგეგმა და მისი ორგანიზატორები “ქალთა მოძრაობა”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და “თანასწორობის მოძრაობა” არიან. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ “2019 წლის 4 თებერვალს კომიტეტის მიერ გამართულ საჯარო შეხვედრაზე სოფიო კილაძემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იგი სრულიად შეუფერებელია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციისთვის, რადგან ცრუ, საქმიანი რეპუტაციის, პიროვნული ღირსების შემლახავი მიმართვები და სიძულვილის ენა გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წევრების – ანა აბაშიძის და ანა არგანაშვილის მიმართ”.
“სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია ითხოვს სოფიო კილაძის გადადგომას. მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების ცალკეული ჯგუფების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. კრიტიკას ვერ უძლებს მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ინიციატივებთან დაკავშირებით და საჯარო დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია. მისი დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ. მთლიანობაში, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა და საჯარო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მისი პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.