ახალი ამბები

დეპუტატები იზიარებენ ომბუდსმენის შენიშვნებს სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ

30 ივლისი, 2014 • • 867
დეპუტატები იზიარებენ ომბუდსმენის შენიშვნებს სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის შენარჩუნების მიზნით, ადმინისტრაციას უხდება ხოლმე იმ პატიმრების სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, რომლებიც წესრიგს არღვევენ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში გადაყვანის საფუძვლები პატიმრებისთვის უცნობია. ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წერილში, როგორც წესი, შაბლონურად არის მითითებული, რომ გადაყვანა განხორციელდა დაწესებულების დირექტორის საიდუმლო წერილის საფუძველზე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეტაპირების შემთხვევაში პატიმარს უნდა ეცნობის გადაწყვეტილების საფუძვლებისა და მიზნების შესახებ. 

 

ამ მოსაზრებას არ იზიარებს სამინისტრო. მათი განმარტებით, გადაყვანას როგორც წესი, საფუძვლად უდევს ოპერატიული ინფორმაცია, ან საიდუმლო მიმართვა, რომლის შინაარსის პატიმრისთვის გაცნობა, მათი აზრით, დაუშვებელია. 

 

სამინისტროს მოსაზრებას კომიტეტი არ იზიარებს და მათ მოუწოდებს, პატიმრის გადაყვანის შემთხვევაში მოხდეს გადაყვანის საფუძვლისა და მიზეზების გაცნობა, რაზეც შესაბამისი აქტიც უნდა შედგეს. სამინისტრომ პატიმრებს ასევე უნდა განუმარტოს, რომ მათ აქვთ გადაყვანის შესახებ ბრძანების გასაჩივრების უფლება.

 

კომიტეტი სამინისტროს აგრეთვე მიმართავს რეკომენდაციით, რომ ყველა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოიყოს შეხვედრის ოთახი, სადაც სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს ნებისმიერ დროს ექნება საშუალება შეხვდეს პატიმარს ყოველგვარი მიყურადების და თვალთვალის გარეშე.

 

ასევე, კომიტეტი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფის წევრს უფლება უნდა ჰქონდეს, პატიმრობაში მყოფი პირის თანხმობით, სათანადო წესის დაცვით და ადმინისტრაციის მიერ სპეციალურად შერჩეულ ოთახში მოახდინოს დაზიანების კვალის ფოტოგადაღება.

 

კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს სამინისტროს, რომ სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები უზრუნველყოს იმგვარი საცხოვრებელი პირობებით, რომლებიც არ ლახავს მათ ღირსებას და უზრუნველყოფს მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

 

გარდა ამისა, კომიტეტი მოუწოდებს სამინისტროს არასრულწლოვანი პატიმრების სრულწლოვანი პატიმრებისგან სრული იზოლაციას.

 

კომიტეტი მნიშვნელოვნად მიიშენვს, “სტამბოლის ოქმის” შესაბამისად შემუშავდეს და დაინერგოს დაზიანებების აღრიცხვის ახალი ფორმა, რომელშიც შესაძლებელი გახდება სხეულის დაზიანებების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის შეტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი