ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციები შსს–ს

30 ივლისი, 2014 • • 1049
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციები შსს–ს

საპარლამენტო კომიტეტმა შს სამინისტროს მიმართ რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა. დადგენილების თანახმად, კომიტეტმა იმსჯელა საქართველოს მოქალაქეების მიერ ქვეყნის დატოვების უფლების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით:

 

“კომიტეტი იზიარებს სახალხო დამცველის მოსაზრებას და საქარველოს შს სამინისტროს მიმართავს რეკომენდაციით მოქალაქეების მიერ ქვეყნის დატოვების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად,” – აღნიშნულია დადგენილებაში.

 

გარდა ამისა, მესაკუთრის ხელყოფისგან დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებით, კომიტეტის აზრით, ომბუდსმენის მიერ შესწავლილ საქმეებში გამოიკვეთა პრობლემა, რომელიც უკავშირდება ისეთ შემთხვევებს, როცა უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიება სადავო ქონებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების წარმოების საფუძვლით წყდება. შესაბამისად, კომიტეტი სამინისტროს მოუწოდებს შევიდეს ცვლილებები “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747 ბრძანებაში და განისაზღვროს სიხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის საფუძვლით საკუთრების უფლებით სარგებლობის ხელშეშლის აღვეკთის ღონისძიებების შეჩერების გონივრული ვადა.

 

რაც შეეხება რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებს, დადგენილების თანახმად, კომიტეტმა მოისმინა შს სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია 2012–2013 წლებში სოფელ ნიგვზიანსა და სამთაწყაროში რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტთან დაკავშირებით. კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს სამინისტროს, რომ დაასრულოს გამოძიება აღნიშნულ პერიოდში მომხდარ მოვლენებზე.

 

შსს–ს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიების წარმოების უფლებამოსილების წესის საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს გენერალური ინსპექციის დებულების გაცნობას, რომელსაც საიდუმლო გრიფი ადევს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საიდუმლო არ შეიძლება იყოს დოკუმენტი, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება და დოკუმენტის სრულ განსაიდუმლოებას მოითხოვს. დადგენილების თანახმად, ამ რეკომენდაციას  სამინისტრო არ იზიარებს, რადგან მათი განმარტებით, დებულების საიდუმლო ნაწილი  შეიცავს მონაცემებს, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მისი გასაჯაროვება დაუშვებელია.


კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს სამინისტროს, რომ გაასაჯაროვოს გენერალური ინსპექციის დებულების ის ნაწილი, რომელიც არ შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, ხოლო რა ნაწილიც შეიცავს, გამოყოს ცალკე დოკუმენტად და მის მიმართ შეინარჩუნოს კონფიდენციალურობა.

 

კომიტეტი ასევე შს სამინისტროს მოუწოდებს გამოიძიოს სახალხო დამცველის რწმუნებულთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაზე ხელშეშლის ფაქტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი