განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის შეფასებით, პირველიდან მე-6 კლასამდე სკოლა ასრულებს თავის ფუნქციას, მაგრამ შემდეგ გამოცდებზე ორიენტირებული პროცესის გამო შედეგები უარესდება.
ბატიაშვილმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, რიგი გამოცდების გაუქმებაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
“ცვლილებები, რომლებიც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი, მიმართულია იმისკენ, რომ სკოლას მაქსიმალიურად დავუბრუნოთ თავისი როლი. თუმცა აქ არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტორები, რომლებიც არსებობს, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ამან და შეხება კორუფციას. ჩვენ უნდა გვქონდეს მექანიზმები, რომ სკოლა დავიცვათ, თუმცა ჩვენი თვითმიზანი არ არის და პრაქტიკაში ვერ ვნახავთ სისტემას, სადაც მხოლოდ კორუფციისგან დაცვით შეიძლება მივაღწიოთ განათლების ხარისხის ამაღლებას. დღევანდელი ვითარება რაც გვაქვს, ამას მე დავარქმევდი, რომ არის აბსოლუტური კორუფცია…ჩრდილოვან განათლებას რაც ჰქვია და სადაც მიედინება ასობით მილიონი ლარი… მე ვიტყოდი, რომ დღევანდელ სისტემაშიც გვაქვს ჩრდილოვანი განათლება, რომელიც ნაწილობრივ კორუფციის ელემენტებს შეიცავს. მთელი სასწავლო პროცესი ბოლო წლებში ჩრდილოვან განათლებაზე არის ორიენტირებული, რომელშიც მშობლები ხარჯავენ ასობით მილიონი ლარს”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.