გვრიტიშვილის წინააღმდეგ საია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ დისციპლინური გადაცდომების ჩადენის თაობაზე საჩივრით მიმართავს.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მოსამართლის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტირი გვრიტიშვილის ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებები შეიცავს სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევას და წარმოადგენს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საფუძველს.

საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეაგირებას სთხოვს:

“დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული საჯარო განცხადებები არაკორექტული, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელია, არ ემსახურება სამსჯელო საკითხზე საგნობრივი პასუხის გაცემის მიზანს, არ არის რაიმე ღირებულების მატარებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. აღნიშნულით, დიმიტრი გვრიტიშვილი არღვევს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 751-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს და სამოსამართლო ეთიკის წესების მე-19 მუხლს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საია მიიჩნევს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ სოციალურ ქსელში და მედიაში საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ხშირად არის პოლიტიკური შინაარსის, გამოხატავს ღია მხარდაჭერას მოქმედი პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ და ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ანგარიშების დისკრედიტაციას:

“აღნიშნულით დიმიტრი გვრიტიშვილი არღვევს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 751-ე მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტს და სამოსამართლო ეთიკის წესების 21-ე მუხლს.

დიმიტრი გვრიტიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის წელიწადზე მეტია არ განიხილავს დავებს და, შესაბამისად, არ ახორციელებს სამოსამართლო ფუნქციას. აღნიშნულით დიმიტრი გვრიტიშვილი არღვევს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 751-ე მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს, ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან მიმართებაში”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დიმიტრი გვრიტიშვილი ვალდებულია დაიცვას კანონის და სამოსამართლო ეთიკის ნორმების ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, მოქმედებს ის როგორც მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სასამართლოში საქმის განხილვისას თუ მის მიღმა, სასამართლოს ტერიტორიაზე თუ მის გარეთ, სამუშაო თუ არასამუშაო დროს.

ორგანიზაცია მოუწოდებს დამოუკიდებელ ინსპექტორს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კანონის შესაბამისად და კანონით დადგენილ ვადაში განიხილონ და შეაფასონ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის ქმედებები და მოახდინონ კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.