ახალი ამბები

საგანგებო თათბირის დეტალები 7 ნოემბრის მიტინგის დარბევაზე

29 ივლისი, 2014 • • 1367
საგანგებო თათბირის დეტალები 7 ნოემბრის მიტინგის დარბევაზე

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირს, რომელის შსს-ში გაიმართა და მომიტინგეთა დარბევის გადაწყვეტილება გახმაურდა, თვითონაც ესწრებოდა და საქმეში მისი ჩვენება დევს. მაღლაფერიძის თქმით, შეხვედრაში ასევე მონაწილებოდა დეპუტატი გოკა გაბაშვილი, რომელსაც მაშინ კულტურის მინისტრის პოსტი ეკავა. პროკურატურის მიერ გუშინ, 28 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში გაბაშვილი თათბირში მონაწილე პირებს შორის არ ფიგურირებს:


ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძე

“ამ შეხვედრას ესწრებოდა მაშინდელი ყველა გუბერნატორი, ასევე ვანო მერაბიშვილი, დათა ახალაია [კუდის ყოფილი უფროსი], თუმცა მას ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდა, რადგან მაშინ უკვე გადამდგარი იყო, ესწრებოდა დავით კეზერაშვილი, გოკა გაბაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ხოლო გიგი უგულავა გადიოდა და შემოდიოდა. ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იქ არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გადადგა, მე ვუთხარი ქალბატონ ნინოს და ის ცდილობდა… ყურადღება იქითკენ იყო მიმართული, რომ არჩევნები არ გაყალბდესო, ნინო იძახდა ესაა ჩვენი ამოცანაო. ამ პროცესს ნინო არ ესწრებოდა. ცხადია მას არ დაისწრებდნენ ამ შეხვედრაზე, რადგან ეს სულ სხვა გუნდი იყო”, – ამბობს მაღლაფერიძე.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგანგებო თათბირი მიხეილ სააკაშვილის დავალებით ჩატარდა, თუმცა მაღლაფერიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ექს-პრეზიდენტს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მისივე თქმით, შეხვედრაზე სააკაშვილის ხსენება საერთოდ არ ყოფილა:

“პროკურატურა ალბათ ვარაუდობს, რომ სააკაშვილის სურვილის და ნების გარეშე ეს შეხვედრა არ შედგებოდა, ალბათ ყველა ნორმალური ადამიანი ასე ფიქრობდა, თუმცა იგი არ ესწრებოდა. სააკაშვილის ხსენება არ ყოფილა, თუმცა ალბათ ყველა ვარაუდობდა, რომ მის გარეშე ეს არ მოხდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს რაღაც კომიკური სიტუაცია გამოვიდოდა, რომ პრეზიდენტის გარეშე იკრიბებებიან ადამიანები და გეგმავენ ასეთ რაღაცას.

 

… ადამიანები ვარაუდებით ცხოვრობენ. რასაკვირველია ეს ვარაუდია და ადმიანების გონიერება განისაზღვრება იმით, როგორ ვარაუდებს გამოთქვამენ. არიან ადამიანები, რომლებიც ივარაუდებენ, რომ სააკაშვილის გარეშე შედგა ეს თათბირი და მან ამის შესახებ არ იცოდა, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ეს სააკაშვილის თანხმობით მოხდა. ეს მათ გონიერებაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა მაღლაფერიძემ და დასძინა, რომ ის გადაწყვეტილება, რომელზეც პროკურატურის 28 ივლისის განცხადებაშია ნათქვამი 7 ნოემბერის აქციის დარბევის თაობაზე, თათბირის მონაწილეებს ვანო მერაბიშვილმა გააცნო. მაღლაფერიძე იხსენებს, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადებას თათბირზე არავითარი დისკუსია არ გამოუწვევია, არავის უცდია, მერაბიშვილთან შეპასუხება ან მისი გადარწმუნება, მათ შორის არც მაღლაფერიძეს:

“ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი და მე ვფიქრობდი, რომ მასთან დისკუსიას არავითარი აზრი არ ჰქონდა, ჩემს თვალწინ იჯდა ყველა ძალოვანი მინისტრი და ჩავთვალე, რომ ერთადერთი ვინც საქმის კურსში უნდა ჩამეყენებინა, იყო სახალხო დამცველი. მეორე დღესვე გადავეცი მე მას ჩემი წერილობითი ჩვენება, რომელმაც ის საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს გადასცა და მათ დახმარება სთხოვა რეაგირების თვალსაზრისით”.

 

მაღლაფერიძის თქმით, მისი დაახლოებით 5-გვერდიანი ჩვენება მაშინვე გადასცა სახლახო დამცველ სოზარ სუბარს, რომელმაც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ის თავის 2008 წლის ანგარიშში შეიტანა. სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშის მიხედვით, ზემოხსენებული საგანგებო თათბირი 2007 წლის 4 ნოემბერს, კვირა დღეს, 21:00 საათზე შედგა. დოკუმენტის თანახმად, ვანო მერაბიშვილმა დამსწრეებს ოპოზიციასთან და მიტინგის მონაწილეებთან ბრძოლის ტაქტიკა ასე გააცნო: “უნდა შეედგინათ მიტინგებში მონაწილეთა სიები და არცერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაულახავი. მისი თქმით, ეს საქმე უკვე დაწყებული ჰქონდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, მაგრამ საჭირო იყო ამ ფრონტის გაშლა და მასში მეტი ადამიანის ჩართვა. ცემა უნდა მომხდარიყო ძირითადად თირკმელებში და მუცელში, თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახეშიც შეიძლებოდა. მიტინგის ზოგიერთი მონაწილისთვის, განსაკუთრებით „მოშავო ტიპებებისთვის“, ნარკოტიკები უნდა ჩაედოთ, ოპოზიციის მხარდამჭერ ბიზნესმენებს კი დავით კეზერაშვილი მიხედავდა”.

 

“ეს არის ის ჩვენება, რომლის შესახებაც სახალხო დმაცველი წლების განმავლობაში საუბრობდა. ის ითხოვდა საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა სახალხო დმაცველი ცხადია, წყაროს არ ასახელებდა. ორი კვირის წინ ზუსტად ეს ჩვენება გადავეცი [პროკურატურას]. ეს მოხვდა სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშში, თუმცა ჯერ კიდევ 2007 წელს გააკეთა მან განცხადება და საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, თუმცა ამას მაშინ უმრავლესობა არ დაეთანხმა. მაშინ სოზარ სუბარი წყაროს არ ასახელებდა და ამბობდა, რომ წყაროს მხოლოდ მაშინ გაამხელდა, თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა. ამის შესახებ არამხოლოდ სახალხო დმაცველს, არამედ საერთაშორისო ძალიან მაღალი რანგის პერსონებსაც ვაცნობეთ, მათ შორის თომას ჰამერბერგს, პიტერ სემნებს და კიდევ რამდენიმე დიპლომატს. ეს დოკუმენტი მაშინ ითარგმნა და სახალხო დამცველმა ჩემი თანდასწრებით გადასცა ამ ადამიანებს”.

ნეტგაზეთის შეკითხვას, გარდა იმისა, რომ ანონიმური წყაროს სტატუსით სახალხო დამცველს მოუყვა ის ინფორმაცია, რაც მისთვის იყო ცნობილი 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით, რატომ არ გამოიყენა თავისი ცნობადობა და მედიის საშუალებით, რატომ არ გაასაჯაროვა ეს ყველაფერი, მაღლაფერიძემ ასე უპასუხა:

 

“მე სახლახო დამცველს გადავეცი იმიტომ, რომ ის იყო ერთადერთი სახელმწიფო პირი, რომელსაც შეეძლო, რომ ოფიციალური მსვლელობა მიეცა. ჩვენ გამოძიება გვინდოდა.  რომ საუბრობთ, რატომ არ გავასაჯაროე, პირიქით გავასაჯაროე და ამაზე საუბარია. მე ვაცნობე სახლახო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვითხოვდით საგამოძიებო კომისიის შექმნას. ასე რომ, მე მგონი ამას არ ჰქვია, რომ არ გავასაჯაროე, პირიქით, მე მგონი, გავასაჯაროე”, – ამბობს მაღლაფერიძე.

მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 28 ივლისს ბრალი წარუდგინა. სააკაშვილთან ერთად ბრალი წარედგინათ მერაბიშვილს, უგულავას, კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს. პროკურატურის ინფორმაციით “საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.


 

თათბირზე ივანე მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება –  ადამიანების დაშინების, ცემისა და დაპატიმრების შესახებ სისრულეში მოყვანილ იქნა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გაიცა ბრძანება აქციის დარბევის თაობაზე. 

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის გამზირზე და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მხრიდან განხორციელდა მომომიტინგეთა დარბევა, უკანონოდ გამოყენებული იქნა არალეტარული იარაღი (რეზინის ტყვიები), უმოწყალოდ სცემეს  ასეულობით მოქალაქე, მათ შორის სახალხო დამცველი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები. სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა შეშინებულ მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ მაღაზიებსა და აფთიაქებს. 2007 წლის 7 ნოემბერს, ქვეყნის მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით ტერიტორიაზე, უკანონოდ გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც ემსახურებოდა აღნიშნული ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, რომ არ მომხდარიყო მოქალაქეთა ხელახალი გამოსვლა და რაიმე სახის პროტესტის გამოხატვა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადების იმ ეპიზოდში, რომელიც 7 ნოემბერის აქციას ეხება.


მასალების გადაბეჭდვის წესი