იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ცალმხრივად აფასებს მმართველი პარტიის განცხადებას სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ჯანეზაშვილის თქმით, განცხადებაში პასუხი არაა გაცემული იმ კითხვებზე, რომლებიც ამ სისტემის ირგვლივ საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს. მათ შორის, რატომ დატოვა თანამდებობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, არაა საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც სასამართლო სისტემა დგას და დაცლილია დემოკრატიული პროცესებისგან:
“მოსამართლეთა ბოლო კონფერენცია საგანგაშო სიგნალი იყო, თუ რა ხდება სისტემაში შიგნით. კონფერენციაზე არანაირი განსხვავებული აზრი არ ყოფილა. თუ დემოკრატიაა, თუ შიგნით ყველაფერი კარგადაა, როგორ შეიძლება ყველა გამომსვლელი ერთსა და იმავეს საუბრობდეს… ეს ხომ შეუძლებელია?! როგორ შეიძლება, რომ მოსამართლეთა კორპუსში, სადაც ყველაზე დამოუკიდებელი და თვისუფალი ადამიანები უნდა იყვნენ, არ არსებობს დამოუკიდებელი აზრი.
საქმეთა გაჭიანურება, რომელიც არ იყო წლების წინ ასეთი პრობლემა, დღეს დგას იმიტომ, რომ ნებისმიერი კონკურსი ემსახურება კლანის ინტერესებს. ეს კონკურსიც ემსახურება იმას, რომ კლანის წევრი ერთი მოსამართლე გადავიდეს მეორე სასამართლოში, მეორე – მესამეში და ა.შ. ყოველწლიურად არის დაახლოებით 40 ღია ვაკანსია. რატომ არ უშვებენ კადრებს შიგნით?! სისტემა არის ჩაკეტილი. მხოლოდ ის ადამიანები ხდებიან მოსამართლეები, ვისგანაც არის გარანტია, რომ ხმას არ ამოიღებენ და იქნებიან კლანის წევრები” ,- ამბობს ჯანეზაშვილი.
ჯანეზაშვილის თქმით, განცხადებაში არაფერია საუბარი სასამართლოში კორუფციის რისკების შესახებ, რომლებზეც მოსახლეობის განწყობების კვლევებშია საუბარი და სტატისტიკაც ცალმხრივადაა მოყვანილი:
“არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ბოლო კვლევებში სუბარია კორუფციის რისკებზე. NDI-ს კვლევაშიცაა საუბარი ამაზე და სხვა არასამთავრობოების ანგარიშებშიც ნათქვამია, რომ სასამართლოში არსებობს სერიოზული რისკები კორუფციისა და ამაზე თვალს თუ დავხუჭავთ, კორუფცია ისეთი თემაა, ცუდ შედეგებს ახდენს საზოგადოების ცხოვრებაზე.
სასამართლოს მიმართ ნდობა, ამერიკის იურისტთა ასოციაციის მონაცემებით, იყო 26 პროცენტი. CRRC- ის კვლევით, სასამართლოს მიმართ ნდობა 2018 წელს იყო 27 პროცენტი – ფაქტობრივად, იგივე მდგომარეობაა”, – ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.
ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლეთა 75 პროცენტი ამ სისტემაში 2012 წლამდეც მუშაობდა და თუ იგივე ადამიანები სხვა ხელისუფლების პირობებში განსხვავებულ გადაწყვეტლებებს იღებენ, სისტემის არასტაბილურობაზე მეტყველებს:
“75 პროცენტი დაახლოებით იგივე მოსამართლეები არიან, ვინც 2012 წლამდეც ამ სისტემაში მუშაობდა. ამ ხალხს მაშინაც შეეძლო კარგი გადაწყვეტილებების მიღება და ახლაც შეუძლია, რისი სტატისტიკა გააუმჯობესეს ამ ადამიანებმა? ეს ფაქტი, რომ იგივე ხალხი ხელისუფლების შემდეგ იღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას, ნიშნავს, რომ სისტემა არასტაბილურია. ხვალ რომ ხელისუფლება შეიცვალოს და სისხლის სამართლის პოლიტიკა გახდეს ისევ მკაცრი, ეს მოსამართლეები ისევ ისეთები გახდებიან. ჩვენ ისინი უკვე გამოვცადეთ. ისინი დავალებების შმესრულებლები არიან.
გლობალურად, შეიძლება ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ მოსამართლეები ემორჩილებიან პოლიტიკურ ცხოვრებას. თუ პოლიტიკური რგოლი და ხელისუფლება შეცვლის სტრატეგიას, მოსამართლეებიც შეიცვლებიან. ეს ის ხალხია, რომელიც არასტაბილურ მართლმსაჯულებას გვთავაზობს. სტატისტიკას რომ შეხედოთ, 2012 წლის შემდეგ მასობრივად წამოვიდა გამამართლებელი განაჩენებიო, როგორ ფიქრობთ, რატომ? კანონმდებლობა ასე სწრაფად არ იყო შეცვლილი. მოსამართლეები პირდაპირ არიან მიბმული ხელისუფლების ცვლილებასთან და ეს არ არის ნორმალური”, – ამბობს ჯანეზაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თქმით, სასამართლო, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკაზეა მიბმული, დამოუკიდებელი ინსტიტუტი ვერ იქნება და მმართველი პარტიის მხრიდან თვითკრიტიკას ვერ ხედავს:
“როგორც ჩანს, ეს კრიტიკა საკმარისი არ აღმოჩნდა, თორემ ასეთ განცხადებას არ გაავრცელებდნენ და ვერ აცნობიერებენ, რომ სასამართლო ხელისუფლება ქვეყანაში ძალიან პრობლემური თემა გახდა. სასამართლო, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკაზეა მიბმული, ვერ იქნება დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ამიტომ მე ამ განცხადებაში თვითკრიტიკული შეფასება ვერ დავინახე. არც ის ჩანს, აღიარებს თუ არა მმართველი გუნდი სასამართლოში კლანის არსებობას”, – ამბობს ჯანეზაშვილი.
ოცნება: არ დავუშვებთ სასამართლოს უსამართლო და უკანონო დისკრედიტაციას